სპორტის სამინისტრო ხაშურის სტადიონის შესახებ
ბოლო დროს მიმდინარეობს კამპანია ,,დაუბრუნეთ ხაშურს ივერია!”, აღნშნული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის აქტიური მოთხოვნა. ფაქტთან დაკავშირებით ,,ხაშური ნიუსმა” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა. პასუხს უცვლელად გთავაზობთ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: ,,ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონს, რომელიც 8 000 გულშემატკივარს იტევდა, გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 2002 წელს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით, სტადიონის ქონების ბაზაზე დაფუძნებულ იქნა შპს “გ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონი“ (საიდენფიკაციო კოდი 243892178) და არსებული მდგომარეობით პარტნიორის უფლებამოსილებას და შპს-ს წილთა განკარგვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დარიცხული დავალიანების გამო შპს-ს ქონება ამჟამად დაყადაღებულია.
დღეის მდგომარეობით სტადიონი იმყოფება მეტად სავალალო მდგომარეობაში და ვერ ასრულებს დანიშნულ ფუნქციებს, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: სტადიონს ათეული წლებია არ ჩატარებია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოშლილია და კოროზირებულია ტრიბუნები, რის შედეგადაც იშლება რკინა ბეტონის კონსტრუქციები, მწყობრიდანაა გამოსული სტადიონის ინფრასტრუქტურა, კომუნალური გაყვანილობები და კომუნიკაციური სისტემები, 2011 წელს მდინარე სურამულას წყალდიდობის შედეგად მთლიანად დაზიანდა მწვანე საფარი. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი ვერ ახორციელებს სტადიონის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რადგან იგი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუნიციპალიტეტი გეგმავს, დაიწყოს მუშაობა სტადიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემისათვის, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილი იქნება შპს-ზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი ან ლიკვიდირებულ იქნება არსებული შპს და სტადიონის ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი დამატებითი ქონების სახით, დავალიანების გარეშე, გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, მოხდება სტადიონის ნაგებობების ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დაისახება განსახორციელებელი ღონისძიებები”.
—
სტადიონი დღეს