სოფელ დუმაცხოვის მოუგვარებელი პრობლემები

სოფელი დუმაცხოვი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გასულ წელს სოფელ დუმაცხოვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა. ,,ხაშური ნიუსი” სოფელ დუმაცხოვის პრობლემებზე ადრეც წერდა, მათგან მხოლოდ ერთი წყაროს პრობლემა მოგვარდა, დანარჩენი კი კვლავ მოუგვარებელია. თანამედროვე მდგომარეობით ეს ისტორიული სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში იხსენიება ქუცნა ამირეჯიბის ცნობილ სიგელში, დღეს თითქმის იცლება. რაც ბუნებრივია იმ პირობების არქონითაა განპირობებული, რაც თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს ჭირდებათ.

სოფელ დუმაცხოვში ის შენობები, რომელშიც ოდესღაც ბიბლიოთეკა, სკოლა, კულტურის სახლი იყო განთავსებული თითქმის მთლიანად დანგრეულია. რამდენიმე წლის წინ ვწერდით, რომ სოფელ დუმაცხოვში ადგილობრივ ხელისუფლებას რიტუალების დარბაზის შენება დაუწყია, რომელიც მალევე შეუჩერებიათ და 2014 წელს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სოფელ დუმაცხოვში სარიტუალო დარბაზის სახურავის მოწყობის, სოფელ ბრილში ხიდის რეაბილიტაციის, სოფელ ქვემო აძვისში მინი სტადიონის მოწყობის და სოფელ პატარა სატივეში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 20 122. 14 ლარი იქნა გამოყოფილი. ამ თანხიდან შენობა გადახურეს, თუმცა ის მაინც უფუნქციოთაა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ დაცლილ სოფელში რუტუალების დარბაზი არც არაფერში ჭირდებათ, ამისთვის ისინი სოფელ ალში, ან ქალაქ ხაშურში ჩადიან.

დღეს ადგილობრივები სოფელში სკვერის გაკეთებას ითხოვენ, რათა ადგილობრივებსა და მათ სტუმრებს ნორმალური გარემო ჰქონდეთ. სურთ გაკეთდეს გარე განათება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი. ცივილიზაციისთვის ხომ ეს ყოველივე მნიშვნელოვანია და წარმოუდგენელიც კია, რომ შიდა ქართლის არც თუ ისე რთულად მისადგომ სოფელში ეს პრობლემებია. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არაერთი დაპირება ახსოვთ საარჩევნო პერიოდში, მაგრამ მათგან არაფერი ასრულებულა. სოფელი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!