ეკლესია და პოლიტიკური PR ხაშურში

პოლიტიკოსები რომ ეკლესიას პირადი პოლიტიკური ავტორიტეტის გასაზრდელად იყენებენ, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სიახლეს არ წარმოადგენს. ბოლო პერიოდის საპარლამენტო არჩვენებმა ამის არაერთი მაგალითი გვაჩვენა. თავის დროზე, ხაშურში, ეკლესიას იყენებდა ვალერი გელაშვილი, რომელმაც ყოველი საარჩევნო კამპანიისას მის მიერ აშენებული სურამის კვირაცხოვლის ეკლესია და ხაშურში, ჯერ დანგრეული და შემდეგ ხელახლა აშენებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის საკითხი გამოიყენა.

,,ქართული ოცნების” ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. საზოგადოებამ ყურად ვერ მიიღო ეკლესიის ჩართვა სააგიტაციო კამპანიაში, მაგრამ როგორც ჩანს, მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ, ,,ქართული ოცნების” ახალმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახლა უკვე ხაშურისა და ქარელის გაერთიანებულ ოლქში, წინამორბედის გამოცდილებაზე ვერაფერი ისწავლა და ახლადდაწყებულ საარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურად ჩართო ადგილობრივი ეკლესიის ავტორიტეტი.

ასე მაგალითად, ზაალ დუგლაძის ფეისბუქის გვერდზე, 30 აგვისტოს გამოქვეყნდა შემდეგი პოსტი:

,,ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩემს ოჯახთან ერთად დავესწარი მეუფე სვიმეონის მიერ ჩატარებულ წირვას ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერსში.
ყორანქედი მდებარეობს სოფელ პატარა თხილნარაში, სოფელ ხცისის ჩრდილოეთის ქედზე. იგი VIII საუკუნეში აიგო და მისი სახელწოდება ელიას ბიბლიურ თავგადასავალს უკავშირდება.
2008 წლამდე, აქ მხოლოდ ძველი ტაძრის ნანგრევები იყო შემორჩენილი. ამ ადგილის სიწმინდის შესანარჩუნებლად, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და მეუფე სვიმეონის დაუღალავი შრომითა და ხელმძღვანელობით აიგო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
მე და ჩემი ოჯახი მოხარულები ვართ და ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღე გავატარეთ ამ არაჩვეულებრივ ადგილას”.

აქვე ქვეყნდება ფოტოებიც:

ოდნავ მოგვიანებით, კანდიდატის გვერდზე, ქვეყნდება პოსტი, სადაც ზაზა დუგლაძე გვამცნობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის – სკრისა და ბეთლემის მოსახლეობას შეხვდა და საჯაროდ ასეთი დაპირებაც გასცა:

,,სოფლის მკვიდრებმა თავიანთი სახსრებით, გმირების სახელზე ეკლესია ააშენეს და დღესდღეობით გალავნის აგების სამუშაოები მიმდინარეობს. მზად ვარ მომავალში მხარში დავუდგე ბეთლემის მოსახლეობას ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენ ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!” – რამდენად გამართლებულია ეს პოლიტიკური სტრატეგია და რა ფორმით დაუდგება გვერდით ,,ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში” ზაალ დუგლაძე? მაჟორიტარი დეპუტატის მოვალეობა არის თუ არა მსგავსი დაპირებების, შეპირებების გაცემა და თუნდაც შესრულება? არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გაჟღერებული პოსტულატები? ეს ყოველივე მკითხველმა შეაფასოს.

ეკლესიას ისტორიულად უდიდესი როლი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, მაგრამ საქართველო დღეისათვის სეკულარული სახელმწიფოა და ყოველ მხრივ მიუღებელია რელიგიური გრძნობებით მანიპულირება, მითუმეტეს საარჩევნო კანდიდატის მხრიდან, რომელიც ამ გზით მხარდამჭერების მოზიდვას ცდილობს, თითქოს ეკლესია მის მხარესაა და ეკლესიის მრევლმაც მას დაუჭიროს მხარი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეკლესიაში, საღმრთო ლიტურგიას ნებისმიერი პოლიტიკოსი შეიძლება დაესწროს, ფოტოც გადაიღოს, ამაში არაა მმართველი მღვდელმთავრის ბრალი, ის ვალდებულია დალოცოს ყველა ერთნაირად, იქნება ეს ოპოზიცია, ხელისუფლება, თუ სხვა ნებისმიერი პირი.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!