კახა კოჟორიძე: წარმატებისათვის სამი აუცილებელი პირობაა – განათლება, შრომა და მიზნის მიღწევის ძლიერი სურვილი
ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის #9 საჯარო სკოლის დარბაზში, 2016 წლის მაისში კახა კოჟორიძესთან შეხვედრა გაიმართა. იმ დროს იგი სამართლებრივ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა. ამასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გაზეთ ,,ხაშურის მოამბისთვის” ჟურნალისტმა თინათინ ახალკაცმა ინტერვიუ ჩაწერა. ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
17 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სკოლა დაამთავრა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, თავის ცხოვრება მკვეთრად შეეცვალა და იმ სკოლის კედლებში, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამდა, და სადაც მისი პიროვნული კონტურები გამოიკვეთა, უკვე ახალი თაობისთვის დაგროვილი გამოცდილება გაეზიარებინა. ამბობს, რომ შრომისმოყვარეობა ყველაზე მეტად დაეხმარა წარმატების მიღწევაში და გზამ, რომელმაც პრეზიდენტის მრჩევლობამდე მიიყვანა, ადვილი არ იყო. ცრემლნარევი ღიმილი სახეზე მისი აღმზრდელი მასწავლებლებისა, დაგარწმუნებდათ, რომ სწორედ ახლა, დიახ, ახლა გაიაზრეს მათ, რომ წლების წინ პირველ მერხზე მჯდარი პატარა, ბეჯითი, ნიჭიერი კახას მაგივრად, უკვე ასმაგად ნიჭიერი, ასმაგად ბეჯითი და გამო-ბრძმედილი, ჩამოყალიბებული კახა იჯდა, პრეზიდენტის მრჩეველი – კახა. ნებისმიერი რიგითი ხაშურელისთვის ის ყოველთვის ჩვენიანი იქნება – ჩვენებური, ჩვენი კახა კოჟორიძე, რომელმაც ნამდვილად შექმნა ინდივიდუალური ფორმულა, იმისათვის თუ როგორ გამხდარიყო წარმატებული.
რამდენიმე კითხვის დასმის საშუალება ,,ხაშურის მოამბესაც” მიეცა და ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა ჩვენ მკითხველსაც ჰქონოდა შესაძლებლობა მისი განვლილი ცხოვრების და გამოცდილების მოზიარე გამხდარიყო.
_ რას ნიშნავს თქვენთვის იმ სკოლაში კვლავ დაბრუნება, სადაც ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამდით?
– 1999 წელს დავამთავრე სკოლა, მას შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა. განსაკუთრებული განცდა მეუფლება ამ სკოლის კედლებში შემოსვლის შემდეგ, რადგან აქ ყველაფერი ნაცნობი და საყვარელია… არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეთქვას, ნეტავ კიდევ სკოლაში ვს-წავლობდეო. სკოლის პერიოდი ნამდვილად არის ის დრო, როდესაც შესაძლებლობა გაქვს, შეიქმნა მყარი საფუძველი მომავალი ცხოვრების უკეთ წარსამართავად, ის გაძლევს საბაზისო ცოდნას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა იყო როგორ მივაღწიოთ წარმატებას, განათლება ნამდვილად არის მთავარი გასაღები წინსვლისთვის. ამიტომაც, საჭიროა ამ დროის მაქსიმალურად გამოყენება. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა, ჩემი დაგროვილი გამოცდილება გავუზიარო მოსწავლეებს. დიდი მადლობა მეცხრე საჯარო სკოლას მოწვევისათვის და განასაკუთრებით ინგლისური ენის პედაგოგებს ასეთი საინტერესო ინიციატივისათვის.
– ბატონო კახა, მოგვიყევით თქვენი დღის რეჟიმის შესახებ?
– ცხადია, არავის გაუკვირდება, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბევრი საქმეა. საქართველოს პრეზიდენტისთვის რჩევების მიცემა, ერთის მხრივ, არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც გამოიხატება იმაში, რომ სანამ, რჩევა იქნება გაცემული, მას წინ უძღვის ძალიან დიდი მუშაობა, თითოეული საკითხის ღრმა ანალიზი, კარგად გააზრება, შესწავლა, მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება და პრეზიდენტამდე მიტანა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქვეყნის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში მისი მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, განცხადების გაკეთება და, რა თქმა უნდა, ეს მაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას და მავალდებულებს, რომ ვიყო ყოველთვის მზად, ყოველთვის ფორმაში და მუდმივად მობილიზებული, რათა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივ მოვლენებთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდეს სათანადო ინფორმაცია.
– პრეზიდენტს თუ დაჰყვებით ოფიციალურ შეხვედრებზე ან საგარეო ვიზიტებში?
– ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დროს, ანუ წავყვე თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ, ჩვენ გამოვდივართ შემდეგი პრინციპიდან, საზღვარგარეთ თუნდაც ერთი ადამიანის წასვლა არის დამატებითი ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ამიტომ თუ არ არის თანხლების პროტოკოლური აუცილებლობა, მე არ მივყვები. ასეთ დროს საჭიროდ ვთვლით, ის საკითხები, რომელიც უშუალო კავშირშია ჩემს სფეროსთან, წასვლამდე გავიაროთ და გა-ვაანალიზოთ კარგად პრეზიდენტთან ერთად. ვიდრე ის, რომ მე მაინცდამაინც უნდა ვახლდე საზღვარგარეთის ვიზიტებზე. ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არასოდეს მითხოვია პრეზიდენტისთვის საზღვარგარეთ წასვლა, რადგან ყოველთვის გამოვდივარ ისევ და ისევ აუცილებლობიდან. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო მოხელეების ვიზიტები დააფინანსოს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. და თუ მაინც დასჭირდა პრეზიდენტს, ვიზიტი დროს, ჩემს სფეროში კონსულტაცია, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.
– პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად, როგორია პრეზიდენტი პირად ურთიერთობებში?
– საქართველოს პრეზიდენტი არის ძალიან უშუალო და ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არ არის, ეს იმ ადამიანების აზრიცაა, რომლებიც პირადად იცნობენ ბატონ გიორგი მარგველაშვილს. და ვისაც კი რაიმე ფორმით ჰქონია ურთიერთობა მასთან, ძალიან მარტივად დარწმუნდება, რომ ის შესანიშნავია ადამიანურ ურთიერთობებში. ის არის პიროვნება, რომელსაც აქვს ის თვისებები, რომლებსაც მე ვაფასებ ადამიანებში, ესენია: პატივისცემა სხვა ადამიანის მიმართ, პატივისცემა საკუთარი სიტყვისა და პირობისა, ქვეყნის ინტერესების წინა პლანზე დაყენება. არაქედმაღლობა, სწორი დამოკიდებულებები როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებში, შესაძლებლობას მაძლევს, კომფორტულად ვიგრძნო თავი მის საზოგადოებაში.
– თქვენი ოჯახი… დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, რამდენად ახერხებთ ოჯახისათვის სათანდო დროის დათმობას?
– ეს არის უდიდესი პრობლემა ჩემთვის. მართალია ის ფაქტი, რომ რაც უფრო თანამდებობრივად წინ მიიწევ, მით უფრო წინა პლანზე იწევს ეს პრობლემა. რთულია, იმიტომ რომ მშობლების ურთიერთობა შვილებთან უმნიშვნელოვანესია. ვერავინ მისცემს ბავშვს იმ სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას, რისი მიცემაც მშობელს შეუძლია. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად დავგეგმო რაიმე, თუნ-დაც სადმე ერთად წასვლა, ან ვეთამაშო, მოვუყვე ზღაპრები ან უბრალოდ ვესუბრო მათ. ეს პრო-ცესი თავად ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ და მეც, სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა. ჩემი მეუღლესათვისაც, რა თქმა უნდა რთულია ჩემ დატვირთულ გრაფიკთან შეგუება თუმცა, მაინც გაგებით ეკიდება, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს, როდესაც, ხშირად, სახლში არ ვარ. მან იცის, რომ ეს აუცილებლობით არის განპირობებული, ანუ თანამდებობრივად გარკვეული ვალდებულებები მაკისრია და ყველანაირად ცდილობს, თავად მაინც, მაქსიმალური დრო გაატაროს ბავშვებთან და გვერდშიც დამიდგეს.
– როგორ ფიქრობთ, პროფესიული კუთხით, რას თვლით უდიდეს მიღწევად თქვენი ცხოვრების გზაზე?
– უდიდესი პატივია ჩემთვის რომ საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის მეთაურს, მივცე რჩევები და ჩემი წვლილი შევიტანო იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნის მართვა ჰქვია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის თანამდებობა, რაც დღეს მე მიკავია, არის უდიდესი მიღწევა ჩემი კარიერული წინსვლის გზაზე. ამავე დროს, უდიდეს მიღწევად ვთვლი იმ თანამდებობას რაც მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მეჭირა, ანუ თავმჯდომარის თანამდებობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის ყველაზე ცნობილი და დიდი არასამთავრობო, პროფესიული გაერთიანება, ძალიან ცნობილი და პროფესიონალი იურისტებისა და ხელმძღვანელობდე ასეთ სახელოვან და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციას, თანაც შენივე კოლეგების სურვილით, რადგანაც ეს თანამდებობა არჩევითია, არის უდიდესი მიღწევა და საამაყოა ჩემთვის. ,,საიამ” ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ჩემი პროფე-სიული განვითარების გზაზე და როდესაც გავხდი თავჯდომარე, ყოველთვის ვცდილობდი, ის პრინციპები და შეხედულებები, რაზეც დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია, დამეცვა და მებრძოლა ამ იდეალებისთვის.
– თქვენი ამჟამინდელი დაკავებული თანამდებობა არის თქვენი კარიერის პიკი თუ სამომავლო გეგმებიც დასახული გაქვთ კარიერული თვალსაზრისით?
– არასოდეს მიფიქრია იმ თანამდებობებზე, რასაც ვიკავებდი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. არასოდეს დამისახავს მიზნად, რომ გავმხდარიყავი ,,საიას” თავმჯდომარე ან პრეზიდენტის მრჩეველი, ეს მოიტანა სიტუაციამ და ალბათ, ჩემმა მონდომებამ, შრომისმოყვარეობამ და ცდამ, რომ ბოლომდე დავხარჯულიყავი იმ თანამდებობაზე, რაც მეკავა იმ ეტაპზე. არის თუ არა ეს პიკი, მე ეს არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს, თუნდაც, რომ იყოს პიკი, მე მაინც ვიქნები მოხარული, რადგანაც ნამდვილად საამაყოა ეს თანამდებობები, იყო ასევე სხვა პოზიციებიც, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის – ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისათვის” – თავჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა და სხვა, სადაც ვცდილობდი, მაღალი პროფესიონალიზმი გამომევლინა. Mმაგრამ, ის რომ საამაყოა არ ნიშნავს კმაყოფილებას, მე, ჩემის მხრივ, შევეცდები ვიყო აქტიური და ეს აქტიურობა რა თანამდებობას მომიტანს ხვალ, ზეგ თუ 5 წლის შემდეგ, ჯერ არ ვიცი.
– უდავოდ წარმატებული ხართ, ჩამოთვალეთ სამი თვისება თქვენში, რამაც წარმატებას მი-გაღწევინათ? საერთოდ, რა თვისებებია საჭირო რომ წარმატებულნი გავხდეთ?
– ამის ფორმულა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას – არის მონდომება, მეორე ეს არის შრომისმოყვარეობა, რადგანაც წარმატება ვერ მიიღწევა გარჯისა და შრომის გარეშე, და მესამე არის სწორი ხედვა, ანუ უნდა იცოდეს ადამიანმა რა უნდა ცხოვრებაში, საით მიდის, ამ შემთხვევაში, გაგიადვილდება დანიშნულ ადგილმდებარეობამდე მისვლა, მაგალითად, თუ ვიცით, რომ მივდივართ რკინიგზის სადგურზე, უნდა ვიფიქროთ როგორ ვიპოვოთ სწორი და ადვილი გზა, როცა არ ვიცით მივდივართ თუ არა რკინიგზის სადგურზე, ჩვენ, უბრალოდ, დავკარგავთ დანიშნულების ადგილს და შესაძლოა, დრო დავკარგოთ უაზრო ხეტიალში. ასე რომ, საჭიროა, სწორი ხედვის ჩამოყალ-იბება, მიზნის მიღწევის ძლიერი სურვილი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საწადელს.
წყარო: ხაშურის მოამბე