ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები, ჯილდოები და დაჯილდოებულები
ხაშურის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით. საპატიო წოდება „ხაშურის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ქვემოთ მოტანილია ხაშურის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:
2011 წელი
- იონას პასლაუსკასი — ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
- ამრიკო მაღლაკელიძე — გზათა მშენებელი;
2012 წელი
დაჯილდოება არ გამართულა.
2013 წელი
- ტოშიო კაიტანი — იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
- იობი (აქიაშვილი) — ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი.
- გიორგი ლობჟანიძე — აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი, მწერალი, მთარგმნელი;
- გოჩა ტყეშელაშვილი — პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი.
2015 წელი
- მიხეილ ქავთარია — ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში, კერძოდ კი ქართული ხელნაწერების კვლევის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
- ანდრეი გაზაროვი — უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი, ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობაში, კერძოდ კი ხაშურისა და ნოვოგრად–ვოლინსკის მეგობრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
- ვახტანგ კვინიკაძე — დამსახურებული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონების აღზრდისათვის;
- მერი ხარაბაძე — დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
- თამაზ ლაცაბიძე — ისტორიკოსი, მკვლევარი, ხაშურის ისტორიული წარსული კვლევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
2016 წელი
- კლარა ელჩიბეგაშვილი — ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენისა და იაკობ გოგებაშვილის მედლის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის;
- ნინო გელაშვილი — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
- თენგიზ ოსაძე — ხაშურის „ივერიის“ გუნდის კაპიტანი, ვეტერან სპორტსმენი ხაშურში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
- ლევან გვაზავა — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეციერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.
2017 წელი
- მურად მთვარელიძე — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ორმოცამდე წიგნის და ორასზე მეტი სამეცნიერო–პოპულარული სტატიის ავტორი;
- ელზა მენაბდე — დამსახურებული ექიმი, ხაშურის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს და ევროპის კარდეოლოგთა ასოციაციის, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი;
- თემურ კობერიძე — საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი, დამსახურებული სპორტსმენი, მწვრთნელ–მასწავლებებლი, მის მიერ გაწვრთნილი გოგონათა გუნდი მოიპოვა მსოფლიო პირველობის საგზური ჰოლანდიაში გასამგზავრებლად, გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორგზის საქართველოს ჩემპიონი პლაჟის ფეხბურთში;
- რობერტი სუხიაშვილი — ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ხაშურის კულტურის განყოფილების უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ხაშურის ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორი.
2018 წელი
- გიედრიუს პუოჯუნასი — ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის განსაკუთრებული პარტნიორობისთვის, ერთობლივი პროექტების ინიცირებისა და განხორციელებისათვის;
- დიმიტრი ტალახაძე — დამსახურებული მომღერალი;
- ავთანდილ დვალიშვილი — დამსახურებული აგრონომი, სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია — ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო 2015 წლის 1 ივნისიდან. იგი ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის. გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება შვიდი წევრით. კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები- მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი. პრემია აგრეთვე ენიჭება ნომინანტს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე, ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.
ქვემოთ მოტანილია დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის მფლობელები წლების მიხედვით:
2015 წელი
- გურამ ყორანაშვილი — ისტორიკოსი, მკვლევარი;
- თამაზ ლაცაბიძე — ისტორიკოსი, მკვლევარი, ხაშურის ისტორიული წარსული კვლევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
2017 წელი
- თამაზ ჯოლოგუა — ფილოლოგი, პროფესორი, მკვლევარი;
- თამარ მიქაძე — მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ