ჰენრი კუპრაშვილი: ,,ხაშურისთვის აუცილებელია კეთილმოწყობილი სტადიონი და საერთოდ სპორტული სახეობების განვითარება”
ხაშურის სტადიონი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ის ფაქტობრივად დანგრეულია და დიდი ხანია საზოგადოება მის აღდგენას, ან ახალი სტადიონის აშენებას ელის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სტადიონი მათ ბალანსზე არაა, ის ხაშურის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და შესაბამისად მის აღდგენას ისინი ვერ უზრუნველყოფენ. მაშ ვის ეხება განადგურებული სტადიონის აღდგენა? ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი რომ ამას გაწვდეს, ეს ხომ შეუძლებელია? მაშასადამე როდის ეღირსება ხაშურს სტადიონი?
ხაშურის სტადიონის საკითხს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, უნიკალური ქართული ცურვის სკოლის შემქმნელი, პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე, მსოფლიო რეკორდსმენი ჰენრი კუპრაშვილი გამოეხმაურა.
ჰენრი კუპრაშვილი: ,,ხაშურის ,,ივერიამ” (მომავალმა “იბერიამ”) მთელი ისტორია შექმნა, გარკვეული ტრადიცია არსებობს… აუცილებელია ხელშეწყობა, ისე უნდა ავაღორძინოთ, რომ ევროულ ტურნირებზეც უნდა ვიფიქროთ. ხაშურლებს ნებისყოფა და ნიჭი არ აკლიათ… აი, მხარდაჭერა კი ჭირდებათ!!!
ხაშურისთვის აუცილებელია კეთილმოწყობილი სტადიონი და საერთოდ სპორტული სახეობების განვითარება, მათ შორის ცურვისაც… ხაშურში ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, მათ უნდა მივცეთ ასპარეზი, რათა სრულყოფილად გამოავლინონ საკუთარი უნარი, ნიჭი!!!”
