მოსაყდრეობის ისტორიული ექსკურსი

ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე მოსაყდრეობასთან დაკავშირებით შემდეგ ისტორიულ ექსკურსს გვთავაზობს:

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ( მეოცე საუკუნის მოკლე ისტორიული ექსკურსი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა 1917 წლის სექტემბერში დამტკიცებულ მართვა გამგეობის დებულებაში, სადაც ეწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეა ტფილელი მიტროპოლიტი. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორის პატრიარქად არჩევის შემდეგ ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე გამოცხადდა პატრიარქის მოსაყდრედ, რომელიც უწმიდესი კირიონ მეორის ავადმყოფობის შემთხვევაში თავმჯდომარეობდა საკათოლიკოსო საბჭოს სხდომებს, 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში უწმიდესი კირიონის მკვლელობის შემდეგ მიტროპოლიტი ლეონიდე როგორც მოსაყდრე ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას 1917 წლის 27 ივნისიდან 1918 წლის 23 თებერვლამდე, ვიდრე არ მოხდა მისი პატრიარქად კურთხევა. 1920 წლის მართვა-გამგეობის დებულებით მცხეთა-თბილისის ეპარქია გაერთიანდა კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოდ, მაგრამ დარჩა მოსაყდრის ინსიტიტუტი, რომელიც გამოიყენა ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან დევნილმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ. მან 1925 წლის 30 ოქტომბერს ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი კალისტრატე აკურთხა ეპისკოპოსად, იმავე დღეს მიუბოძა მიტროპოლიტობა, დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და გამოაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1926 წლის 30 დეკემბერს მეუფე კალისტრატემ ვერ გაუძლო ეპისკოპოსების დაპირისპირებას (განსაკუთრებით ქუთაისის კრების მონაწილე ეპისკოპოსების) და მოსაყდრეობიდან გადადგა. 1927 წლის ივნისში ჩატარებულმა მეოთხე საეკლესიო კრებამ პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ამავე კრებამ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოარჩია ქუთათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), რომელმაც 1930 წელს პატრიარქთან დაპირისპირების გამო უარი თქვა მოსაყდრეობაზე… 1945 წელს დამტკიცებულ მართვა-გამგეობის დებულებაში კვლავ არის მოსაყდრის ინსტიტუტი, რომელიც გამოიყენა უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ, როდესაც 1969 წლის 24 ივლისს მარგველი ეპისკოპოსი დავითი (დევდარიანი) დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და დანიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის მოსაყდრედ. 1960 წლის10 იანვარს წმიდა სინოდმა მოსაყდრე დავითი გაათავისუფლა მოსაყდრის თანამდებობიდან და მის ნაცვლად აირჩია მიტროპოლიტი ეფრემი, რომელიც 20 თებერვალს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა უწმიდესი ეფრემ მეორე, რომელსაც წერილობითი განკარგულებით მოსაყდრედ დატოვებული ჰყავდა მიტროპოლიტი დავითი. იგი 1972 წლის 1 ივნისს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქად. 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი დავით მეხუთე, როდესაც გახსნეს პატრიარქის სეიფი გაირკვა, რომ არ არსებობდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ვინაობის შესახებ წერილობითი განკარგულება, საღამოს 19 საათზე შეიკრიბა წმიდა სინოდი, რომელმაც მოსაყდრედ აირჩია უპირატესი მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა ილია (შიოლაშვილი) იგი მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა 1977 წლის 23 დეკემბრამდე. 1977 წლის 16 დეკემბერს გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტმა ზინობმა, ეპისკოპოსებმა გიორგიმ და გრიგოლმა მხარი დაუჭირეს მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატად წარდგენას. 1977 წლის 23 დეკემბერს მიტროპოლიტი ილია არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!