„მშობლები განათლებისთვის“ – ტრენინგი ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში

6 დეკემბერს, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ტრენინგი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მშობლების ცნობიერების ამაღლებას და მათ საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას . ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი; ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები; სკოლის და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები; ძალადობა, სტრესი და ბულინგი სკოლაში. შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაციის დამფუძნებლები და ხელმძღვანელები: მეგი კავთუაშვილი და თაია მახარაშვილი, ტრენერი — მანანა ჯინჭარაძე.

ხაშური პირველი ქალაქია, საიდანაც დაიწყო ტრენინგების ციკლი და ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მომდევნო ტრენინგს თელავში გამართავს.

მეგი კავთუაშვილი: ,,პირველი, რაც დაარსების შემდეგ ორგანიზაციამ გააკეთა, ეს იყო მშობელთა საჭიროებების შესწავლა. ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტში შევხვდით 1500-მდე მშობელს. გამოიკვეთა, რომ მშობლებს სჭირდებათ ცნობირების ამაღლება და მეორეს მხრივ ადვოკატირება, იმიტომ რომ მათ უჭირთ შვილის სკოლასთან კომუნიკაცია. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები სწორედ ამ საჭიროებებს მოვარგეთ და დავიწყეთ ორი ამბიციური პროექტი: „მშობელთა სკოლა“ და სატელეფონო საკონსულტაციო მომსახურება – ნომერზე 219 60 80. ამ ყველაფერში დაგვეხმარა კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო“. ამჯერად ხაშურს „მშობელთა სკოლით“ ვეწვიეთ და ჩვენი პირველი ტრენინგი სწორედ აქ ჩავატარეთ. ხაშურის გარდა ტრენინგი ჩატარდა თელავში. დაგეგმილია გორსა და ახალციხეში. 2019 წლის თებერვალსა და მარტში ტრენინგები ჩატარდება დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებში. ჩვენი მიზანია, სხვადასხვა საშუალებებით და მათ შრის ტრენინგებით მივაღწიოთ მშობლებში ცნობიერების ამაღლებას. რასაკვირველია, ვიცით რომ ეს ვერ მოხერხდება ერთ ან ორ წელში, მაგრამ გვჯერა, რომ ყინული, რომლის ლღვობაც უკვე დავიწყეთ, აუცილებლად გალღვება. მშობლების დახმარებით სკოლა აუცილებლად მიაღწევს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რაც გულისხმობს 12 წლიანი სწავლების შემდეგ განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდას”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!