ხაშური – ბავშვობის ფერებით აჭრელებული
თბილისში თოვს..
დიდი ხანია მინდა მოთოვოს, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს თოვს.. მინდა ბარდნიდეს, ისე, რომ თითის მიტანა ჭირდეს ცხვირთან. მინახავს მე ასეთი თოვა (თანაც არაერთხელ).
დღევანდელმა თოვლმა ხაშური გამახსენა და მივხვდი, როგორ მომენატრა ჩემი პატარა „სახლი-ქალაქი“. ტყუილად არ შემირქმევია ეს სახელი. ხაშური ჩემთვის ყოველთვის სახლთან, ბავშვობასთან და მეგობრებთან ასოცირდება. სახლთან, სადაც მე მუდამ ის პატარა ნინიკო ვარ და ისე ზრუნავენ ჩემზე, როგორც მაშინ, პირველად რომ ამიყვანეს ხელში. (მართალია ბევრჯერ მითქვამს ბუზღუნით, რომ გავიზარდე, გეყოფათ, რა არის საშიში, თბილად მაცვია.. თუმცა გულის სიღმეში მიხაროდა ასეთი დამოკიდებულება.) მენატრება ხაშური, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა, მე ყოველთვის თბილად ვარ.
ეს პატარა, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი ქალაქი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. ადგილი, რომელიც უამრავ მოგონებას აღმიძრავს. დავდივარ ქუჩებში და ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია. ვისთვის ერთფეროვანი, ნაცნისფერი და „ღვთისგანაც კი მივიწყებული ხაშური“ ჩემთვის ბავშვობის ფერებითაა აჭრელებული. ხაშური ჩემი პატარა ისტორიის დიდი ნაწილია. ამ ქალაქს ჩემი პირველი ტირილი, პირველი ნაბიჯები, პირველი სიხარული, სიყვარული, მარცხი, იმედგაცრუება ახსოვს.
კარგად მახსოვს ყოველდღიური რუტინით დაღლილი, ერთსა და იმავე ქუჩაზე სიარულით გაბეზრებული, როგორ ვნატრობდი და მინდოდა თავი დამეღწია, მოვშორებოდი ხაშურს. წავედი, თუმცა ყოველთვის როცა ვბრუნდები გული სიხარულით მიცემს. მაბედნიერებს დაბრუნება. ხაშურში ყოველთვის კარგად ვარ. ხშირად მეკითხებიან ამის მიზეზს, მე კი არ ვიცი. ალბათ სადაც ერთი საყვარელი ადამიანი მაინც გეგულება ყველგან ბედნიერი ხარ, მე კი ხაშურში ასეთი არაერთი მყავს.
დღეს, თბილისში თოვს. როგორც ყოველთვის ფანჯარასთან ვზივარ და ეზოს ვუყურებ. ეხლა რომ ხაშურში ვიყო, ისე როგორც ბავშვობაში, სულ სხვანაირად იქნებოდა. იმდენხანს ვიწუწუნებდით და გავუწვრილებდით მშობლებს გულს, მე და ჩემი მეგობრები, საბოლოოდ დაგვნებდებოდნენ და გაგვიშვებდნენ ეზოში. მერე, სათითაოდ ჩამოვურბენდით ერთმანეთს. ვისრიალებდით, ვიგუნდავებდით, ვიციგავებდით და იმდენხანს ვიგორებდით თოვლში, ვიდრე სულ არ დავსველდებოდით და გავიყინებოდით. სახლში მისულები დავიფიცებდით, რომ ასე მეორედ აღარ მოვიქცეოდით, თუმცა დილიდან იგივე დაიწყებოდა. აი ახლა ყურში ჩამესმის ჩემი და ჩემი მეგობრების ბედნიერი სიცილ-კისკისი, შეძახილები.
ფანჯრიდან კი დღეს თბილისის ხედია. ხალხისგან დაცლილი ქუჩები, თითქოს ყველა თოვლს ემალებაო.
დღეს ალბათ სწორედ ისე თოვს ხაშურში მე რომ მიყვარს.
ნინო შუბითიძე / 2015 წელი