სურამი ძველად – ფოტოქრონიკა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი ისტორიული წარსულით, თუ ბუნებრივი პირობებით. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.  2014 წლის აღწერით დაბაში 7 492 კაცი ფიქსირდება. არაერთ ისტორიულ დოკუმენტში სურამი ქალაქადაა მოხსენიებული. სურამში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

XII-XIII სს-ში სურამი ქართლის ერისთავთა რეზიდენციაა, ხოლო სურამის ციხე – მათი თავდაცითი ბაზა და სტრატეგიული სიმაგრე. XIX საუკუნის ბოლოს (1872 წლიდან) მის ტერიტორიაზე გადიოდაფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზი, რომელმაც სურამის ქედის ქვეშ სარკინიგზო გვირაბის გაყვანის შემდეგ ფუნქცია დაკარგა. დღეს ის მხოლოდ ადგილობრივი მიმოსვლისთვის გამოიყენება. სურამი საბავშვო პროფილის კურორტია. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს მშრალი, სუბტროპიკული ჰავა და დაბის ირგვლივ 120 ჰექტარზე გაშლილი ფოთლოვანი ტყე, რომელშიც ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი მასივებია შერეული. დაბაში მრავლად არის სხვადასხვა სახის მინერალური წყაროებიც. როგორც კურორტი, სურამი სახელს იხვეჭს XIX საუკუნის ბოლოდან. რუსეთ-თურქეთის ომის დროს აქ სამხედრო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა. მაშინ აღმოაჩინეს, რომ სურამის კლიმატი დადებითად მოქმედებდა მალარიით დაავადებულ პაციენტებზე. თანდათან სურამი პოპულარული სააგარაკო ადგილი გახდა. 1938 წელს სურამში გაიხსნა ბავშვთა სახლი, სადაც მეორე მსოფლიო ომის წლებში ობლად დარჩენილი 300-400 ბავშვი ცხოვრობდა. 1948 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიენიჭა, სადაც ფუნქციონირებდა რამდენიმე სანატორიუმი და დასასვენებლი სახლი.

  მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.
  სამკურნალო ჩვენება: სახსრების ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური დაავადებები.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!