ხაშურის პირველი სკოლის რეაბილიტირებული კორპუსი 29 ნოემბერს გაიხსნება

ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული კორპუსი 2017 წლის 29 ნოემბერს გაიხსნება. სკოლის დირექტორის, ისტორიკოს მორის დანდურიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კორპუსის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

მორის დანდურიშვილი: ,,პირველი ეტაპი – განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები შენობის კონსტრუქციამდე, კერძოდ საყრდენი კედლების და ნაწილობრივ სართულშუა გადახურვის კოჭების გარდა;
მეორე ეტაპი – მოეწყო იზოალუმინის კარფანჯრები და მოხდა შენობის გადახურვა მოთუთიებული თუნუქით, მოეწყო სართულშუა კიბე ლითონის ჩარჩოზე ანაკრები რკინაბეტონის საფეხურებით და ლითონის მოაჯირით;
მესამე ეტაპი – კედლების ლესვა, იატაკის მოჭიმვა, გათბობის სისტემის და სანკვანძების მოწყობა და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მოწყობა, ანაკრები რკინაბეტონის ბორდიურების მოწყობა სარეაბილიტაციო შენობის პერიმეტრზე და სარინელის მოწყობა;
მეოთხე ეტაპი – ხის კოჭების მოწყობა და გემბანური იატაკის დაგება;
მეხუთე ეტაპი – შეკიდული ჭერის მოწყობა სანათებით, სამღებრო სამუშაოები, იატაკის მოხვეწა და შეღებვა ლაქით, ფასადის პირველი სართულის შელესვა და შეღებვა, სანიტარულ კვანძებში მოჭიქული ფილების მოწყობა”.

მისივე თქმით ახლადრეაბილიტირებული შენობა ე.წ. ,,დაწყებითების კორპუსი” იქნება. აქვეა ადაპტირებული ტუალეტი, მოეწყობა მინი სპორტდარბაზი, მზადდება რესურსოთახი. შენობას აგრეთვე აქვს სამი პანდუსი.

აღსანიშნავია, რომ ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს და იგი ამ მხრივაც მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.

1915 წლის 11 აპრილს, თბილისიდან ხაშურში ჩამოვიდა საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი. 12 აპრილს, ეგზარქოსმა ხაშურის რკინიგზის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ეგზარქოს პიტიმირის წინამძღოლობით შეკრებილი დიდძალი ხალხი ჯვრით ხელში გაემგზავრა იმ ადგილისკენ, სადაც საფუძველი უნდა ჩაყროდა გიმნაზიის შენობას. პროცესში მონაწილეობდა გიმნაზიის მოსწავლეთა სასულე ორკესტრი. 12 აპრილს, კვირას, 12 საათზე აკურთხეს ხაშურის სავაჟო სრულფასოვანი გინაზიის შენობის საძირკველი. კურთხევას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბ. რუდოლფი, თბილისის გუბერნატორი ბ. სტახოვსკი, საპატიო სტუმრები და ათიათასამდე ხალხი. 1916 წლის იანვარს ხაშურის ვაჟთა გიმნაზია ახლადაშენებულ შენობაში გადავიდა. 1915 წლის ნოემბრიდან ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გვერდით არსებობა დაიწყო ქალთა გიმნაზიამაც.

2016 წელს შენობას 100 წელი შეუსრულდა, ხოლო 2017 წლის 29 ნოემბერს, დილის 09:20 საათზე რეაბილიტირებულ კორპუსთან ერთად სკოლა სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შენობის გახსნას სავარაუდოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრება.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!