ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კოჟორიძე დასახელდა

ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კოჟორიძე დასახელდა. კანდიდატები 2020 წლის 12 აგცისტოს ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

კახა კოჟორიძე 1982 წლის 2 იანვარს დაიბადა. მამა – კუკური კოჟორიძე, იურისტი, ხაშურის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი. დედა – ნინო ონოფრიშვილი, ხაშურის მე-9 სკოლის მასწავლებელი. კახა კოჟორიძემ დაამთავრა ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა (1999), ხოლო 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme, 2016-2017).

კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018). არის საადვოკატო ბიუროს – „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს საადვოკატო საქმიანობით. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ჯერ ადვოკატის, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე.

არის პოლიტიკური პარტიის – „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!