მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პატრიარქის მოსაყდრედ დაინიშნა
უწმიდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი).
,, კანონიკური განმარტება მოსაყდრეობასთან დაკავშირებით
1. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულება ზუსტად არ განსაზღვრავს, თუ როდის უნდა იქნეს დადგენილი ეკლესიის მეთაურის მოსაყდრე.
2. დებულებაში მხოლოდ ისაა მითითებული, თუ როდის იწყება მოსაყდრის უფლებამოსილება. ეს გარემოებებია:
ა) კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისას;
ბ) კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომისას;
გ) სხვა ისეთი მიზეზის არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ უფლებამოსილებათა შესრულებას.
3. ცხადია რომ, სამივე მიზეზი გულისხმობს ერთს: თუ კათოლიკოს-პატრიარქი ვეღარ (და არა – ვერ) ასრულებს თავის უფლებამოსილებებს. სხვა შემთხვევაში ეკლესიის მეთაურის მოვალეობას ასრულებს მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქი.
4. მოსაყდრის ძირითადი მოვალეობაა, მართოს ეკლესია ახალი მეთაურის არჩევამდე და უზრუნველყოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზება და ჩატარება” – დავით ჩიკვაიძე