ხაშურის მუნიციპალიტეტი VS „მონიტორინგის ცენტრი – მედიატორი“
,,ხაშური ნიუსი” გთავაზობთ ხაშურის მუნიციპალიტეტის განცხადებას ,,მონიტორინგის ცენტრი – მედიატორის” ბრალდებებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელსაც თავად ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. ორივე განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
ხაშურის მუნიციპალიტეტი: ,,ხაშურის მუნიციპალიტეტი განცხადებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი – მედიატორის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 2015 წლის 5 იანვარს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებების თაობაზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აღნიშნული განცხადების მომზადების პერიოდში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობის მცდელობა და სურვილი არ გამოუხატავს, არ მოუთხოვია არანაირი ინფორმაცია იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც მან მუნიციპალიტეტს წაუყენა. შესაბამისად, ბატონი ხაბეიშვილის განცხადება ტენდენციურია და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მისი მიზანია არა კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, არამედ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და პირადად გამგებლის რეპუტაციის შელახვა.
რაც შეეხება „მშენებელი XXI+“-ს შეუსრულებელ ვალდებულებებს ხაშურის მუნიციპალიტეტთან, ეს შესაბამისი ორგანოების მსჯელობის თემაა. ჩვენს კომპეტენციას სცდება ასევე „მშენებელი XXI+“-ს მიერ დაქირავებული თანამშრომლების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დავაში მონაწილეობა.
აქვე დავამატებთ, რომ სერიოზული ორგანიზაციისთვის ყოვლად შეუფერებელია აპელირება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე (http://procurement.gov.ge ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ ატვირთულ მასალაზე. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს, რადგან მოცემულ საიტზე არ ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციების შესახებ და მითუმეტეს არ ჩანს, რომელმა ორგანიზაციამ რა ხარისხით შეასრულა ან არ შეასრულა კონტრაქტით განსაზღვრული სამუშაო და მიიღო თუ არ მიიღო შესაბამისი ანაზღაურება.
როცა არასამთავრობო ორგანიზაცია და პირი, რომელიც მის ხელმძღვანელად გვევლინება, მსგავს არაკომპეტენტურობას იჩენს, ზედმეტად მიგვაჩნია მას ვუმტკიცოთ, რამდენად ერკვევა მუნიციპალიტეტის გამგებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „მონიტორინგის ცენტრი – მედიატორის“ არაკომპეტენტური მცდელობა, რომ მუნიციპალიტეტი შპს-სა და მის თანამშრომლებს შორის კერძო დავაში მხარედ წარმოადგინოს და ამითი რეპუტაცია შეულახოს, ფუჭი და უშედეგოა, თუმცა, ხაშურის მუნიციპალიტეტი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ორგანიზაციასთან, მათ შორის „მონიტორინგის ცენტრ – მედიატორთან“, ლევან ხაბეიშვილთან და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რათა საშუალება მიეცეთ თვითონ დაათვალიერონ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული სამუშაოების მიმდინარეობა”.
ლევან ხაბეიშვილი (,,მონიტორინგის ცენტრი – მედიატორი”) ,,არაკომპეტენტური ? საიტზე ატვირთული იყო ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის . ისიც ჩანდა თუ როდის უნდა ყოფილიყო დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები . შესაბამისად 30 ნოემბერს სამუშაოები არ ჩაბარებულა და ამას თქვენც ადასტურებთ . პირადად ვნახე დაუსრულებელი სამუშაოები რასაც ადგილზე მომუშავე 50 მდე მუშა დამიდასტურებს და ასევე ისენიც დაადასტურებენ რომ სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებული არაა . ვიყავი ადგილზე და ვესაუბრე გამგებლის მოადგილეს რომელმაც მომცა ბუღალტერიიდან ამონაწერი გადარიცხვების შესახებ რაც ადასტურებს რომ 70 პროცენტზე მეტი ჩარიცხულია. რაც შეეხება მუშების და კომპანიის დავას არ დაგავიწყდეთ რომ ხაშურელები არიან დაზარალებული ადამიანები და ზუსტად თქვენი ვალია მათი უფლებების დაცვა და მათი დახმარება . იხილეთ ჩარიცხვების ფოტო” .