არჩევნები ხაშურში – რა შედეგს აჩვენებს “ქართული ოცნება”?
ხაშურში მმართველი გუნდის მიმართ უნდობლობა უკვე ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში ჩატარებულ თითქმის ყველა არჩევნებში მმართველმა გუნდა სხვა მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა. საქართველოში უპრეცედენტო მოვლენა იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხაშურის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი გელაშვილის მარცხი და სიმონ ნოზაძის გამარჯვება. აღნიშნული ფაქტი ვერ აღმოჩნდა “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისისთვის მაგალითი და მათ ხაშურის მერობის კანდიდატად 2017 წლის არჩევნებზე კვლავ გიორგი გურასპაშვილი წარადგინეს. მის მიმართ ხაშურელთა განწყობა მკვეთრად უარყოფითია და ამას მოწმობს ბოლო დროინდელი აქციები, რაც ხაშურში მიმდინარეობს, ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი გურასპაშვილის მიერ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებანი, მისი ადმინისტრაციის მხრიდან სოციალურ ქსელში ე.წ. ადვოკატურ-გამოსარჩლებითი კამპანია, სადაც მათი ოპონენტები შეურაცხყოფილნი და გალანძრულნი რჩებიან, ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და ა.შ. 2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34%-მა. ხაშურში მეორე ტური ჩატარდა, სადაც ხაშურის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა, მაგრამ არჩვენებზე გამოცხადებულთა 61,31%-ით. 2017 წლისათვის გამგებლის თანამდებობა მერის სახელწოდებით შეიცვალა. ხაშურის პირველ მერად გიორგი გურასპაშვილი აირჩიეს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხაშურში “ქართული ოცნების” რეიტინგი და ზოგადად ადგილობრივი გუნდის მუშაობა, მათ შორის ხაშურის მერის საქმიანობა არჩევნების შედეგებზეც ნათლად გამოჩნდა. ხაშურში 49370 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე 21797 კაცი გამოცხადდა, ანუ სულ 44.15%. აქედან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 43,17% აიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 33,16%. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ადგილობრივ დონეზე მმართველი გუნდის მუშაობას, რაც ცხადია შემდგომში ამავე ტენდენციით გაგრძელდება, თუ გუნდში ან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხში ცვლილებები არ დაიწყო.