პრესა და ტელევიზია ხაშურში – ხაშურის ისტორიიდან
ქალაქ ხაშურში პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი ტელეკომპანია „დია“ 1990 წელს დაარსდა და ჯერ ქალაქ ხაშურში, შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაუწყებლობდა. ტელეკომპანია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის ამბებს აშუქებდა და ამავე ტერიტორიაზე გადაიცემოდა. მისი მთავარი საინფორმაციო გამოშვება იყო „დრო”, რომელიც ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს იყო ეთერში. ასევე მზადდებოდა ახალგაზრდულ-შემეცნებითი გადაცემა ,,შესანიშნავი შვიდეული” და საყმაწვილო – შემეცნებითი გადაცემა „ბარიერი“. 2012 წლიდან ტელეკომპანია „დია“ შიდა ქართლს მოიცავს. ამჟამად იგი ეროვნული მაუწყებელია.
ბეჭდური მედიის დაარსება ქალაქ ხაშურში საბჭოთა იდეოლოგიასთანაა დაკავშირებული. „სტალინისის საყვირი“ ერქვა გაზეთს, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) სტალინისის (ხაშურის) რაიკომის, რაიაღმასკომის და პეოფსაბჭოს ორგანო იყო. გამოცემა იყო ხუთდღიური გაზეთი და 1931-1934 წლებში გამოდიოდა. იმ წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტს სტალინისის რაიონი ერქვა. რაიონის სახელის ცვლილებასთან ერთად გაზეთსაც შეეცვალა სახელი და 1934 წლიდან მას „ბოლშევიკური სიტყვა“ ეწოდა.
„ბოლშევიკური სიტყვა“ 1934-1953 წლებში გამოდიოდა. იბეჭდებოდა ქალაქ ხაშურში და მისი რედაქტორი აკაკი ლომიძე იყო. გაზეთი ექვს დღეში ერთხელ გამოიცემოდა. 1953 წელს მისი გამოცემა სხვა სახელწოდებით – „გამარჯვების გზით“ გაგრძელდა.
საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომისა და ხაშურის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს ორგანო „გამარჯვების გზით“ 1952-1962 წლებში, კვირაში სამჯერ გამოდიოდა. 1962 წელს იგი გაერთიანდა გაზეთთან „გამარჯვება“, თუმცა 1966 წლიდან კვლავ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა უკვე ახალი სახელწოდებით – „გამარჯვების გზა“. ის იყო საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომისა და რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს ორგანო, რომელიც 1966-1990 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობამდე ყოველდღიურად გამოიცემოდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ქალაქ ხაშურში და ხაშურის მუნიციპალიტეტში ხაშურის რაიონის დამოუკიდებელი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი „ალიონი“ 1990 წელს დაარსდა. გამოდიოდა კვირაში სამჯერ და მისი რედაქტორი რობერტ სუხიაშვილი იყო. გაზეთმა 1992 წლამდე იარსებდა.
1993 წლიდან დღემდე, ჯერ ხაშურის რაიონის, შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გამოცემაა „ხაშურის მოამბე“. მისი მთავარი რედაქტორია რობერტ სუხიაშვილი, ხოლო დირექტორი გოგი გოგოლაძე. გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდის. 2015 წლიდან გაზეთში ჩართულია ყოველთვიური ლიტერატურული ჩანართი „ლიტერატურული ხაშური“ ეკა ბაქრაძის რედაქტორობით. ამჯერად გაზეთი იბეჭდება თბილისში.
2015 წლის სექტემბერიდან ქალაქ ხაშურში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ ბაზაზე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ხაშური News“ შეიქმნა. საინფომაციო სააგენტო მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების გაშუქებაზეა ორიენტირებული.
„ხაშური News“ – ის გარდა შიდა ქართლის, მათ შორის ხაშურის სიახლეებს აშუქებს საინფორმაციო სააგენტო საინფორმაციო ცენტრი qartli.ge, რომელიც 2011 წელს დაარსდა.
გიორგი ჩუბინიძე