ხაშურის ბიბლიოთეკა შშმ პირთათვის მიუწვდომელია

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა 1937 წლიდან არსებობს და დაარსებიდან დღემდე მრავალჯერ იცვალა  იურიდიული ფორმა და სახელწოდება. დღეს ის წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სახელწოდებით ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა“.

მთავარი ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს მასში შემავალ საბავშვო და სურამის განყოფილებებს.

რაც შეეხება წიგნად ფონდს, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცულია 50 000-მდე, საბავშვო ბიბლიოთეკაში 20 000-მდე, ხოლო სურამში დაახლოებით 25 000 წიგნი.

ხაშურელებმა ნამდვილად უნდა ვიამაყოთ იმ ფაქტით, რომ ჩვენს ბიბლიოთეკას სერიოზული კავშირი აქვს ამერიკის საელჩოსთან და უკვე 10 წელია რაც ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში ფუნქციონირებს ამერიკის კუთხე.  ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია ამერიკელი მწერლების შესანიშნავი ნაწარმოებები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ჟურნალ-გაზეთები, ფოტო და აუდიო მასალები, ფილმები. ასევე, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უახლესი ტექნიკით და მიიღონ მონაწილეობა ამერიკის კუთხის მიერ განხორციელებულ ბევრ საინტერესო პროექტში. ამერიკის კუთხეში ცალკე გამოყოფილია საბავშვო ლიტერატურა სკოლამდელი ბავშვებისთვის, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის ყველა თაობის მკითხველისათვის და იგი ახალგაზრდებისათვის სასიამოვნო თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

ბიბლიოთეკას ურთიერთობა აქვს საქართველოში საფრანგეთის კულტურის ცენტრთან, რომელიც ბიბლიოთეკას ამარაგებს ფრანგულენოვანი და ფრანგი მწერლების მიერ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურით.

ბიბლიოთეკა თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელიც უამრავ გერმანულ სასწავლო და მხატვრულ ლიტერატურას აწვდის  ბიბლიოთეკას.

ცენტრალური ბიბლიოთეკა დიდი ხანია თანამშრომლობს ლიტვის საელჩოსთან საქართველოში. მათი მხარჭერით ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ლიტვის ცენტრი, კეთილმოეწყო ბიბლიოთეკის წინა ეზო, ასევე შენობას დაემატა ღია სივრცე, რაც დამატებით კომფორტს უქმნის ბიბლიოთეკის მკითხველს, რადგან აქ შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ასევე არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

2003 წლიდან ფუნქციონირებს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო IREX აშშ საელჩო საქართველოში. IREX- ცენტრში ხაშურის  მოსახლეობას საშუალება აქვთ უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით. ცენტრი,  ხაშურელებს 2003 წლიდან საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები.

ხაშურის ცენტრალური  ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში უკვე წლებია არის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი  წიგნები  და დისკები, რომელზეც დატანილია უამრავი წიგნის აუდიო ვერსია უსინათლოთათვის.

ბიბლიოთეკას ასევე აქვს ელექტრონული კატალოგი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით დაადგინოს არის თუ არა მისთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკაში.

მიუხედავ იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, წიგნადი ფონდების საცავებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, იქ მუდმივად სინესტე, სიცივე და უჰაერობაა, რაც წიგნებზე ცუდად მოქმედებს. სამწუხაროდ მთლიანად შენობაც საკმაოდ ძველია და ავარიულ მდგომარეობაშია.

მე, როგორც ხაშურელს, ნამდვილად მეამაყება ჩემი ბიბლიოთეკის, მიყვარს და პატივს ვცემ იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს, რომლებიც საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, თუმცა, მიუხდავდ მათი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისა საკმაოდ დაბალი ხელფასები(ანაზაურება) აქვთ. ისინი ყვლაფერს აკეთებენ ბიბლიოთეკაში  სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, რომ უფრო ხშირად მივიდეთ მათთან, წიგნებთან და ჩვენც უფრო მეტად შეგვიყვარდეს ბიბლიოთეკა. ჩემიო, იმიტომ ვამბობ რომ ის ჩემი ცხოვრების ოცწლიანი ისტორიის ოცივე წლის განუყოფელი ნაწილია. იქ არ დავბადებულვარ, თორემ გაზრდით იქ გავიზარდე, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს იქ მისვლაც და ყოფნაც.

ზეპირად ვიცი გრძელი დერეფნის ბოლოს, მეორე სართულზე ასავლელი ხის კიბის ოცდაერთივე  საფეხური.  ეს კიბეც მიყვარს, მაგრამ, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ არც უსაფრთხოა და არც კომფორტული. საკმაოდ მაღალი საფეხურები ხელს უშლის მკითხველს პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასვლაში.  ბიბიოთეკის თანამშრომლების, ასევე ჩემი, დიდი სურვილია რომ შენობაში იყოს ადაპტირებული კიბე, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების პირებმაც სხვათა დაუხმარებლად შეძლონ გადაადგილება და ბიბლიოთეკით სარგებლობა.

ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკა ნამდვილად ის ადგილია, იქ მისულს რომ წამოსვლის სურვილი აღარ გიჩნდება. ვისურვებდი უფრო მეტი ადამიანი დაინტერესებულიყო მისით და ეზრუნა მასზე.

ჩვენს ბიბლიოთეკას ბევრ საინტერესო წიგნს და მკითხველს ვუსურვებ.

ნინო შუბითიძე

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!