სატივის საჯარო სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – შორენა მჭედლიძე სკოლის ცხოვრებაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და საინტერესოა. ამას მოწმობს ყოველწლიურად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხაშურელ მოსწავლეთა შედეგები და ზოგადად, მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენცია. სულ უფრო მეტი აქტიური მენეჯერი ემატება ხაშურის სასკოლო საზოგადოებას და ერთ-ერთ მათგანს ,,ხაშური ნიუსის” მკითხველს გაგაცნობთ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლას 2020 წლის იანვრიდან შორენა მჭედლიძე ხელმძღვანელობს. მისი დირექტორის მოვალეობის შესრულების დაწყებიდან მალე ქვეყანაში კოვიდ პანდემია დაიწყო და საგანმანათლებლო სივცე ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.


როდიდან ხელმძღვანელობთ სოფელ სატივის სკოლას და რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური სკოლის ხელმძღვანელობა?

სატივის საჯარო სკოლას ვხელმძღვანელობ 2020 წლის იანვრიდან.
ალბათ, ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული ის სკოლა, სადაც პირველად ფეხი შედგა და ეზიარა ცოდნას. ჩემთვისაც ასეა. მასთან განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობები მაკავშირებს.
სატივის საჯარო სკოლა ჩემი მშობლიური სკოლაა, მისი ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. პატივია, იყო ხელმძღვანელი იმ სკოლისა, სადაც შენი ყოფილი მასწავლებლები ასწავლიან, ორმაგი პასუხისმგებლობაა, როცა დირექტორი, რომელსაც ცვლი, შენი ყოფილი პედაგოგია, დირექტორი, რომელმაც უფანჯრებო, მოუწესრიგებელი სკოლიდან , ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, მრავალფეროვანი რესურსებითა და, რაც მთავარია, მაღალი სასკოლო კულტურით ჩაგაბარა სკოლა.
მე ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ სკოლის გაძლიერებასა და განვითარებას.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების და განვლილი კარიერული ცხოვრების შესახებ.

სპეციალობით ისტორია- ფილოლოგი ვარ.
სატივის საჯარო სკოლაში მუშაობა 2008 წელს დავიწყე შემცვლელ მასწავლებლად, 2009- წლიდან – ბიბლიოთეკრად . პარალელურად, არ ვწყვეტდი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. 2011 წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები და გავხდი სერტიფიცირებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყება, თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრიდი და ვაგრძელებდი ძიებას. 2017 წელს სატივის საჯარო სკოლაშივე დავიწე მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო , მიმდინარე სასწავლო წლის წინა სემესტრში გავხდი წამყვანი მასწავლებელი. რაც შეეხება ჩემს დირექტორის მოვალეობის შესრულებას, რთულ პერიოდში მომიწია მუშაობის დაწყება.. ერთი თვის დანიშნული ვიყავი , როდესაც კოვიდ პანდემია დაიწყო, მომიწია ახალ სირთულეებთან ბრძოლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომიტანა და დიდი ცოდნა შემძინა.

თქვენი აზრით, რა არის დღეს სოფლის სკოლების ძირითადი პრობლემები და რა მიმართულებით გეგმავთ სკოლის გაძლიერებას?

დღეს სოფლის სკოლების ძირითადი პრობლემა მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა. სოფლიდან ხდება მოსახლეობის გადინება. სამსახურის გამო, ახალგაზრდებს უწევთ საცხოვრებლად ქალაქში გადასვლა, რაც პირდაპირ აისახება სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე.
სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია- აქვს ახალგარემონტებული საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, მოწესრიგებულია საპირფარეშოები, კეთილმოწყობილი ეზო, ღია სპორტული მოედანი. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლემ ისწავლოს უსაფრთხო გარემოში და მიიღოს სათანადო ცოდნა.

როგორია მშობლების ჩართულობა თქვენს სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების საქმეში?

მშობელთა ჩართულობა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგან მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, აქვთ უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილნი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც.
სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად, სკოლა და მასწავლებლები დაინტერესებულები ვართ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით.
პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო გაიზარდა მშობლის როლი სკოლის ცხოვრებაში. შეუძლებელია ხარისხიანი დისტანციური სწავლება და , თუნდაც, პირისპირ სწავლების დროს უსაფრთხო გარემოს შექმნა, მშობელთა დახმარებისა და ჩართულობის გარეშე. ამისათვის სკოლა აქტიურად მუშაობს. შემუშავებული აქვს, მშობელთა ინფორმირების წესი. დამრიგებლების დახმარებით, მუდმივი კონტაქტი აქვთ მათთან, სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას სკოლაში არსებული სიტუაციისა და მოსწავლეების შესახებ. კოვიდ პანდემიის გამო , ურთიერთობა ხდება, უმეტესად, დისტანციურ რეჟიმში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პირისპირ შეხვედრებიც იმარტება. მშობლები გამოთქვამენ მუდმივ მზაობას და გვეხმარებიან, რათა სკოლაში შენარჩუნებული იყოს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო.


როგორია თქვენი სკოლის პედაგოგიური შემადგენლობა და როგორია მათი მოტივაცია სკოლის მუშაობის პროცესში?

სატივის საჯარო სკოლის გუნდი მაღალ მოტივირებულია და აქტიურადაა ჩართული სკოლის მუშაობის პროცესში. სწორედ გუნდურობისა და მაღალი მოტივაციის დამსახურებაა, რომ სკოლას ჰყავს 15 უფროსი და 3 წამყვანი მასწავლებელი და, რაც მთავარია, ისინი აგრძელებენ წინსვლისათვის მუშობას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კოვიდ პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, საჭირო გახდა, აქამდე უცხო ფორმატით სასწავლო პროცესის წარმართვა. ჩვენმა გუნდმა, ერთმანეთის დახმარებითა და გვერდში დგომით, მარტივად გაართვა არსებულ გამოწვევას თავი. სწორედ, გუნდურობის დამსახურებაა, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა დისტანციური სწავლის მიღმა. მასწავლებლები, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უკავშირდებოდნენ მოსწავლეებს, უხსნიდნენ ახალ მასალას და აწვდიდნენ უკუკავშირს. სწორედ, მათი მუშაობის დამსახურებაა, რომ (როდესაც შესაბამის კლასში ორი მოსწავლეა) სკოლას ჰყავს 1 კომპიუტერისა და 1 ოქროს მედლის კანდიდატი.

ესაუბრა გიორგი ჩუბინიძე.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!