ხაშურის მუნიციპალიტეტი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ხაშურის მუნიციპალიტეტმა ფესბუქის ოფიციალურ გვერდზე წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ხაშურის მუნიციპალიტეტი ეხმაურება ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარე პოლემიკას დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის შეხედულებას, განცდასა და გულისტკივილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული სახელით შესულ და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გმირის – დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას. თუმცა, სინანულით აღვნიშნავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს მეტად საშური და საჭირბოროტო საკითხი პოლიტიკური განცხადებების და ქულების დაწერის მცდელობად იქცა.
სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციით ყველაზე მეტად სწორედ ხაშურის მუნიციპალიტეტი გახლავთ დაინტერესებული.
იმისათვის, რომ მეტი სინათლე მოეფინოს საკითხს, დავძენთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა – საკრებულო და გამგებელი მუშაობას შეუდგენენ მიმდინარე წლის 14 ივნისიდან. ცხადია, რომ მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებიდან გვერგო, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით ის ტვირთია, რომელსაც ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ, მაგრამ ჩვენ პიროვნული პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეზე შეგვიძლია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ პრიორიტეტებსა და გადაწყვეტილებებზე, რაც წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში იქნა მიღებული. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვიმსჯელოთ მხოლოდ წინა ხელისუფლების საქმიანობის შედეგებზე და ახალი პრიორიტეტების განსაზღვრისას ეს ფაქტორიც გავითვალისწინოთ.
თუმცა, სამართლიანობისთვის გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის სარეაბილიტაციოდ შედგენილი იყო ხარჯთაღრიცხვა 250 ათასი ლარის ოდენობით, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი თანხის გამოყოფა ვერ მოხერხდა.
ჩვენ გვსურს დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის რეაბილიტაციით დაინტერესებული ყველა მხარის საყურადღებოდ განვაცხადოთ, რომ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. აქვე განვაცხადებთ, რომ გასაგები მიზეზების გამო, ეს ვერ იქნება ერთკვირიანი და ორკვირიანი პროცესი. ჩვენ ვიმუშავებთ თანმიმდევრულად და საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ ყველა იმ ნაბიჯის შესახებ რასაც მუნიციპალიტეტი გადადგამს მუზეუმის რეაბილიტაციის მიმართულებით. აქვე განვაცხადებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს და ექნება შესაძლებლობა ოფიციალურად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ”.
შეგახსენებთ, რომ სიციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. შეიქმნა გვერდი სახელწოდებით – წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმი ინგრევა სადაც ყველა სახის მასალაა განთავსებული რაც კი მუზეუმის შესახებ არის გავრცელებული. თემას აქტიურად ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოებიც.