,,ვალერი გელაშვილის ბიზნესი ყვავის, ხაშური კი ჭაობში იძირება” – ნიკა ქიმერიძე

ბიზნესის განმარტება დღევანდელ ლიტერატურაში უამრავია. იგი მოიხსენება როგორც „ფულის საჭრელი დაზგა“, ადამიანის კეთილდღეობის ინდიკატორი, მეტად უიღბლოებისთვის იგი მიუღწევად ოცნებად რჩება. ნუთუ არ გსმენიათ ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზა: „ახლა, ნეტავ მილიონი დოლარი მქონდეს, რა მაგარ ბიზნესს დავატრიალებდი?!”

ბიზნესის ყველაზე მეტად მიღებული განმარტებაა: ინდივიდების მცდელობა აწარმოონ პროდუქტი ან მომსახურება და გაყიდონ იგი საბაზრო ფასის შესაბამისად, მოგების მაქსიმიზაციის მიზნით. თუმცა, იმისათვის, რათა ყველას ცხოვრება გავამარტივოთ, შევადაროთ ბიზნესი მაწველ ძროხას.

წარმოვიდგინოთ ძროხა, რომელსაც პატრონი გულდასმით ეპყრობა: აჭმევს, აცრებს უკეთებს, წყლით ამარაგებს, ზამთრით თივის ზვინს დგამს, ნაკელს ასუფთავებს და კიდევ უამრავ საქმეშია ჩაფლული, რათა ძროხა იყოს ჯანმრთელი. შესაბამისად, ძროხა იწველება 20 ლიტრ რძეს ყოველდღიურად.

ახლა კი წარმოიდგინეთ ძროხა, რომელსაც პატრონი არც აჭმევს, არც ზამთრისთვის თივას იმარაგებს, არც ნაკელს ასუფთავებს. ასეთი ძროხა ალბათ 5-10 ლიტრს მოიწველის (ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ). თუმცა, თუ პატრონი დროულად არ მიაწვდის თავის სანუკვარ ცხოველს აცრას, მისი გარდაცვალების შანსი ბევრად იზრდება.

ასეა ბიზნესშიც! ყველა მეწარმე (ძროხის მეპატრონე) მაქსიმალურ ენერგიას დებს საკუთარ საქმიანობაში, რათა მეტი მოგება (რძე) მიიღოს.

ეს იყო მოკლედ ბიზნესის შესახებ. ახლა წარმოიდგინეთ რომ მეწარმემ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. ძალიან გავამარტივოთ საქმე და ყველაფერი კვლავ ძროხის მეპატრონის დონეზე განვსაზღვროთ. ვთქვათ არსებობს სოფელი, სადაც ყველა ადამიანს ჰყავს ძროხა. ამ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ირჩევენ ადამიანს, რომელმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რათა სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა უკეთესი გახადოს. ეს შეიძლება იყოს სოფლის თავი, მეფე, მერი ან ვინმე სხვა პოლიტიკოსი.

როგორ ფიქრობთ, თუ სოფლის თავს ექნება ძროხების დიდი ფერმა და ამავდროულად იქნება სოფლის თავი, ეცდება თუ არა საძოვარი ტერიტორია წაართვას სხვებს და საკუთარი ძროხა მეტად მოამარაგოს? ალბათ კი.

იგივეა პოლიტიკაშიც. თუ ბატონი ვალერი, რომელიც ამბობს რომ საკუთარი ბიზნესი იბლოკება და მის გადასარჩენად მზად არის გახდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, ნამდვილად დაიკავებს შესაბამის თანამდებობას, არ ეცდება იგი სხვა პირების ბიზნესი შეზღუდოს? არ ეცდება გააფართოვოს საკუთარი ზეგავლენის არეალი ხაშურში არსებულ ყველა სამეწარმეო საქმიანობაზე?

თუ ბატონი ვალერის ბიზნესის წარმოებას უზღუდავს მმართველი პარტია დღეს, ესეიგი საკუთარი გუნდი უზღუდავს საქმის კეთებას, იგივე საქმის კეთებას მეტად არ შეუზღუდავს სხვა ადამიანს ეს პარტია?
თქვენ რომ მიწას ფლობდეთ და თქვენსავე მიწის დამუშავებას თქვენი ოჯახი გიშლიდეთ, სხვა რომ მოვიდეს დასამუშავებლად, სხვას არ დაუშლიან?

ლოგიკურად, ბიზნესი არის კერძო სექტორი, რომელიც საჯარო სექტორთან ურთიერთობის შედეგად ქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ეს ორი სექტორი უნდა იყოს გამიჯნული და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის გარეშე ვერ იმუშავებს საჯარო და პირიქით. ეს პრინციპი თითქოს დამაბალანსებელი პროცედურაა. ახლა კი თუ კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენელი ერთი და იგივე ადამიანი იქნება, არ დაირღვევა ბალანსი?

სხვა ბიზნესის წარმომადგენელი არ დაიჩაგრება თუ საჯარო სექტორი ერთ კონკრეტულ ბიზნესს დაეხმარება?
ზუსტად ამიტომ, ბატონი ვალერი ვერ იქნება კარგი პოლიტიკოსი. მას უბრალოდ დრო არ აქვს პოლიტიკის საკეთებლად!

თუ ჩემი სიტყვები არ არის სამყოფი, შეგიძლიათ გადახედოთ წარსულს. ბატონ ვალერის 4-ჯერ ჩავაბარეთ პარლამენტის სკამი და დაპირებების გარდა ჩვენს ულამაზეს ქალაქში და ხაშურის სოფლებში არაფერი შეიცვალა. კი ვხვდები, რომ დაპირებების შეცვლაც საქმეა, მაგრამ ბატონი ვალერის ბიზნესი ყვავის, ხაშური კი ჭაობში იძირება.

ქალაქ ხაშურს სჭირდება ახალი სახე! ადამიანი, რომელმაც შეცდომებიც შეიძლება დაუშვას, მაგრამ ამ შეცდომებზე ისწავლოს მაინც. და თუ საქმე ფულის ფლანგვის სწავლაზე მივა (როგორც აქამდე არაერთხელ), შემდეგ უნდა ავირჩიოთ კიდევ ახალი სახე.

არჩევნებსაც ეგ მიზანი არ აქვს?!

ჩემი გულითადი თხოვნა იქნება, ნუ მისცემთ ადამიანს მე-5 შანსს. არა მხოლოდ პოლიტიკაში, ცხოვრებაში 2 შანსიც საკმარისია!

ნიკა ქიმერიძე, ეკონომიკის ბაკალავრი

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!