თანამედროვე მედიის გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობა
ნინო სუხიაშვილი
2019 წლის 8 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად დარგის ექსპერტებმა და პროფესიონალებმა იმ პრობლემებზეც იმსჯელეს, რაც აწუხებს თანამედროვე მედიას როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
უკრაინული ონლაინ გამოცემა „Kramatorsk Post”-ის მთავარი რედაქტორის, ანდრეი ევჩენკოს განცხადებით, უკრაინული მედიისთვის მთავარ გამოწვევას ოლიგარქებზე დამოკიდებულება წარმოადგენს. ამასთან, ბეჭდვითი მედიისთვის მცირე ბაზარი და რეკლამის ნაკლებობა განვითარების დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორებია.
ბეჭდვითი მედიის მიმართ აუდიტორიის მზარდ სიმცირეს პრობლემად მიიჩნევენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, თუმცა, როგორც კონფერენციის მონაწილე ევროკავშირის ქვეყნების მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, როგორც ჩანს, ევროპის ქვეყნებში კიდევ მძლავრობს გაზეთის კითხვის კულტურა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ევროპის რეგიონებში მომუშავე ბეჭდვითი მედიის ორგანიზაციებს გაყიდვებთან მიმართებით განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნიათ. – მათ მოახერხეს შეენარჩუნებინათ მკითხველის ნდობა,- განაცხადეს მედია ექსპერტებმა.
კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერ მედია კავკასიას“ ხელმძღვანელი გალინა პეტრიაშვილი. ნაკლები შემოსავლები, ნაკლები აქტიურობა ბიზნესის მხრიდან მედიის მხარდაჭერის მიმართულებით – ეს პრობლემები დაასახელა მან ქართული, განსაკუთრებით კი რეგიონული მედიის წინაშე არსებული გამოწვევების მიმოხილვისას. პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართული მედიის განვითარებაში ჩადებული უდიდესი წვლილისთვის. საქართველოს მედიისთვის მთავარ გამოწვევად კი ის საინფორმაციო ომი დასახელდა, რომელიც რუსული პროპაგანდის მეშვეობით საქართველოს წინააღმდეგ არის გაჩაღებული.
აღმოჩნდა, რომ რუსული პროპაგანდა მხოლოდ საქართველოსთვის, ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არ არის პრობლემა და საკითხი ევროკავშირის ქვეყნებსაც მწვავედ ეხება. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი რადიო-4-ის ჟურნალისტის, არტურ აუკონის განცხადებით, ლიბერალიზმის პრინციპებისგან გამომდინარე, ესტონეთს არასდროს მიუღია გადაწყვეტილება რუსული არხებისთვის სატელევიზიო სივრცის დაბლოკვის შესახებ. ესტონეთში, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულენოვანია, აქვთ საშუალება უყურონ რუსეთის ტელევიზიებსაც და ინფორმაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის საშუალებითაც მიიღონ. ესტონეთის მოქალაქეები თავად აკეთებენ დასკვნას, თუ სად არის სიმართლე. დღეს უკვე მკაფიო ტენდენციაა, როცა ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები თავად მართავენ საინფორმაციო ნაკადებს, და თავად ირჩევენ, თუ რისი მოსმენა, ნახვა თუ წაკითხვა სურთ.
ე.წ. Fake News-ების და სიძულვილის ენის (Hate Speech)-ის პრობლემატურობაზე გაამახვილა ყურადღება ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უცხოური მედიის ანალიტიკოსმა – მედიის ფინელმა ექსპერტმა იარმო მაკედამ. მისი განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემებია ამ მიმართულებით სოციალურ მედიაში: ერთის მხრივ, Fake News-ის შემთხვევაში სიმართლის დამახინჯება შეგნებულად ხდება იმგვარად, რომ ადამიანი შესაძლოა შეცდომაში შევიდეს, მეორეს მხრივ კი სიძულვილის ენის წახალისება ხშირად მოქალაქეს და ჟურნალისტს უბიძგებს, რომ მოერიდოს კონკრეული მწვავე პრობლემის გაშუქებას, ანდა მოსაზრების გამოხატვას, რომ თავად არ იქცეს Hate Speech-ის მსხვერპლად. ფინეთის გამოცდილება სიძულვილის ენასთან მიმართებაში ასეთია: ფინურმა სასამართლომ დაადგინა, რომ სიძულვილის ენა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. კანონმდებლობის შესაბამისად, თუ გასაჯაროებული მასალა, ან კომენტარი შეიცავს სიძულვილის ენას, აუცილებლად უნდა დადგეს მის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Hate Speech-ის ავტორი ანონიმურია. ადამიანებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, როცა ისინი აფასებენ მოვლენებს, მაგრამ Hate Speech-ის გამოყენება ცალკეულ პირთა მიმართ უკვე კანონით არის შეზღუდული.
კონფერენციის მონაწილე მედია ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ პროპაგანდისტული საშუალებებით უამრავი სიცრუე ვრცელდება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროპული ცხოვრების ყოველდღიურობაზე. –დღეს, როცა სოციალური მედია განსაკუთრებით ძლიერდება, კიდევ მეტი ფასი დაედო მედია-საშუალებების და რიგითი ჟურნალისტების პროფესიონალიზმს. იმედი გვაქვს, მედიის წარმომადგენლები მოახერხებენ საზოგადოებას მიაწოდონ მართალი სიტყვა და ამითი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანონ დემოკრატიის განვითარების საქმეში, – აღინიშნა კონფერენციაზე.