,,არჩევნებიც არ შველის – მუზეუმი ინგრევა!”
,,არჩევნებიც არ შველის – დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!” – სოციალურ ქსელში კვლავ განახლდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის მოთხოვნა. მუზეუმი სოფელ ქვიშხეთში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება. არაერთი მოთხოვნის, წერილის მიუხედავად სიტუაცია არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მომზადდა რეაბილიტაციის პროექტი. პროექტის განხორციელება კი 900 000 ლარამდე თანხას საჭიროებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვაჟა შუბითიძემ ,,ლიტერატურულ ხაშურის” 2015 წლის 3 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა: ,,[დიმიტრი ყიფიანის] სახლ-მუზეუმის რესტავრაციისთვის 900 ათასი ლარია გამოყოფილი, სამუშაოები 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყება პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ხაშურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ყიფიანის სახელი მიენიჭა ქალაქის ცენტრალურ მოედანს და მთავარ ბიბლიოთეკას. ასევე, დაწესდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია 2 ნომინაციაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა”.
შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. მუზეუმი კი კვლავ ინგრევა!