ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა ხაშურელ ახალგაზრდებთან
2018 წლის 2 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დარბაზში ლიეტუველი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსი და საქართველოში ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენელი ადელინა ნალივაიკაიტე ხაშურელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრის ,,თანამონაწილეს” დირექტორი დიანა გელაშვილი იყო, რომელიც ხაშურში ახალი რეკრეაციული პარკის მოწყობას უწევს კოორდინირებას.
ლიეტუველმა სტუმრებმა ხაშურელ მოსწავლეებს გააცნეს ევროპული გამოცდილება, თუ როგორ შეუძლია ინდივიდს უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი გარემო. ყოველგვარი დამატებითი რესურსის გარეშე გააკეთოს სასარგებლო საქმე, აიყოლიოს სამეგობრო წრე და მაგალითად იქცეს. ხაშურელ ახალგაზრდებთან დისკუსიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დასახელდა, რომელთაგან აღსანიშნავია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამკითხველო დარბაზების, ბიბლიოთეკების არარსებობა, ეკოლოგიური პრობლემები, სპორტული და კულტურული აქტივობების ნაკლებობა, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გამოუყენებლობა და ა.შ. თავის მხრივ ლიეტუველმა სტუმრებმა ახალგაზრდებს ხაშურში დაგეგმილი ახალი რეკრეაციული პარკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მის მოწყობაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ამ მნიშვნელოვან საქმეში გამოკვეთეს ახალგაზრდების როლი და შემდგომი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.