,,ხაშურის, როგორც ქალაქის სტატუსი 2021 წელს 100 წლისაა” – გიორგი ჩუბინიძე
,,Khashuri News”- ის რედაქტორი გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,10 წლის წინ, 2011 წელს შევქმენი გვერდი რომელსაც ,,ხაშურის მუნიციპალიტეტი” ჰქვია და ხშირად მუნიციპალიტეტის მერიის გვერდშიც კი ვეშლებით.
იმ დროს სოციალურ მედია ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში იწყებდა თავისი რიტმის გააქტიურებას. ქართული Facebook ანგარიშები ასეთი რაოდენობით ჯერ კიდევ არ იყო. ეს გვერდიც 50, 100, 200 ლაიქიდან 15.000 მომხმარებელზე ავიდა და დააგროვა ხაშურის საზოგადოებრივ-კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მასალები.
ჩვენ გაგაცანით არაერთი საინტერესო ხაშურელი, სრულიად სხვა თვალით დაგანახეთ ხაშურის ცხოვრება. ხშირად ვიყავით კრიტიკული (მაგრამ აკადემიურად კრიტიკული) პოლიტიკური პროცესების მიმართ.
გავიდა 10 წელი და ხაშურთან დაკავშირებული არაერთი ფეისბუქ-ანგარიში შეიქმნა.
საზოგადოება ბევრად უფრო გააქტიურდა და დაიწყო სხვა – პარალელური ცხოვრება, რომელსაც სოც-მედია ცხოვრება შეგვიძლია ვუწოდოთ.
არაერთი ადმინისტრატორი ჰყოლია ამ გვერდს, არაერთი წიგნიდან, საარქივო მასალიდან, ჟურნალ-გაზეთიდან ამოგვიღია ხაშურთან დაკავშირებული ცნობა და დღეს, ის უამრავი ხაშურთან დაკავშირებული გვერდი თითქმის ამ მასალებით არსებობს.
ხაშურელმა ახალგაზრდებმა შევქმენით აგრეთვე ვებ-გვერდი Khashuri News – პირველი დამოუკიდებელი და პირველი ონლაინ საინფორმაციო მედია ხაშურში.
ყოველივე ეს სრული ენთუზიაზმით!
არცერთ ჩვენგანს ამ 10 წლის განმავლობაში ამ მოხალისეობრივ საქმიანობაში არ აგვიღია ანაზღაურება.
ყოველთვის ვიყავით და ვართ ხაშურის განვითარების გულშემატკივრები, ყოველთვის დავრჩებით აკადემიურად კრიტიკულები და შევეცდებით ჩვენი პროფესიული საქმიანობის პარალელურად, არ შევწყვიტოთ ჩვენი ეს მოხალისეობრივი საქმიანობა (რომელსაც ბოლო დროს მოუცლელობის გამო მცირე დროს ვუთმობთ).
თქვენ კი, ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალ თაობას, სიხარულით შემოგთავაზებთ გახდეთ ჩვენი ამ ვირტუალური სოციალური მედიის გუნდის წევრი და ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ამ უკვე 10 წლიან პროპაგანდისტულ საქმიანობას შემოუერთდეთ.
ხაშურის, როგორც ქალაქის სტატუსი 2021 წელს 100 წლისაა. ამ გვერდის არსებობა 10 წლიან ისტორიას ითვლის.
გილოცავთ!”