როგორ იწერებოდა ,,ოთარაანთ ქვრივი’’
მურად მთვარელიძე
,,ლიტერატურული მოღვაწეობა ბუნებითად იმისთანა რამ არის,რომ დღედაღამ უკან დევნა უნდა,დღედაღამ მის სფეროში ტრიალი,დღედაღამ ფიქრსა და ტვინის მოძრაობაში უნდა იყოს მისი მიმდევარი კაცი’’- წერდა ილია ჭავჭავაძე.
და მართლაც,დღედაღამ ფიქრითა და რუდუნებით ებრძოდა ეს გოლიათი სიტყვას და ამ ბრძოლიდან თუმცა დაღლილი, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.
ილია ბევრს მუშაობდა, დღედაღამე გასწორებული ჰქონდა, მისი ყოველი სიტყვა ხომ დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგი იყო და ამ ფიქრსა და განსჯას ის დიდ დროს უთმობდა,რადგანაც თავადაც კარგად იცოდა, რომ სიტყვაში გაცხადებული აზრი მწერლისა ერისათვის გზის გამკვლევად იქცევა ხოლმე.
… და წერდა ილია არა მარტო მხატვრულ ნაწარმოებებს, არამედ მოწინავე წერილებსაც ,,ივერიისათვის’’, რომ ხალხისათვის თვალი აეხილა, სიმართლე დაენახვებინა, გონება გამოეფხიზლებინა. და რაკი ამისათვის მხოლოდ დღე არ კმაროდა იგი მზად იყო, ღამეებიც თეთრად გაეთია და დიდი საქმეები ეკეთებინა.
სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს : ,, 1886 წლიდან ილია უფრო დაახლოებით გავიცანი. 1886 წლის ზაფხულში ყოველდღე სწერდა ( ,, ივერიის’’ ) საკმაოდ ვრცელს მეთაურობს .
მასწავლებლობაში დაჩვეული ადრე ვდგებოდი და რედაქციაში რვა საათზე მივდიოდი. რედაქციის ოთახზე იყო მიკრული ილიას კაბინეტი და კარი გადიოდა . ერთ დილას, რომ შევედი, ოთახში გაზეთებს სინჯვა დავუწყე და ავახმაურე იქაურობა. კაბინეტიდან ხმა მომცა ილიამ:
-მაქსიმე, შენა ხარ?
მე გამოველაპარაკე და შევედი კაბინეტში. ილია საკინძეჩახსნილი იჯდა, აქეთ-იქით ჩამწვარი სანთლები ოდნავღა ბჭუტავდა. მთელ კაბინეტში, კუთხეებში, სკამებზე თუ დივანზე გადაშლილი ეწყო საქმეები ბანკისა და სხვა წიგნები, ალბათ , ციტატებისათვის.
-კაცო, განა რა დროა ეხლა? მკითხა გაოცებით.
-აგერ ცხრის ნახევარია დილისა-მეთქი, -ვუთხარი .
მხოლოდ მაშინ შეწყვიტა მუშაობა, დაუძახა თავსი საყვარელ მოსამსახურეს მაქსიმე შარაძეს და უსაყვედურა: კაცო, რაზე ჩამკალი ვერ მეტყოდი კმარასა?
მაქსიმე თურმე რამდენჯერმე შესულიყო ,მაგრამ ისე გართული ყოფილიყო ილია საქმეში ვერ გაებედნა ,,კმარას’’ თქმა’’. ( ს.მგალობლიშვილი, მოგონებანი, ტფ. 1938 წ. გვ.132-133)
იმავე სოფრომ მგალობლიშვილს ჩაუწერია მაქსიმე შარაძის მოგონება ილიაზე, რომლის მიხედვითაც შესანიშნავად იკვეთება დიდი შემოქმედის ის წუთები, როცა მისი გული მთლიანად ეძღვნებოდა საკაცობრიო ფიქრებს. ,,ილიას ყველა მოქმედება ცხოვრებაში სწორედ დევური ჰქონდა. თუ დაიძინებდა შეიძლებოდა ორი დღე-ღამე სძინებოდა, თუ იგი თავის მაქსიმეს არ გაეღვიძებინა . სამუშაოდ დაჯდებოდა . რამდენიმე საათი თურმე იჯდა თავის სამუშაო კაბინეტში (მაქსიმეს გადმოცემით) იდაყვზედ დაბჯენილი, გაყრუმუნჯებული და თუ არ თვით, სხვა ვერავინ გამოარკვევდა. ასეთია თვისება დიდბუნოვანი ადამიანისა’’. (ს.მგალობლიშვილი,დასახ.წიგნი,გვ 164)
საოცარ ნებისყოფასა და სულიერ სიმტკიცეს, მამულიშვილურ მიზანსწრაფვას თავისი გაეტანა და ილიას პიროვნებაში თითქოს კოდირებული ყოფილიყო დაუღლელობის, საერო საქმეების კეთების ერთგვარი მუხტი,რომელიც სხვებისათვის სამაგალითი ხდებოდა.
,, მთელი რედაქცია სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას წერილების სწორებასა და გასინჯვაში იმის მეთაურობითა და ხელმძღვანელობით, – წერს გრიგოლ ყიფშიძე.
ეს იყო ღამ-ღამობით. იმ დროს რომ გარეშეს ვისმე შემოეხედნა რედაქციაში, ეგონებოდა, აქ რედაქცია კი არა, ტაძარია და რასაც მღვდელთმოქმედება სწარმოებსო. ღამე გატყდებოდა მამლები ყივილს დაიწყებდნენ და არაიშვიათად თავს დაგვათენდებოდა ხოლმე ისე დავიქანცებოდით ,რომ სავათობა აღარ გვქონდა. ილიას კი არ მახსოვს , ან დაღლილობა შემჩნეოდეს, ან ძილი მოჰრეოდეს’’ (გ.შარაძე; ი.ჭავჭავაძე; 1.გვ.34)
მაგრამ ილია, უპირველესად, მწერალი იყო და მისი შემოქმედებითი პროცესის მონაწილე სხვა ვერავინ იქნებოდა. აქ უკვე ილია მარტო რჩებოდა თვის საფიქრალთან და მართლაც, სულ სხვა სამყაროში მოქცეული მწერალი სულაც აღარ ჰგავდა დინჯსა და მოზომილ რედაქტორს.
როდესაც ილია ჭავჭავაძე ,,ოთარაანთ ქვრივის’’ დაწერა გადაწყვიტა , თავისი აზრი რამდენიმე ადამიანს გაუზიარა. მათ რიგში კი უპირველესი იყო არტურ ლაისტი,რომელიც ასე აცოცხლებს ოთარაანთ ქვრივის შემოქმედებით ისტორიას: ,,ვგონებ, ეს იყო 1886 (უნდა იყოს 1887) წლის შემოდგომაზე ,როდესაც პოეტი ჯერ ისევ ახალ-ბებუთოვის ქუჩაძე ცხოვრობდა, ზუბალაშვილების სახლებში. ჟინჟლიანი დღე იყო, როცა ილიასთან შევედი იგი თავის კაბინეტში იჯდა და როცა ჩემთან საუბარს მორჩა ახალ გერმანულ წიგნების შესახებ, უცებ მითხრა: ,,საინტერესო იდეა მაქვს მოთხრობისათვის . მან უნდა გადაგვიშალოს ქართველი გლეხებისა და უკანასკნელ დროის მემამულეთა ფსიქოლოგია’’. შემდეგ ილია თითქმის დაწვრილებით მომიყვა ახალ მოთხრობის ფაბულას თანაც დასძინა, უფრო უკეთესად უნდა მოვიფიქროო.
მისი აზრი ძალიან მომეწონა. იგი თითქოს გაგრძელება იყო მისი აზრისა, ,, კაცია ადამიანში’’ და ,,გლახის ნაამბობში’’ რომ გამოსთქვა.
-,,ამ მოთხრობით თქვენ დაამტკიცებდით,რომ თქვენი იდეები ქართველი ერის ზნეობრივ სიმაღლისა მეტად მწყობრად მიმდინარეობს-მეთქი.’’
-ჰო,პირველ მოთხრობაში მე ვიბრძოდი გლეხების ნივთიერ თავისუფლებისათვის ამ მოთხრობაში კი მე მინდა გავლენა მოვახდინო მის ზნეობრივ თავისუფლებაზე’’,- დასძინა ილიამ და ვრცლად შეეხო მაშინდელ ქარტველ გლეხის ყოფა-ცხოვრებას, მის ზნეობის სისპეტაკეს და პატიოსნებასაც.
რაც უფრო ბევრს ლაპარაკობდა ილია, მით უფრო ტკბილი ხდებოდა მისი ნათქვამი და ჩემთან ლაპარაკში მრავალგზის დაუყენებია ქართველი გლეხის ზნეობა, ეგრეთ წოდებულ ,განათლებულ ერების ზნეობაზე მაღლა.
ამ საუბრის მერე ილია რამდენსამე დღეს აღარ ლაპარაკობდა თავის მოთხრობაზე. მაგრამ ერთხელ, შაბათ დღეს, როცა მე შეველ ილიასას, მისმა მეურლემ ოლღამ, გადმომცა, ილიამ დაიწყო რაღაცის წერა და მთხოვა – ჩემთან ნურავის შემოუშვებო. უკვე წასვლა დავაპირე, რომ ილიას ჩემი ხმა გაეგო, კაბინეტის კარები გააღო და დამიძახა.
,, გუშინ საღამოს ჩემი მოთხრობსი წერა დავიწყეო,’’ – მითხრა და მაჩვენა რამდენიმე ფურცელი წვრილად ნაწერი: ,, თავი სულ მთლად მზადა მაქვს და ეხლა შეუწყვეტლად შევუდგები წერას’’.
ასეც მოხდა. ხუთ დღესა და ღამის განმავლობაში ილიამ დაასრულა ,, ოტარაანტ ქვრივი’’, რის შემდეგაც მხოლოდ მეთაურებსღა წერდა ,,ივერიისათვის’’ (არტურ ლაისტი,საქართველოს გული; 1963 წ.გვ.57-58)
ამ დიდებული ნაწარმოების შემოქმედებითი ისტორიისა თუ თავად მოთხრობის წერის პროცესის შესახებ საინტერესო მასალას გვაწვდის ილიას მეორე ახლობელი მოღვაძე ი. მანსვეტაშვილი: ,, ილია დიდხანს ინახავდა კალთის ქვეშ ამოფარებულს თავის პირმშო შვილებს და მინამ ასაკის ხანაში არ შევიდოდნენ არ იმეტებდა მათ საქვეყნოდ გამოშვებას, როგორც ჩიტი ბუდიდან არ გაუშვებს და არ დააფრენს თავის ბარტყებს, ვიდრე მაგარ ფრთებს არ შეისხამენ..
რაკი ეს ერთი ნავსი გავტეხეთ, ახლა უფრო მეტი გაბედულება მოგვეცა. შევჯექით ილიას და მოსვენებას არ ვაძლევდით, გვინდოდა,რომ ივერიისათვის მოთხრობა მიეცა. იმისთვის ეს ძნელი იყო, რადგან ვიცოდით,რომ ჩანასახად უკვე აქვს დაწყებული მოთხრობა, რომლისთვისაც წინათ განზრახვა ჰქონია, მგონი ,,გიორგი’’ ეწოდებინა სახელად, მერე კი ,,ოთარაანთ ქვრივი’’ დაარქვა .
ერთს მშვენიერ და საქართველოსთვის დიდად სასიამოვნო დღეს, ილია ჩვეულებრივ ხალათში გამოეწყო,თავზე ფეხი მოიგდო ,ჩაიკეტა კაბინეტში და პირიდან განუგდებელი პაპიროსით მიუჯდა მაგიდას. შეიძლება ითქვას,რომ თითქმის რედაქციის ყველა თანამშრომელნი მოწმენი იყვნენ ამ შემოქმედების პროცესისა. ილია ხანგამოშვებით წაგვიკითხავდა დაწერილს, რაც უკვე გათავებული ჰქონდა, თითქოს უნდოდა სხვისთვისაც გაეზიარებინა ის შთაგონება და აღფრთოვანება,რომელსაც მუშაობის დროს ჰგრძნობდა,სხვებსიაც გამოეწვია ეს აღფრთოვანება და ამ გზით მეტი ღონე მოეკრიბა, ფრთები შეესხა თავის არმაფრენისათვის, შემოქმედებითი ძალა გააელვარებინა .
ამასობაში გაიარა ერთმა თვემ და იშვა ის მოთხრობა, რომელსაც ,, ოთარაანთ ქვრივი ‘’ ეწოდება სახელად. შობილს მონათვლა უნდოდა, განუყრელი, უცვლელი ნათლია ილიას ნაწარმოებისა დავით სარაჯიშვილი იყო; იმდენად გულუხვი, პატივისმცემელი ნათლია,რომ ნათლობასაც თვითონვე იხდიდა თავის სტუმართმოყვარე სახლში. ასე იყო მონათლული ,,განდეგილი’’ და ამ წეს-რიგს არც ეხლა გადაუდგა სარაჯიშვილი.
საღამოს რვა საათი იქნებოდა, სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულ მოწყობილ სახლში, სოლოლაკში,დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი. აქ იყვნენ ,,ივერიის’’ ყველა თანამშრომელნი,ქართველი მწერალნი და საზოგადო მოღვაწენი. მათ შორის იყვნენ მოხუცი პოეტი რაფიელ ერისთავი,ნიკო ნიკოლაძე , ივანე მაჩაბელი, პეტრე უმიკაშვილი, გრ ვოლსკი,-საუცხოო მცოდნე ქართული ენისა, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, – და კიდევ ბევრი სხვანი.
ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა. უნდა ითქვას,სხვათა შორის, რომ ილია კაი მკითხველი იყო,თუმცა, ხმა ცოტა მოყრუო ჰქონდა, თითქოს გულზე ქონი აქვს მოგდებული და ეს უშლის სიტყვის მკაფიოობასო. კითხვა გათავდა. ჩამოვარდა სიჩუმე. ილია აღგზნებული სახით აქეთ-იქით იყურებოდა.
თუ ხსოვნა არ მღალატობს,პირველად ხმა ამოიღო გრ. ვოლსკიმ და ასე სთქვა: მაგ მოთხრობას მე ,,ოთარაანთ ქვრივს’’ კი არა ,,ობოლ მარგალიტს’’ დავარქმევდიო. ქვრივი,როგორც ტიპი ჩამოსხმულია,გამოქანდაკებული. ენა ხომ ისეთია, რომ აქ ილიამ თვით ილიასაც გადაამეტა,გადააჭარბა. ერთი სიტყუვით, მოთხრობა მხატვრობით, ფერადების სიუხვით, ნამდვილი ქართული მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მშვენიერია, შეუდარებელი. მხოლოდ გიორგის დიდბუნებოვანება, მისი სულიერი დიადობა არა სჩანს.
ახლა წამოდგა ნ.ნიკოლაძე და ესეც კესოს გამოესარჩლა. ზოგმა დაუწუნა ილიას გიორგის სიკვდილი’’ (ი. მანსვეტაშვილი; მოგონებანი; თბ. 1985 წ.გვ.107,109).
იგივე მანსვეტაშვილი იგონებს:
,,მახსოვს როგორ, სწერდა ,,ოთარაანთ ქვრივს’’. ჩაიკეტებოდა თავის კაბინეტში, მიუჯდებოდა მაგიდას და სწერდა განუწყვეტლივ, თავაუღებლად, დღითა და ღამით. ვამბობთ ღამით, იმიტომ, რომ ხანდახან კაბინეტში შესვლა რომ მოგვიხდებოდა, რაიმე საჭირო საქმისათვის, ილია უძრავად იჯდა თავის ალაგას და გაცხოველებული სწერდა.
ილია მოგვიბრუნებდა სხივოსან, შარავანდედით მოსილ სახეს, მშვიდი ნატელივით გაბრწყინებულ თვალებს, მოგვცემდა მოკლე პასუხს ისეთი კილოთი, თითქო ოცნების ბურანიდან ვერ გამორკვეულაო და მიუბრუნდებოდა ისევ წერას.
ასევე იყო თავის კაბინეტში ჩაკეტილი, როდესაც გაშმაგებული, გაალმასებული სწერდა თავის ,, ქვათა ღაღადს’’.
მუშაობდა ასე. დაავიწყდებოდა ჭამაც და სმაც. ერთ ფინჯან ყავას თუ შეუტანდნენ და პატარა თეთრ პურს, თორემ სხვა საჭმელს არაფერს მიიკარებდა. მეუღლე ილიასი, პატივცემული ოლღა შემოგვჩივლებდა ხოლმე: ,,ღამე წამოვდეგბი, მივალ ილიას ოთახთან და კარებს ცოტად შევაღებ, ხომ არა უნდა რა. ვხედავ,რომ ილია წამოწოლილია ტახტზე-კაბინეტში რომ უდგა,- ჩაცმული, გაუხდელი და სძინავს კურდღელურად, ფეხაკრეფით გამოვბრუნდები,რომ არ გამოეღვიძოს.’’
ასე გაშმაგებით იცოდა მუშაობა,საჭმელსაც აღარ ეკარებოდა,მხოლოდ თამბაქოზე კი ხელს არ იღებდა. პირში გაუქრობელი ედო პაპიროსი და მის ისედაც პატარა კაბინეტში, ეხლა ჩაკეტილ-ჩახურულში ისეთი დახშული,შეკომლილი ჰაერი იდგა, რომ ახლად შესულს კაცს თავბრუს დააჰხვევდა. ილია ამას აინუშშიაც არ აგდებდა. აბა, ვინ გაუბედავდა ეთქვა: ილია, შეისვენე პატარა, ოთახი ცოტა მიასუფთავე, ჰაერი გაწმინდე.
გაათავებდა მუშაობას, გამოვიდოდა თავის დროებით საპყრობილიდან და ვინ იტყოდა, რომ რამდენიმე დღე უსმელ-უჭმელი ყოფილა, უძილოდ გაუტარებიაო,- ისეთი მხიარული, ჯანსაღი სახით გამოიყურებოდა. ვინ არ შენატრებდა ვის არ შეშურდებოდა ილიას ჯანი: სწორედ,რომ ქვითკირითა და რკინით იყო ნაშენი მისი აგებულება…
გაათავებდა წერას მიატოვებდა კალამს და მთელი კვირაობით აღარ დაუბრუნდებოდა საქმეს. გადაიცვამდა თავის ჭრელ ხალათს,დაიხურავდა თავის ფესს და ჩაიკეტებოდა ისევ თავის კაბინეტში,მხოლოდ არა მუსაობისთვის: წამოწვებოდა მხართეძოზე, აიღებდა ხელში გაზეთს და მიეცემოდა აზიურ ფარ ნიენტეს,ჩვენებურად რომ ვთქვათ, განცხრომას,ზარმაცობას.’’
მაგრამ ესეც არ გაგრძელდებოდა დიდხანს, ისევ ეწვეოდა ის ნეტარი წუთები და ილიაც დანებდებოდა იმ წუთებს,კვლავ შეიკეტებოდა თავის კაბინეტში და როცა მაგიდასთან ჯდომით დაიღლებოდა, ახლა ტახტზე გადაიტანდა თავის ფურცლებს,ესეც რომ დაღლიდა,იატაკზე ჩაჯდებოდა და ახლა ტახტი ასრულებდა მაგიდის მოვალეობას. დაღლა არ იცოდა,წერდა ერის მამა თავისი ერისათვის,მომავალი საქართველოსათვის და ეს იყო უდიდესი მისია,რაც მისთვის განგებას დაეკისრებინა. იოსებ იმედაშვილს ჰქონია საშუალება,თვალი შეევლო დიდი ილიასათვის,როცა ის გამალებით მუშაობდა და თავის თავს აღარ ეკუთვნოდა. თვალი შეუვლია და განცვიფრებულა: ,,შევედი მაგრამ ფეხი წინ ვერ წავდგი. შევკრთი,რადგან არაჩვეულებრივი სურათის მოწმე შევიქმენ.
მარცხენა კედლის პირას მიმდგარ ფიცრის საწოლს ,- ,,კუშეტკას’’ (რომელსაც ჭერიდან ჩამოშვებული ხალიჩა ჰქონდა გადაფარებული) იატაკზე მკერდით დაყრდნობილი,პირქვე წაწოლილი ილია გამალებით წერდა ერთ მხარეზე ვიწროთ დაჭრილი თაბახის დაუწერელი ქარალდის დასტა, მეორეზე – უკვე დაწერილი ფურცლები , იქვე აქეთ-იქით გადაშლილი ან ფურცელცაწყობილი წიგნები ოთახს თვალი მოვავლე: ჩემს პირდაპირ დაბალი მაგიდა იდგა, რომელზეც მუხლზე დაყრდნობით შეიძლებოდა წერა, მეორე მხარეს- ჩვეულებრივი მაგიდა -სკამითურთ, ჩემს მარცხნივ, კედელთან, მაღალი დაქანებული მაგიდა ,როგორიც ეკლესიებში მენახა, ეს ფეხზე დგომის დროს საწერად. ყველგან- ცალმხრივი საწერი, მეორე მხარეს ნაწერი ქაღალდის ფურცლები ელაგა, იქვე გადაშლილი წიგნები და საწერ-კალამი იდგა. ყოველივე ეს განუწყვეტელი, ბეჯითი წერითი მუშაობისთვის იყო მომარჯვებული, ალბათ, ერთ მდგომარეობაში მუშაობისთვის თუ დაიღლებოდა, მეორე ადგილისაკენ გადაინაცვლებდა, ან სხვადასხვა დარგის მასალას
თავ-თავისი ადგილი ჰქონდა მიკუთვნებული.
სუნთქვა შემეკრა, გავიფიქრე: ,, რა ღმერთი გამიწყრა და ფეხი სემოვდგი მეთქი’’
( ი.იმედაშვილი; ჩემი ცხოვრების წიგნი; თბ.1978 წ. გვ 180)
ეს ის წუთები იყო, როცა ილია ღმერთს ელაპარაკებოდა; როცა მისი გონება ,,სულ სხვა სამყაროს ეხიზნებოდა’’ და ციურ მადლს ზიარებული შემოქმედი თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის უაღრესად საჭირო სტრიქონებს ქმნიდა
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
ასე -ღმერთთან ლაპარაკში იქმნებოდა დიდი ილიას ნაწარმოებები და ,,დიდი ღმერთის საკურთხევლის ცეცხლიც მისთვის უღვიოდა გულში, რომ ამ ღვთაებრივ წუთებში შექმნილი სტრიქონები ერის სამსახურში ჩაეყენებინა.
ის სასოებით ელოდა ციდან გარდამოვლენილ ნაპერწკალს, რომ ფიქრით აღსავსე გულში ცეცხლი არ აღეგზნო და ამ ცეცხლით თავისი ერის გაყინული გული გაეთბო. ამისთვის პოეტი არ თხოულობდა ტაშს და ქებას, მისთვის უმთავრესი იყო ის ერთგულება,რომლიტაც ემსახურებოდა სამშობლოს.
ილიას მთელი მოღვაწეობა, მისი დიდი ასპარეზი და მისია იყო სიტყვით და საქმით. სამსახური მშობლიური ერისა ხოლო როცა მარტო რჩებოდა, რადგანაც გრძნობდა,რომ სწორედ ეს იყო მისი ტკივილების სალბუნი და სულის მოზიარე, მხოლოდ მას მოჰქონდა პოეტისათვის ნუგეში და ისიც იმ მწუხარ ხმებში თავისი გულის ხმას ცნობდა,რაც ბედნიერებას ანიჭებდა
( *** როცა წუხილი)
როცა წუხილი მჩაგრავს უწყალოდ,
კაცთან არ ვილტვი მის განქარვებად;
მყის თავისთავად ლაღი, უბრალო
სიმღერა მორბის ნუგეშსაცემად.
და იმ სიმღერას ჩემს წუხილს ვანდობ,
ის ჩემებრ არი სევდით ბურვილი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვცნობ
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.
ასე ზეცასთან ნაზიარევია ილიას შემოქმედებაც, მისი მოღვაწეობაც და პირადი ცხოვრებაც. ამიტომაც შერაცხა ქართველმა ერმა იგი წმინდანად და ჩვენც სასოებით ვკითხულობთ სიცოცხლეშივე განწმენდილი შემოქმედის უკვდავ შემოქმედებას,რომლის ქმნადობის პროცესში დიდი მამულისვილი თავდ უფალთან საუბრობდა.
მურად მთვარელიძე © 2017