,,შეკრა წითელი” და ხცისელი მებატონე
1887 წლის 30 იანვრის ნომერში გაზეთი ,,ივერია” იუწყება, რომ გორის მაზრის თავად-აზნაურებმა გადაწყვიტეს შეკრიბონ მიდამოებში განთქმული ქართლელი მომღერლები და ცნობილ ჩეხ მომღერალს იოსებ რატილის მოასმენინონ. მის მიერ მოწონებულ სიმღერას პატივცემული რატილი პროფესიონალურად დაამუშავებდა და ნოტებად გადაიტანდა. ცნობის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მომღერალთა შორის მიიწვევენ თომა ციციშვილს, რომელიც იმ დროს განთქმული მომღერალი იყო და რომელიც შესანიშნავად ასრულებდა საგვარეულო სიმღერას, სახელწოდებით ,,შეკრა წითელი”.
სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია თომა ციციშვილის ეს ნაქები სიმღერა თუ დღეისათვის სადმე შემორჩა და ბატონმა იოსებმაც თუ შეძლო მისი მოსმენა და ჩანიშვნა.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ დროში ავცდით თომა ციციშვილის სასახლის ნგრევის პერიოდს, რომელიც ბოლო ათწლეულების შედეგია. ეს სასახლე დღეს თითქმის მთლიანად გამქრალია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაშიც კი შეხვდებით.
ციციშვილების სასახლე 1874 წელს იქნა აშენებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, რომელიც ციციშვილების საბატონოს წარმოადგენდა. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო განთავსებული.