ახალი სიცოცხლე შემოდგომის ფერებით…
ზაფხულში გაღებული სარკმელი მივხურე…
საღამოობით პლედ მოსხმული ჩაით ვთბები, კარადაში თბილმა ტანსაცმელმა იმატა. წვიმებიც გახშირდა. აღარც ეზოდან ისმის უწინდებური ჟრიამული, ჩემი მეზობლები სათითაოდ შეიმალნენ სახლებში. გუშინ, როგორც ბავშვობაში, ცისკენ თავაწეულმა ვითვალე თბილი ქვეყნებისკენ გაფრენილი ჩიტები. მერე ერთგულ ბეღურებს ფანჯრის რაფაზე პურის ნამცეცები დავუყარე.
შემოდგომა დადგა და როგორც არ უნდა უწევდეს ამას წინააღმდეგობას თბილისი, მისი სუფთა და სასიამოვნო არომატი მაინც იგრძნობა. თითქოს ბუნება ხელმეორედ ცოცხლდება, ჩამოცვენილი ფოთლები საგულდაგულოდ აფერადებენ ნაცრისფერ ასფალტს. ამ დროს, ყველაზე მეტად მიყვარს ტყეში სეირნობა. სხვადასხვა ფერად აჭრებული ხეების ყურებისას ვფიქრობ რომ ბუნების შემოქმედი საგულდაგულოდ არჩევს ფერებს, როგორც მხატვარი არჩევს ხოლმე, უსაყვარლესი ტილოს გასაფერადებლად.
პირადად მე შემოდგომას მოხუც ბებიებს ვამსგავსებ თბილი, მაგრამ სევდიანი თვალებით რომ უცდიან ხოლმე ქალაქიდან სოფელში ჩასულ შვილებსა და შვილიშვილებს. მოხუც ბებიებს, მოთმინებით და უსაყვედუროდ რომ ითმენენს მარტოობას ცივ ზამთარში და ყოველთვის აქვთ ტკბილეული გადანახული შვილიშვილებისთვის. შემოდგომა იმ ჭაღარა ბებიებს გავს, შვილიშვილების წასვლის შემდეგ ისევ გარინდებულები, სევდიანი თვალებით რომ გასცქერიან ქალაქის გზას და უცდიან გაზაფხულს რომ მათი კერა ისევ აახმაურონ ცელქმა ბავშვებმა. ისევე როგორც ფოთოლგაცვენილი ხეები უცდიან გაზაფხულს თოვლის საფარში გახვეულები.
მეც გავახარებ რამდენიმე დღით ბებიას ჩემი სტუმრობით, გემრიელად ჩავეხუტებე, ვიცი რასაც მეტყვის პირველად “ჭამე ბებო გენაცვალოს, მოშიებული იქნები.” (ბებიებისთვის ხომ შვილიშვილები სულ მშივრები არიან) მერე ეზოში ჩამოვსხდებით, ხელებს შემოვხვდევ დაღლილ მუხლებზე და დიდხანს ვისაუბრებთ.
სიცივის, წვიმებისა და სევდის მიუხედავად შემოდგომა ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი წელიწადის დროა.
ნინო შუბითიძე