ნიკა მოსიაშვილის მიმართვა ხაშურისა და ქარელის ამომრჩეველს

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი – ნიკა მოსიაშვილი:
“ადამიანებო! და მაშასადამე ძვირფასებო!
ადამიანებო! და მაშასადამე გონიერო არსებებო!
ადამიანებო, ხაშურის, ქარელის, ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრის, შინდისის (და სრულიად საქართველოს) მოსახლეებო, ვიცი რომ გიჭირთ, ვიცი რომ უსამართლობა გაწუხებთ, ვიცი რომ იმედი გაქვთ გადაწურული, ვიცი რომ დაიღალეთ.
მე მესმის თქვენი.
მეც თქვენს გვერდით ვცხოვრობ.
ვიცი რას ნიშნავს იშრომო და შენი შრომის პროდუქტი არ დაგიფასდეს, ვიცი რას ნიშნავს შრომა და გარჯა.
მეც ერთ ჩვეულებრივ მშრომელ ოჯახში გავიზარდე. 13 წლიდან მე და მამაჩემი ტყეში დავიოდით შეშაზე. მერე სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი მამაჩემმა და ახლაც ამითაა დაკავებული. ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს.
ასევე ვიცი რას ნიშნავს ახალგაზრდებისათვის ის უპერსპექტივობა რაც ქვეყანაში სუფევს.
მე მესმის თქვენი.
ვიცი რომ აღარ ენდობით პოლიტიკოსებს.
აღარ ენდობით იმ პოლიტიკოსებს რომლებიც პიჯაკებში გამოწკეპილები გესტუმრებიან საარჩევნოდ და დაგპირდებიან აყვავებას, ფულს, სამუშაო ადგილებს, ქარხნების გახსნას, ტურიზმის განვითარებას, პენსიების და ხელფასების ზრდას, გზებს, წყალს, გაზს, მოვლა-პატრონობას და ა.შ.
დაგპირდებიან სულ ტყულად და ესეც იცით თქვენ.
თქვენთვის არავინ არის.
რეალურად სოფლის მეურნეობაზე, საწარმოებზე, ხელფასებზე, ბანკების პროცენტებზე საუბარი მათ მხოლოდ თბილი და კომფორტული კაბინეტებიდან შეუძლიათ. რომელთა ფულსაც თქვენ იხდით.
მათ არც კი იციან რამხელა შრომას წევთ თქვენ.
ვერც კი წარმოიდგენენ იმას თუ როგორ შრომობთ და მაინც როგორ გიჭირთ.
ან წარმოიდგენენ და უბრალოდ არ აინტერესებთ.
ადამიანებო, თქვენ ეს ხალხი არც არასდროს აღგიქვამდათ ადამიანებად, არც ახლა გიყურებენ ასე და არც მერე შემოგხედავენ.
თქვენ ამ ხალხისთვის ხართ ცხვრის ფარა და ისინი მწყემსები.
თქვენ ამ ხალხისთვის ხართ, იყავით და იქნებით ყმები და მონები, ისინი კი ბატონები.
და იცით რატომ?
იმიტომ, რომ თქვენ აძლევთ ამის უფლებას.
იცით რომ რასაც გპირდებიან არაფერი შესრულდება და მაინც მათ ემორჩილებით, მაინც მათკენ იხრებით.
რადგან მათ შთაგაგონეს რომ თქვენ მათ გარეშე ვერ იარსებებთ, რომ ისინი მშობლები და აღმზრზელები არიან, რომ მათ უკეთ იციან რა არის თქვენთვის კარგი, რომ ისინი უკეთ განკარგავენ თქვენს ფულს ვიდრე თქვენ.
არადა გულის სიღრმეში არ გჯერათ ამის.
ხომ ხშირად ამბობთ ხოლმე “გლეხი კაცისთვის არავინ არ არისო”?!
მართალია!
მართია რადგან ის პოლიტიკოსები რომლებიც თქვენ გესაუბრებიან და გპირდებიან ბედნიერ ცხოვრებას, ან სრულიად მოწყვეტილები არიან რეალობას, ან პოლიტიკაში ხედავენ გამდიდრების წყაროს.
მე არ გპირდებით იმას რასაც სხვები გპირდებიან.
მე არ გპირდებით იმას, რომ თქვენი ბატონ-პატრონი ვიქნები და ვიზრუნებ თქვენზე.
მე მხოლოდ ერთ რამეს გპირდებით – ამ მახინჯი სისტემის ტვირთის მოსახსნელად ვიბრძოლებ.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვეღარ წაგართვათ ბიუროკრატებმა და პოლიტიკოსებმა თქვენი ნაშოვნი ფული.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ თავისუფლად შეძლოთ საქმის კეთება, რომ ყოველი გაკეთებული საქმიდან “წილი” ვერ წაგართვათ მთავრობამ.
ვიბრძოლებ გადასახადების შემცირებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველ დღე უფრო და უფრო ნაკლები ფული დაგეხარჯებათ არსებობაში.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება თქვენ გადმოგეცეთ და თქვენ განკარგავდეთ მას.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შეძლოთ თქვენი შრომის ფასის განსაზღვრა თავადვე.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ თქვენ განსაზღვროთ თქვენი შვილების ბედ-იღბალი და განათლება.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ არ გქონდეთ უსამართლობის და უსუსურობის განცდა.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ იყოთ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი და ღირსეული ადამიანები.
მოდი არჩევნებზე, მიიღე მონაწილეობა შენი ყეთილდღეობის შექმნაში. რადგან ამას შენს გარდა ვერავინ გააკეთებს.
შემოხაზე 36 თუ არ გინდა კიდევ მოგეხაზოს.”

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!