ამბის ვერმომტანი მრევლი – ნინო დოფიძის ბლოგიდან

წიგნის წაკითხვამდე ამბები ცალკე თავგადასავალია ხოლმე, როგორ გინდა, იყიდი ან გაჩუქებენ, მერე როგორ ითმენ ან მაშინვე იწყებ კითხვას და მოკლედ არაა უინტერესო მოსასმენი და მოსაყოლადაც ძვირფასია. კიდევ ერთხელ გეღვრება გულში სითბო და სიამე.

წვრილმანების ღმერთი, ქალბატონმა ანიკომ მაჩუქა. ვინატრე და ნამდვილი ფერიასავით ჯადოსნური გზებით მოაფრინა ჩემამდე. ადამიანი, ვისაც ეს მისია ☺ დაევალა, ტელეფონში წვრილმანების ღმერთად მოვნიშნე. ხო, ის მირეკავდა, ღმერთი, და როგორც მათ უხილავობას შეშვენის, მოხდა ისე, რომ ვერ შევხვდი, მხოლოდ წიგნი მივიღე. ☺

ე.წ. კულტურული შოკი პირველი თავის სათაურიდანვე მივიღე. დაიწყო და არ დამთავრდა. თითქოს გრძელ ცხელ მდინარეში შევცურე, ადგილ-ადგილ დაწმენდილ და ზოგან წებოვნებამდე დაბინძურებულ მდინარეში, ჭრელი თევზების, ხავსისა და ცის ნაგლეჯების სიმწვანე-სილურჯეში.

არასდროს წამეკითხა აქამდე ამდენი შედარება, ასეთი უხვი ხატოვანი, გამომსახველი სიტყვა და ფრაზა.

“ყვითელი ეკლესია მტკივანი ყელივით დასივდა სამგლოვიარო საგალობლებით.”

“ღამის წვიმა იმ მარტოხელა მედოლეს ჰგავდა, რომელიც დაუსრულებლად ვარჯიშობს რიტმულ დაკვრაში, თუმცა ორკესტრის დანარჩენი წევრები უკვე კარგა ხნის წასულები არიან შინ, და ალბათ, ძინავთ კიდეც.”

“პატარა გოგონები თამაშობდნენ. ღმერთო რა ცუნცულები იყვნენ! ერთი სანაპიროს ქვიშისფერი. მეორე ყავისფერი. ერთი საყვარელი. მეორე კი – უკვე ნაკლებად.

-მოდი,ერთი ცოცხალი დავტოვოთ, რომ მარტოობა იგრძნოს,-შესთავაზა რაჰელს სოფი-მოლმა. რაჰელმა მისი წინადადება არ გაითვალისწინა და ყველა ამოჟუჟა (ჭიანჭველების ამოჟუჟვაზეა საუბარი. ნ.დ. ) .”

არუნდატი როის თხრობის ჯადოსნური კარი ერთბაშად ფრიალდება და მისი სიუხვე, სიჭრელე და მსუყე ბგერები თვალს და გულს გიჩქარებს, სუნთქვას გიკრავს და ამ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ამბავს, ასევე ჩვეულებრივი და ძალიან ნაცნობი თემებით, საოცარ საკითხავ ულუფად უმზადებს მკითხველს.

ამუს, მთავარი პერსონაჟი ქალის და ტყუპის დედის, ისტორია ნამდვილად არაა ერთადერთი. მის მსგავსად, სხვა ბევრი ქალი დარჩენილა ოჯახისა და ქმრის, საკუთარი შვილებისა და საზოგადოების მიღმა, მაგრამ არავის ჰყოლია ასეთი მემატიანე და უმჯობესია წყაროს თვითონ გაეცნოთ. თავად უნდა ამოიკითხოთ მისი განსაკუთრებული იუმორი და სიტყვის ეგზოტიკური გემო.

“მისი საქორწინო, ჩამავალი მზისფერი აბრეშუმის სარი ოქროსფრად ლივლივებდა; ყველა თითზე ბეჭედი ჰქონდა წამოცმული….. რა აბსურდული იყო ეს ყველაფერი, რა სიგიჟე! ბუხარში შესაკეთებელი შეშის მოგლუვება-გაპრიალებას ჰგავდა.”

ეჰ, რაჰელ, ესტა და ამუ, როგორი ერთიანია და ასევე როგორი დაცალკევებული თქვენი პატარა და მერე დიდი ფეხების ბაკა-ბუკი, თქვენი დღეების მდინარება. როგორ იზრდება ამ დღეების ნაპირებზე ყველა ქვეყნისა და კულტურისთვის საერთო ამბები, უუფლებო ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ თავგადასავალი, არათანასწორობა, სიბოროტით სავსე ადამიანები, დაკარგული მომავალი და სიკეთეები. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მომავალი არც ისეთი დაკარგულია და რაჰელი ცდილობს თავისი ძლიერი, მტკიცე და კეთილი ბუნებით წარსულის დაბრუნებას მომავალში.

იმდენი პასაჟი მაქვს მონიშნულიც, ჩაკეცილიც და გულში ამოჭრილიც, ყველას ვერ მოვიტან, მაგრამ ერთსაც გიჩვენებთ, როგორც ერთ-ერთ მარგალიტს ინდური ზარდახშიდან.😊

“კადჰაკალის ტრადიციამ დიდი ხნის წინ აღმოაჩინა,რომ დიადი ისტორიების საიდუმლო სწორედ ის არის, რომ მათში არავითარი საიდუმლო არ იმალება. მათი მთელი ხიბლი ათასჯერ მოსმენილი ამბების ისევ და ისევ მოსმენის სურვილის აღძვრაშია.”

ჩემი მკითხველობის ტრადიციაც იზიარებს  ამ აღმოჩენას  და დიადი ისტორიების საიდუმლოს და მათ მომხიბლავად და დამატყვევებლად თხრობას კვლავაც წიგნებში ელოდება.  ☺

წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას და არაჩვეულებრივი თარგმანი, ქალბატონ თამარ ჯაფარიძეს ეკუთვნის.

ნინო დოფიძე © 2017

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!