ქვიშხეთის ,,მთაწმინდა” – მიმალული მშვენიერება (ფოტოები)
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე არის მშვენიერი მთა, რომელსაც ადგილობრივები ,,მთაწმიდას” უწოდებენ. ამ მთიდან იშლება შიდა ქართლის უმშვენიერესი ხედები და საუცხოო ადგილია სალაშქროდ, კარვებით დასაბინავებლად და ა.შ.
ქვიშხეთში ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, აღინიშნება დღეობა დღესასწაული, მთაწმინდობა. ადრე ეკლესიის გვერდით, აშენებული იყო პატარა ხის სადგომი,რომელსაც საქალებოს ეძახდნენ, ქალები აქ ათევდნენ ღამეს, მამაკაცები-ცალკე. ამჟამად აქ მამათა მონასტერია.
“მთაწმინდობა” დღეს ოჯახებიდან, ვისაც შეთქმული ჰქონდა, თეთრებსა და წითელ სამოსში გამოწყობილები, ადიოდნენ ტაძარში და ლოცულობდნენ, აჰქონდათ ხატები.
გადმოცემით, უფრო ადრეულ წლებში, ბოლშევიკური რეჟიმის დაწყებამდე, დღესასწაულის დროს, დიმიტრი ყიფიანის ეზოშიც იშლებოდა რამდენიმე რიგად მაგიდა და სტუმრებს დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე მასპინძლობდა. შემდგომ წლებში, დღეობის სწორს, მომდევნო ხუთშაბათს, კიდევ უფრო მეტი ხალხი ადიოდა სალოცავზე.
ქვიშხეთის მკვიდრნი იხსენებენ, რომ სუმბათაშვილებიდან მთაწმინდამდე გვირაბი ფუნქციონირებდა, რომლის შუა ნაწილის ნაშთები კოშკის უბანში აღმოაჩინეს.









