სიახლეები სურამისა და ხაშურის ეპარქიაში

9 მარტს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა ეპარქიის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ რაც შეიძლება მეტი მადლი გასცენ და მეტი სიკეთე გააკეთონ, რათა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას სიცოცხლე შთავბეროთ, ღირებულება მივანიჭოთ და მომავალ თაობას ღირსეულ წინაპრებად ვეყოთ. მეუფემ რამდენიმე მოწოდება გააჟღერა და ეპარქიის ახალგაზრდებს მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით მალე დაფუძნდება სურამისა და ხაშურის ეპარქიასთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვისა და დაცვის საზოგადოება, რომლის მიზანიც იქნება ეპარქიის ტერიტორიაზე მატერიალური და არამატერიალური ძეგლების აღრიცხვა და შესწავლა. მათი დაზიანებული ნაწილის გადარჩენაზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობა. აგრეთვე ამ ძეგლების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება.

 მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მეუფე სვიმეონის სააღდგომო მოწოდება ახალგაზრდებისადმი, რომელიც გულისხმობს სოფლად, თუ ქალაქად ვნების კვირის წინა კვირას უპატრონო სასაფლაოების დასუფთავებას. ან სასაფლაოს ტერიტორიის ზედმეტი ნარჩენებისგან გასუფთავებას. მეუფე მოუწოდებს ეპარქიის მრევლს გამოეხმაუროს ამ ინიციატივას და შეუერთდნენ შესაბამის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ამ ყოველივეს გაუწევს ორგანიზებას. (მიმართეთ ეპარქიის facebook-გვერდის ადმინისტრაციას: სურამისა და ხაშურის ეპარქია)

 მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. ეს გახლავთსამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, რომელიც სავარაუდოდ აპრილის თვეში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომ გაიმართება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები შემდეგი თემატიკიდან :

  • სურამისა და ხაშურის ეპარქია – წარსული და თანამედროვეობა
  • სურამისა და ხაშურის ეპარქიის გეოგრაფიული არეალის ტრადიციული ყოფა
  • სურამისა და ხაშურის ეპარქიის არქიტექტურული ძეგლები
  • სურამისა და ხაშურის ეპარქიის დღეობათა კალენდარი
  • წმიდანები სურამისა და ხაშურის ეპარქიიდან
  • სურამისა და ხაშურის ეპარქია და ქართული ლიტერატურა

 კონფერენციის დეტალების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ, ან მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრაზე კიდევ მრავალი ინიციატივა გაჟღერდა, რომელთა შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 გიორგი ჩუბინიძე

11041763_859523590772533_5013251491394608141_n

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!