ხაშურის დელეგაცია სოროკას მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემას გაეცნო

ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების ფარგლებში მიმდინარე პროექტი „პლატფორმა“, რომელშიც ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მონაწილეობს, გრძელდება. პროექტის მონაწილეები ამჯერად ლატვიის საგანმანათლებლო სისტემას გაეცნენ ქალაქ ბაუსკას მაგალითზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტისა და მოლდოვეთის სოროკას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბაუსკას საბავშვო ბაღი, ბაუსკას მეორე საშუალო სკოლა, ეწვიენ სამხატვრო და მუსიკალურ სკოლებს, ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს და საცურაო აუზს.

   ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს იმ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, რაც პროექტის მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ. ხაშურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მდგომარეობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მთვარისა ძინძიბაძემ. საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოცდილებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ მოხსენება წარმოადგინა ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ. პრეზენტატორებმა და დელეგაციის წევრებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს. 

   ბაუსკას ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში პროექტის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ ცენტრის აქტივობებში. ხაშურის ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჯოჯიშვილმა ლატვიელ კოლეგებს იმ პროგრამების შესახებ მოუთხრო, რაც ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ხორციელდება.

   პროექტი „პლატფორმა“, რომელიც ბაუსკას მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით კიდევ არაერთ ღონისძიებას ითვალისწინებს.

წყარო: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!