ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის 135-წლიანი ისტორია
საამაყოა, რომ ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლას დიდი და სახელოვანი ისტორია აქვს. ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული ცოდნის შეძენაზე ზრუნვა სკოლაში ჯერ კიდევ 135 წლის წინ დაიწყეს.
1881 წლის 4 ოქტომბერს სკოლის გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდა. გაზეთ ,,დროების“ 1881 წლის 11 ოქტომბრის ფურცლებზე საკმაოდ ვრცლად აისახა სკოლის გახსნასთან დაკავშირებული მოვლენები. გაზეთის ფურცლებმა შემოინახა იმ ადამიანების სახელები, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხერხდა სკოლის გახსნა. ესენი არიან თბილისის გუბერნიის სასწავლო ოლქის სკოლების დირექციის ინსპექტორი ხითაროვი,სკოლის დირექტორი ალექსანდრე ნათაძე, ადგილობრივი მღვდელი მათე სუხიევი, თავადი დიმიტრი აბაშიძე და მამასახლისი იოსებ ნადირაშვილი.
1938 წლიდან სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა. 1943 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობდა ომიდან ახალი დაბრუნებული პედაგოგი დავით კაკიაშვილი, რომელიც 37 წლის მანძილზე სკოლის მოსწავლეებს აზიარებდა ქართულ ენას და ლიტერატურას. დღეს, სწორედ მის სახელს ატარებს სკოლა.
2008 წელს დაიწერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საკონკურსო პროექტი – ,,სახელობო განათლებასთან ზოგადი განათლების ინტეგრირება“. სკოლამ მოიგო გრანტი და ჩაება ქვეყნის 40 სკლათა შორის აპრობაციაში. მოეწყო სკოლის სახელოსნო შრომის იარაღებით და დაზგა-დანადგარებით. მოსწავლეები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, კერძოდ: სადურგლო საქმეს, სტილისტობას, დიზაინს,ჭრა-კერვას,თექას და გობელინს.
2009 წლის აგვისტოში დაიწყო პროექტის- ინკლუზიური განათლების განვითარება 10 რეგიონის საჯარო სკოლაში.პროექტის პარტნიორი ორგანიზაცეებია: ნორვეგიის განვითარების და კვლევის სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრი და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შეირჩა 10 სამიზნე მუნიციპალიტეტი, მათ შორის შიდა ქართლში ხაშურის მუნიციპალიტეტი და სამიზნე სკოლად მე-2 საჯარო სკოლა გამოცხადდა.უკვე მე-4 წელია წარმატებით მიმდინარეობს ,,ინკლუზიური“ განათლება სკოლაში.
დღეისათვის სკოლას ყავს 500-მდე მოსწავლე და 50-მდე მასწავლებელი.