ახალი ეპარქიის დიდი წარსული – სურამისა და ხაშურის ეპარქია

გიორგი ჩუბინიძე

   სურამისა და ხაშურის ეპარქიის ისტორია 2013 წლის 11 ოქტომბრიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველოს სამოციქულოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო და ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეული იქნა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის
სახელობის მონასტრის იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი). ეპისკოპოს სვიმეონის მღვდელმთავრად ხელდასხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა. ახალი ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქალაქი ხაშური, დაბა სურამი და 70 სოფელი. იგი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეშია წარმოდგენილი და მიუხედავად საკუთრივ სურამისა და ხაშურის ეპარქიის ხანმოკლე ისტორიისა, თავად ეს ტერიტორია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გამოირჩეოდა ისტორიული მოვლენებით თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შიდა ქართლის დღეობათა კალენდრის საინტერესო ვარიაციებით და დიდი ტრადიციებით. აქ არ არსებობს სოფელი, სადაც ერთი ეკლესია მაინც არ იყოს, ზოგიერთ სოფელში კი ოთხ და ხუთ ეკლესიას, თუ ნაეკლესიარს შეხვდებით.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ წრომში მდებარეობს ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი, რომელიც 626-635 წლებშია აგებული ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. სწორედ ამ ტაძარში 457 წლის აგვისტოში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი, მისი წმიდა ნაწილები კი ნიქოზში დაკრძალეს. ტაძარი აგრეთვე უნიკალურია თავისი ჯვარ-გუმბათოვნებით, მოზაიკითა და მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტებით. წრომის ეკლესია ეპარქიაში არსებულ ტაძართაგან უძველესია.
გამორჩეულია სოფელ ხცისში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე გაკეთებული უნიკალური ასომთავრული ლაპიდარული წარწერა, რომელიც კიდურწაისრულითაა შესრულებული გადმოგვცემს, რომ ეკლესია 1002 წელს, გაერთიანებული საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის ზეობის ხანაში აუგიათ. აქვე იხსენიებიან დედოფალი გურანდუხტი, უფლისწული გიორგი, ეპისკოპოსი ანანია და ვინმე იოვანე. ეკლესია ოთხი წარწერით გამოირჩევა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეპიგრაფიკული, ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით.
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში დიდი ისტორიულ-კულტურული ადგილი უკავია ჭერათხევის ხეობას და აქ მდებარე არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საისტორიო საბუთებით დასტურდება, რომ ხეობა, რომელიც მდინარე ჭერათხევის 27 კილომეტრიან ზოლს მიუყვება ქუცნა ამირეჯიბის საგამგებლო ტერიტორია იყო და მას მიეწერება ის აღმშენებლობითი საქმიანობა, რაზეც ამ პერიოდში აქ აგებული ან აღდგენილი არაერთი ეკლესია მეტყველებს. აქვე, სოფელ ნაბახტევში მდებარეობს ქუცნა ამირეჯიბის სასახლე და მის მიერვე აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უნიკალური ფრესკებითაა გამორჩეული, მათ შორის თავად ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის, აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის ფრესკა, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. შემორჩენილია მე-15 საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბის მიერ შედგენილი სიგელი, რომელშიც იგი განახლებულულუმბოს მონასტერს ხეობის სოფლებიდან სწირავს რამდენიმე კომლ მოსახლეს. ქუცნა ამირეჯიბის მეუღლის, რუსა ამირეჯიბის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენაც. ქუცნა და რუსა ამირეჯიბების შვილიშვილი იყო ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი, რომელმაც ბებიის დაწყებული საქმე გააგრძელა და მანვე განასრულა თემურ ლენგის მიერ დარბეული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენა. ეპარქიის ისტორიის შესწავლისთვის საინტერესო წყაროა რუისის სამწყსოს დავთარიც. ჭერათხევის ხეობაში და ეპარქიის თითქმის ყველა სოფელში აღინიშნება დღეობები, რომელიც ერთი რომელიმე წმიდანის ხსენების დღესთანაა დაკავშირებული, ასეთია: ღვთისმშობლობა, გიორგობა, ივანობა (იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე), გარეგნობა (აღინიშნება აღდგომის მეორე დღეს), კვირიკობა და ა.შ. დღეობათა შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული XIX საუკუნის პერიოდულ პრესაში.
სურამისა და ხაშურის ეპარქიასთან სამი წმიდანის სახელია დაკავშირებული. ესენია: რაჟდენ პირველმოწამე, 457 წელს სოფელ წრომს წამებული, წმიდა მიქაელ ულუმბოელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომლის სახელობის მონასტერიც ეპარქიაში, ჭერათხევის ხეობაში მდებარეობს და ისტორიულად ხეობის სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. ეპარქიის სახელთანაა დაკავშირებული 2007 წელს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ წმიდანად შერაცხული, დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, წმიდა დიმიტრი
ყიფიანის სახელი, რომელიც ამ ეპარქიის ტერიტორიაზე, სოფელ ქვიშხეთში მოღვაწეობდა და აქვეა მისი სახლ-მუზეუმი, სამლოცველო და კარის ეკლესიაც. ქვიშხეთთან ახლოს მდებარეობს მთაწმინდა, რომელიც განსაკუთრებულ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და აქედან შიდა ქართლის ხედებია გადაშლილი, აქვეა მამათა მონასტერიც.
ეპარქიის წარსულ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით გამოირჩევა XIX საუკუნე. ხაშური ხდება სარკინიგზო კვანძი და იწყება მისი ზრდა-განვითარება. აქ სახლდებიან რკინიგზის მუშები, შესაბამისად მათმა სიმრავლემ განაპირობა ხაშურში ტაძრის აგების საჭიროებაც, რომელსაც იმდროინდელი პრესა ,,რკინის გზის ეკკლესიას“ უწოდებს. იგი 1898 წელს უკურთხებია საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს. ,,ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ: ,,3 ოქტომბერს, საღამოს მატარებლით, აქ მობრძანდა მისი მაღალ_ყოვლად უსამღვდელოესობა ფლაბიანე (ფლაბიანე გოროდეცკი – საქართველოს ეგზარქოსი 1898-1901 წლებში – გ.ჩ.) და 4 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან დაიწყო ხაშურის (მიხაილოვის) რკინის გზის ეკკლესიის კურთხევა, რომელმაც გასტანა საათის პირველამდის. იმდენად სასიამოვნო და სანატრელი შეიქმნა ხალხისათვის ჯერ ეკლესიის კურთხევა და მერე მისი მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობის მობრძანება, რომ ხალხი არა თუ ახლო-მახლო სოფლებიდამ, არამედ შორი სოფლებიდამაც ურიცხვი მოაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო და მასთან საშინელი ტალახები, ისე გაიმსო ეკლესია და ეზო ხალხით, რომ სრულებით ტევა არ იყო”.
მოგვიანებით, 1899 წელს ,,რკინის გზის ეკკლესია“ შეუკეთებიათ, განუახლებიათ და აქ ქართულ ენაზეც დაუწყიათ გალობა. ,,ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ: ,,იმ დღეს აქეთ, რაც ხაშურის რკინის გზის ეკლესია შეაკეთეს და თან აკურთხეს სუყველისფრით, კარგად და თვალსაჩინოდ მიმდინარეობს ამ ეკლესიის კეთილდღეობა. ჩვენ, ხაშურის რკინის გზის მომსახურეებს, თითქმის განუწყვეტლივ გვაქვს თავ-თავის დროზე წირვა, რომელსაც დღემდის მოკლებული ვიყავით და სხვის ხელში შემჩერი, მაგრამ ახლა მადლობა ღმერთსა, მოძღვარიც კარგი გვყავს და ეკლესიაც მოსწონთ. შემკობილია ყოვლისფრით, აქამდისი თუ მარტო რუსულ ენაზე იყო ამ ეკლესიაში გალობა, ახლა კი ქართულადაც გალობენ. აი მაგალითები: ეკლესიაში მარჯვნივ მხარეზე დგანან რუსულ ენაზედ მგალობელთა გუნდები, რომელსაც ლოტბარობს ბ. ქსენაფონტოვი, ხოლო მარცხნივ მხარეზე დგანან ქართველ მგალობელთა გუნდი, ერთიც და მეორეც თავ_თავის დროზე იწყებს გალობას ქართულს ენაზედ. მგალობელთა გუნდს ლოტბარობს იოსებ კვალიევი. ისიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე დროა, რაც ბ. კვალიევმა დაიწყო მზადება ქართული გალობის, მაგრამ მაინც მშვენივრად და დაწყობილ კილოზედ გალობენ და მოსაწონიც არის, სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ ასე პატარა ხნის მეცადინეობით კარგად გაიწვრთნენ ქართული მგალობლები, შემდეგისთვის ბევრად უკეთესი იქნება. ვუსურვოთ ამ მეცადინეობას უნაყოფოდ არ ჩაევლოს” (1899 წელი, 9 აპრილი).
ეპარქიის სახელს, კერძოდ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას უკავშირდება პარხლის I ოთხთავის აღმოჩენა, რომელსაც ამ ტაძრის წინამძღვართან, მამა მათე სუხიაშვილთან 1889 წელს მიაკვლია და შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. 1921 წლისათვის ოთხთავი უნივერსიტეტში აღმოჩნდა და შესაბამისად მოხდა მისი მოვლა-პატრონობა. საინტერესოა გაზეთ ,,ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ცნობა, რომ მამა მათე სუხიაშვილი (სუხიევი) 1899 წელს დეკანოზად ალავერდელ ეპისკოპოს კირიონს (1917-1918 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II) უკურთხებია: ,,9 ოქტომბერს, ღამის მატარებლით აქ მობრძანდა ალავერდის ეპისკოპოზი კირიონი, რომელმაც მეორე დღეს ათ ოქტომბერს კეთილ ინება და რკინის გზის ეკკლესიაში აკურთხა დეკანოზათ ზემო-ჭალის (ამჟამად ხაშურის უბანი – გ.ჩ.) ეკკლესიის (ხაშურის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია – – გ.ჩ.) მღვდელი მამა მათე სუხიევი. კურთხევაზე დაესწრნენ მრავალი ხალხი. ვუსურვებთ მამა მათეს ამა წარმატებას ხანგრძლივის სიცოცხლით” (,,ცნობის ფურცელი”, 1899 წ., 14 ოქტომბერი). ზემოთ წარმოდგენილ სტატიებში დასახელებული ,,რკინის გზის ეკკლესია“ მდებარეობდა ხაშურში, ამჟამინდელი კულტურის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. საბჭოთა პერიოდში ეკლესია საწყობად აქციეს და დღემდე გადაკეთებულია.
საგანმანათლებლო კერების გაჩენა, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, ეპარქიის ისტორიაშიც სწორედ ეკლესიას უკავშირდება. აქ არაერთი სამრევლო სკოლა არსებობდა ხაშურში, სურამში, ალსა და სხვა სოფლებში. 1895-1922 წლებში, სხვადასხვა პერიოდში იტრიასა და ნაბახტევში მღვდლად მსახურობდა ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელიც 1927-1932 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III. სწორედ მისი დაარსებულია ორკლასიანი სკოლა სოფელ იტრიაში, რომლის გამგეც თავადვე იყო 1898-1905 წლებში. დღეს ეს სკოლა საჯაროა და ქრისტეფორე III-ის სახელს ატარებს (ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა). ეპარქიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა გიმნაზიის (ახლანდელი ხაშურის პირველი საჯარო სკოლის) დაარსება, რომლის მშენებლობა 1915 წლის 11 აპრილს დაუწყიათ და საგანგებოდ მისი საძირკვლის კურთხევისთვის თბილისიდან ხაშურში ჩასულა საქართველოს ეგზარქოსი 1914-1916 წლებში პიტირიმ ოკნოვი.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის საკათედრო ტაძარია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ქალაქ ხაშურში მდებარეობს. მისი სარემონტო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, ვინაიდან ეს ტაძარი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, 10-იან წლებში იქნა აგებული. ის რუსული არქიტექტურით, ხახვისებური გუმბათით იყო წარმოდგენილი. ეკლესია მთელი კომუნისტური პერიოდის განმავლობაში ამ და სხვა ახლომდებარე რაიონებში იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის იყო, რომელიც არ იყო დახურული და შეძლებისდაგვარად ღვთისმსახურებაც სრულდებოდა. როგორც ჩანს შენობის სიმდგრადემ ერთ საუკუნეს ვერ გაუძლო, ამიტომაც ამ საუკუნის დასაწყისში გადაწყდა მისი დანგრევა და მის ადგილას უფრო დიდი ტაძრის აგება. წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს დაბა სურამში.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით მდებარეობს დაბა სურამში, წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის დედა მონასტერში, ხოლო უახლოესმომავალში იგი სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების აღდგენილ ისტორიულ სასახლეში გადაინაცვლებს, რომელიც წლების მანძილზე მძიმე მდგომარეობაში იყო.

ამჟამინდელი მდგომარეობით ეპარქიაში 15-მდე მამათა მონასტერი, 10-მდე დედათა მონასტერი და 50-მდე მოქმედი ტაძარია. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრების მშენებლობაც, მათ შორის ყველაზე მასშტაბური პროექტია ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელის მშენებლობის საქმიანობაშიც რამდენიმე კულტურული დაწესებულება და საინიციატივო ჯგუფია ჩართული. ზოგიერთ ტაძარს სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება. მათ ნაწილს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რის გამოც თვითნებული რესტავრაცია კანონით არ შეიძლება, მათ შორისაა წრომის VII საუკუნის ტაძარი. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ხატწერის სკოლა-სახელოსნო. მიუხედავად ეპარქიის ხანმოკლე ისტორიისა მიმდინარეობს მუშაობა ეპარქიის აღორძინებისა და განვითარებისათვის.

გიორგი ჩუბინიძე © 2017

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!