ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სატივის საჯარო სკოლას წიგნები გადასცა
2018 წლის 29 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – მირიან ხოსიტაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებთან და ცდილობს გაამდიდროს მათი წიგნადი ფონდი. მირიან ხოსიტაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სატივის საჯარო სკოლასთან მსგავსი თანამშრომლობა გაგრძელდება და ეროვნული ბიბლიოთეკა მზადაა პერიოდულად მიაწოდოს ახალი გამოცემები. დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალი დარბაზი გახსნა. ბიბლიოთეკა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდებს და ახალი პროგრამების გაცნობას და მათში მონაწილეობას სთავაზობს.
სატივის სკოლის ბიბლიოთეკას აგრეთვე გადაეცა საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის შრომების კრებულები.
სკოლაში პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობა და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორის, სატივის სკოლის პედაგოგის შორენა მჭედლიძის განცხადებით მოსწავლეები დიდი მონდომებით ცდილობდნენ ჩართულიყვნენ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო დღეებს მიეძღვნა და მასში ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.