ხაშურის ტურისტული პოტენციალი – მწვანე ბანაკის ჩანაწერები
2019 წლის 17-27 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით ,,ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციამ” (Association for Khashuri Region Development) ,,გარემოსდაცვითი განათლების ახალგაზრდული მწვანე ბანაკი“ მოაწყო. ბანაკის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის და მედიაწიგნიერების შესახებ არსებულ სესიას ისტორიის ბაკალავრი გიორგი ჩუბინიძე გაუძღვა. სესიის ფარგლებში მწვანე ბანაკის მოანწილე სკოლის მოსწავლეებმა მცირე ჩანაწერები მოამზადეს, თუ რა შეგვიძლია ვნახოთ ხაშურის მუნიციპალიტეტში და როგორია მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი. გთავაზობთ რამდენიმე ჩანაწერს.
მთაწმინდა – მომავალი საკურორტო ადგილი ხაშურის მუნიციპალიტეტში
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე არის მშვენიერი მთა, რომელსაც ადგილობრივები ,,მთაწმიდას” უწოდებენ. ამ მთიდან იშლება შიდა ქართლის ულამაზესი ხედები. საუცხოო ადგილია სალაშქროდ, კარვებით დასაბინავებლად და ა.შ. აქ ასევე მდებარეობს XIX საუკუნეში ნაგები ტაძარი, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ის გამოირჩევა თავისი არქიტექტურით და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთაწმინდაზე ტურიზმის განვითარებაში. ყველაფერ ამის გარდა ძალიან კარგი ჰავაა. ამ ადგილში იკვეთება ბორჯომის და სურამის ჰაერის მასები, რაც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საუკეთესო ადგილია დასასვენებლად, განსატვირთად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ეს ლოკაცია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა უცხოელებისთვის. მთაწმინდაზე ასული ყველა დაინტერესებული ადამიანი ნახულობს შთამბეჭდავ ხედებს, კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლებს და უბრალოდ კარგად ისვენებს…
საზოგადოებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ უკეთესად შეიცნონ ეს ულამაზესი ადგილი თავისი მშვენიერი ხედებით. უნდა შევეცადოთ და მაქსიმალურად ავითვისოთ ტერიტორია ისე, რომ არ დაზიანდეს აქაური ეკოლოგია და არსებული ლანდშაფტი.
აქ შესაძლებელია გაკეთდეს მოსასვენებელი ადილები, კოტეჯები, პარკები რომ ტურისტებს, იქ დამსვენებელ ადამიანებს შეექმნათ უკეთესი პირობები, უფრო ადვილი და სასიამოვნო იყოს მათთვის იქ გატარებული დრო. ბუნების ასეთი მშვენიერი ქმნილებაა და ხალხმა მასზე არც კი იცის. დღეს არც ისე ცნობილი და პოპულარულია „მთაწმინდა“, თუმცა ყველანაირად შევეცდებით, რომ ზემოთხსენებულს გავუწიოთ პოპულარიზაცია და მალე ყველამ იცოდეს ამ ადგილის შესახებ, რადგან ეს არის ბუნების ულამაზესი ქმნილება, რომელიც შეიძლება გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტულ-რეკრეაციული ადგილი და ხაშურის სავიზიტო ბარათი.





რას ვნახავთ ოსიაურში?
ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს მოსახლეობისთვის ჰამაკებსა და ნაზუქებთან ასოცირდება, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ ეს პატარა, მაგრამ სიყვარულით სავსე მუნიციპალიტეტი გაცილებით საინტერესოა… ვფიქრობ, ხაშური თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით და არქიტექტურული ძეგლებით საინტერესოა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. თუმცა, იმისათვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ, ჯერ საჭიროა ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურული ძეგლების რესტავრაცია და პოპულარიზაცია.
წარმოგიდგენთ თუ რატომ უნდა მოვინახულოთ სოფელი ოსიაური, როგორ შეიძლება განვავითაროთ ის ტურისტული თვალსაზრისით და რა შეიძლება შევთავაზოთ ტურისტებს.
ვეზირიშვილების სასახლე
ვეზირიშვილების სასახლე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, ოსიაურის ციხისა და ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიის შუაში, საჯარო სკოლის უკან მდებარეობს. ვეზირიშვილების სასახლეს 2015 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მე-19 საუკუნეში სასახლეში თავადი ვეზირიშვილები ცხოვრობდნენ. თავად დიმიტრი ვეზირიშვილს ცოლად ჰყავდა რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და – ბაბალე ბარათაშვილი. აღსანიშნავია, რომ მელიტონ ბარათაშვილმა ნიკოლოზ ბარათაშვილის მამამ სიცოცხლს ბოლო ორი წელი სოფელ ოსიაურში გაატარა და აქვე გარდაიცვალა. იგი აქვეა დაკრძალული. ბარათაშვილებისა და ვეზირიშვილების გარდა, ამ სასახლესთან და იქ მცხოვრებ ვეზირიშვილებთან მაჩაბლების წარმომადგენელთა ცხოვრებაა დაკავშირებული.
ნინო დიმიტრის ასული ვეზირიშვილი ცოლად გაჰყვა ივანე მაჩაბლის ძმას, ვასილ მაჩაბელს. მათი ვაჟი კი ,,პრინც მაჩაბელად” წოდებული გიორგი მაჩაბელი იყო, რომელმაც აშშ-ში ცნობილი სუნამოების კომპანია დააარსა. ვეზირიშვილების სასახლე მე-19 საუკუნით თარიღდება . მეოცე საუკუნეში, 1974 წლამდე ამ შენობაში სკოლა იყო განთავსებული. როგორც ამბობენ , ვეზირიშვილების სასახლესა და ოსიაურის ციხეს შორის არის საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი…
სასახლე ბევრი გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული , ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხისა და უცხოელებისთვის ეს სასახლე ერთნაირად საინტერესო იქნება.
ოსიაურის ციხე
ოსიაურის ციხე მდებარეობს ზემო ოსიაურში, სოფლის ცენტრში . მისი ფუნქცია იყო საცხოვრისი, სათავდაცვო. ციხე XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება . საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 18 მარტს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა . ციხე ნაშენებია ფლეთილი ქვით (10X10 მ.) . ის ოთხი დაბალი კოშკისაგან და მათი შემაერთებელი კედლებისაგან შედგება. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. აქედან შევდივართ დახურულ სივრცეში, საიდანაც თაღოვანი შესასვლელები უკავშირდება გვერდითი კოშკების სათავსებს. იატაკი მიწითაა დაფარული და არ ჩანს, თუ რა მასალისაა. სათავსები პატარა, კვადრატული სარკმელებით არის განათებული.

რატომ კოკიწყარო?!
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ბევრისთვის დრემდე უცნობი სოფელი კოდიწყარო და ამავე სახელწოდების პატარა ტბა. ამ ადგილის სპეციფიურობა იმაშია, რომ მას გააჩნია პერსპექტივა თუ ჩვენ შევძლებთ და განვავითარებთ მას ტურისტული თვალსაზრისით. კოდიწყაროს გააჩნია უმშვენიერესი ბუნებრივი რელიეფი, ტბა, მთები… შესაძლებელია ამ ტბის გარშემო აშენდეს სასტუმრო და სასტუმრომდე მისასვლელი გზა რათა ხელი შეეწყოს დამსვენებლებს დასასვენებელ ადგილამდე მისვლაში. ტბის ირგვლივ თუ იარსებებს ისეთი დაწესებულება, როგორიცაა სასტუმრო მაშინ სავსებით შესაძლებელი იქნება ეს ადგილი გადაიქცეს ახალგაზრდული ბანაკების ჩასატარებელ ტერიტორიადაც და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ მომგებიანიც გახდეს.





თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!