აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტები უკრაინასა და საქართველოს საინფორმაციო ბრძოლაში თანადგომას უცხადებენ

როგორ ვებრძოლოთ ღია ანტიდასავლურ პროპაგანდას და როგორ მოვიპოვოთ უპირატესობა საინფორმაციო ომში მაშინ, როცა ჩვენს მართალ პოზიციას ათასგვარ ფეიკთან უწევს გამკლავება. ამ საკითხებზე სასაუბროდ უკრაინის დედაქალაქ კიევში ქართველმა და უკრაინელმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო ომი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ეს პრობლემა დღემდე აქტუალური და დაუძლეველია, -აცხადებენ ექსპერტები აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.

„რუსეთი ოკუპანტი არ არის, ის საკუთარ ინტერესებს იცავს“; „უკრაინა შეუმდგარი სახელმწიფოა რომელსაც არ აქვს უნარი მოაგვაროს პრობლემები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ“ – მსგავსი ნარატივით არის გაჯერებული პროპაგანტდისტული ინტერენეტ სივრცე უკრაინაში, ყვება პროექტ „Stop Fake”-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიქტორია რომანიუკი კიევის კრიზისულ მედია ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. სიტუაცია ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა ქართველი სტუმრებისთვისაც.

„Stop Fake“ უკრაინული ინტერნეტ პროექტია, რომელიც გლობალურ სივრცეში ყალბ ინფორმაციას – ე.წ. ფეიკებს (Fake news) ეძებს და შემდგომ მათს გადამოწმებას და მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს როგორც უკრაინაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ენებზე მომზადდეს, – აღნიშნავს ვიქტორია საუბრისას, – საინფორმაციო ომში გადამწყვეტია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული და მეტმა გაიგოს სიმართლე.“

თუმცა, უკრაინის მთავრობის ვიცე პრემიერის კომუნიკაციის ოფიცრის, ანდრეი კლიმჩუკის განცხადებით, უკრაინა საინფორმაციო ომში ჯერჯერობით მარცხდება, რადგან რუსულ კაგებეს უკრაინელებთან შედარებით მეტი ფული აქვს. თუმცა, ბრძოლა მაინც შესაძლებელია, – აღნიშნავს კლიმჩუკი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტები უკრაინასა და საქართველოს საინფორმაციო ბრძოლაში თანადგომას უცხადებენ, რადგან თვლიან, რომ ეს პრობლემა არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ მთელს მსოფლიოს აწუხებს.

მასალა მოგვაწოდა ნინო სუხიაშვილმა.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!