რა მოხდა სურამში 1984 წლის 19 მაისს! ( სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ”გზა”, 29.05.14. #29)
1984 წლის 19 მაისი. კომკავშირის ხაშურის რაიკომში ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღე მთავრდებოდა, როდესაც პირველი მდივნის კაბინეტში უშიშროების ხაშურის განყოფილების უფროსი კუკური ცქიტიშვილი შევიდა. სულ ათიოდე წუთი დაჰყო მან მდივანთან. მისი წასვლის შემდეგ კი იმავე კაბინეტში საორგანიზაციო საქმეთა განყოფილების უფორსი ოთარ ხაჩიძე იხმეს.`ხვალ, დილის 8 საათზე, ჩვენი აქტივისტები ათი კაცი მაინც, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან უნდა იყვნენ”, – მიიღო მან დავალება. რისთვის და რატომ, ეს არ იცოდა არც მდივანმა და მითუმეტეს, არც საორგანიზაციო განყოფილების გამგემ. სხვათაშორის, როგორც შემდეგ გაირკვა, არც ხაშურის სუკის შეფმა იცოდა, რისთვის იყვნენ საჭირო აქტივისტები. ოპერაცია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ძალზე მაღალ ინსტანციებში, საქართველოს გარეთ დაიგეგმა, გრიფი ”სრულაიდ საიდუმლოც” დაედო და მისი ძირითადი არსის შესახებ ალბათ ორმა-სამმა კაცმა თუ იცოდა.
კომკავშირელები დილის 7 საათზე საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან შეიკრიბნენ. წუთების დაწყებული იყო 8 საათი, როდესაც ფაბრიკასთან ოთხი ”იკარუსის” მარკის ავტობუსი გაჩერდა. მათი ესკორტიკი 8 მსუბუქი მანქანისგან შედგებოდა. კომკავშირელები სწრაფად აიყვანეს ავტობუსებში და როგორი იყო მათი გაოცება, როდესაც ავტობუსებში მთლიანად შეიარაღებული ჯარიკსაცების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ავტობუსები სწრაფად დაიძრნენ, ხაშურს გასცდნენ და გეზი სურამისაკენ აიღეს. სურამის ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ორი ”იკარუსი” მაღლიდან – ე.წ ”ახალი გზიდან” შევიდა დაბაში, ორმა კი სურამში – ციხის გადასახვევთან დაამუხრუჭეს. ავტობუსებიდან ისეთი სისწრაფით გადმოცვივდნენ ჯარისკაცები და ისე სწრაფად დაიკავეს ებრაელებით დასახლებული უბნის ყველა მისასვლელი თუ პატარა ჩიხი, გასაგები გახდა, რომ მათ მცირე რუკები თუ გეზ მაჩვენებლები წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი და რეპეტიციაც გავლილი. სულ წუთები დასჭირდა და უბანი მთლიანად ჩაიკეტა. საინტერესო დეტალი: უბანში შესვლის მსურველებს ოპერაციის მსვლელობისას დაუბრკოლებლივ შეეძლოთ გადაელახათ ჯარისკაცების კორდონი თუ პოსტები და ნებისმიერ სახლში შესულიყვნენ, აი, გამოსვლით კი ძე ხორციელი ვერ გამოაღწევდა იქიდან. რაცშეეხება ჯარისკაცებს, ისინი თბილისში დისლოცირებული მე-8 პოლკის მოსამსახურენი იყვნენ. ეს პოლკი კი, მოგეხსენებათ, КГВ-ს დაქვემდებარებაში იყო.
ეგრეთ წოდებული,”აბლავკები” ამ უბანში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ, როგორც წესი, ისინი, ასე ვთქვათ, საჩვენებელ ხასიათს ატარებდა, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ვითომდა მაშინდელი ხელისუფლება სპეკულაციას ებრძოდა, სინამდვილეში კი ამ გზით შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მსხვილი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. ორივე მხარე – ერთისმხრივ ხელისუფლება, მეორესმხრივ კი ებრაელთა სათემო – მკაცრად იცავდა დადგენილ წესებს. ყოველთვიურად მოლაპარაკებული და დადგენილი ”სტავკა” საჭირო მისამართზე მიდიოდა. ამიტომაც იყო, რომ ჩვეულებრივი ”რიგითი აბლავკების” შესახებ წინასწარ იცოდა ყველამ და უბანიც, ასე ვთქვათ, მომზადებული ხვდებოდა ”ხიფათს”. ამ ოპერაციაზე კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სრული საიდუმლო იყო დაცული და მის შესახებ ალბათ მხოლოდ საქართველოს სუკის მაშინდელმა შეფმა და მისმა ერთი-ორმა მოადგილემ იცოდა.
მაშ ასე, ოპერაციის პირველი ნაწილი წარმატებით განხორციელდა. რაც მთავარია, დამგეგმარებთათვის მიზანი მიღწეული იყო – სრული მოულოდნელობა. ვერცერთმა ოჯახმა, ვერცერთმა კაცმა ვერაფრის გადამალვა თუ კონსპირირება ვერ მოასწრო. ეგზეკუნტარტებს პირდაპირ ხელის გულზე გადაშლილი დახვდათ ყველაფერი. საინტერესოა,რომ მთავარი ”დარტყმა” დაახლოებით ათ-თხუთმეტ ოჯახზე განხორციელდა, სადაც მართლაც ტოტალური ჩხრეკა დაიწყო. უბნის დანარჩენი მოსახლეობის ბინებში კი შედარებით ”მსუბუქი” დათვალიერებები ხდებოდა. ძირითადი და საქმეში გაწაფული ძალები სწორედ იმ ოჯახებში შეიჭრა. როგორც გამოჩნდა, მათ შესანიშნავად იცოდნენ კონკრეტული მისამართები და ყოველგვარი კითხვების გარეშე შევარდნენ ამ სახლებში. ჩხრეკის ობიექტი ყველაფერი იყო_ სხვენები, სარდაფები, საკუჭნაოები, თვით ტუალეტებში,ბევრგან იატაკის ფიცრებიც კი აიყარა. კედლებშიც ეძებდნენ საიდუმლო საცავებს. თითოეულ სახლში მინიმუმ ხუთი კაცი დაძრწოდა დათავდაყირა აყენებდა ყველაფერს. რაც შეეხება კომკავშირელებს, ისინი ბინებს არც გააკარეს. მათ თავიდანვე მკაცრად აუკრძალეს ვინმესთან კონტაქტი და ჩხრეკის დასრულებამდე ქუჩაში აცდევინეს. დასასრულს კი რაღაც ფურცლებზე მოაწერინეს ხელი. ჩვენ რამდენიმე მათგანი მოვიძიეთ და მათ დღემდე არც იციან, რაზე მოაწერეს ხელი. როგორც ჩანს КГВ-ს მაინც ერთგვარი ოფიციალური სახის მიცემა ჰქონდათ დავალებული და გარკვეული ოქმები შედგა, თუმცა შემდეგ ეს ოქმები თვალით არავის არ უნახავს. არადა, თვითმხილველთა ნაამბობით, სახლებიდან უამრავი რამ გამოიზიდა. მხოლოდ იმპორტული საქონელი იმდენი დაგროვდა, რომ სპეციალური, წინასწარ მომზადებული ტომრები საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ პირდაპირ ყრიდნენ ავტომობილებში. ასევე დაილუქა ძალიან დიდი რაოდენობის მსხვილი ასიგნაციები, ძვირფასეულობა და ოქრო.საერთო ჯამში ასეულ-ათასობით მაშინდელი მანეთის საქონელს და ძვირფასეულობას მიაგნეს. დღეს შეუძლებელია კონკრეტული ციფრის დადგენა, რადგან КГВ-ს არქივები ამის შესახებ არაფერს იუწყებიან.და რომც შეძლოს კაცმა ამ არქივების ჩხრეკა,ვეჭვობთ, რამეს მიაგნოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგარი ოქმები არც არქივისთვის იყო გამიზნული და არც სასამართლოებისთვის. თუ დღევანდელ კურსს შევუსაბამებთ, მაშინდელი ასიათასები დღეს უკვე მილიონებია და მაშინდელი კორუფციის ჭაობში ჩაფლული რომელი ჩინოვნიკი გაუშვებდა ხელიდან ასეთ ლუკმას?! მითუმეტეს, რომ არც განმკითხავი იყო არავინ. ან რომელი ინსტანცია გაუბედავდა და მოსკოვში КГВ-ს გენერლებს ჩხრეკისას ამოღებულ ძვირფასეულობას მოთხოვდა?
მაინც რა იყო ასეთი საიდუმლო ოპერაციის მიზეზი?რა მოხდა ისეთი,რომელმაც მაშინდელი ერთგვარი შინაგანაწესი დაარღვია: მე გიხდი იმაში, რომ შენ ”არ დაინახო”, რასაც ვაკეთებ. როგორც ჩანს,საქმე იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ჩვეულებრივი ვაჭრობა, ან როგორც სოციალისტური კანონები ღაღადებენ, სპეკულაცია იყო. და ამ სპეკულაციის საგანიც ისეთი ნივთი (თუ ნივთები) წამოტივტივდა, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სქემაში ჯდებოდა. ამიტომაც ჩაერია საქმეში КГВ და მილიცია გვერდზე ჩააჩოჩა.
მაშ, ასე! რა მოხდა სურამში 1984 წლის19 მაისს?
ვერსია პირველი
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრული. საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს ასაკი ისე მოეძალა და ისე დაუძლურდა, რომ არა თუ ქვეყნის მართვა, რამდენიმე სიტყვის გადაბმაც კი უჭირს. მარაზმის აპოთეოზი სახეზეა. ერთ დროს ძლევამოსული მდივანი მოსიარულე ჩუჩელად იქცა და ქვეყანას, ფაქტობრივად, სხვა ვეშაპები მართავენ. ბრეჟნევი ქვეყანას კი არა, უკვე ოჯახის წევრებსაც ვეღარ აკონტროლებს. მისმა ნებიერა ქალიშვილმაც საბოლოოდ აიწყვიტა. გალინა ბრეჟნევა არც მანამდე იკლებდა არაფერს და უამრავჯერ მოხვდა კრიმინალურ სიტუაციებშიც კი. ხოლო 70-იანი წლების ბოლოს საერთოდ გავიდა თავს. იმის გარდა,რომ იგი ”გენსეკის” შვილი იყო, ამავდროულად სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილის ჩურბანოვის მეუღლეც გახლდათ. ვინ რას გაუბედავდა? გალინოჩკას ორი პათოლოგიური მანია სჭირდა _ ალკოჰოლის უზომო მოხმარება და მთავარი გადახრა _ ბრილიანტების მანიაკალური სიყვარული. სამედიცინო ენაზე პირველს ალკოჰოლიზმი ჰქვია, მეორეს არც აქვს სახელი.თუმცა მას ჰქონდა მესამე ”გადახრაც” _ საყვარლებს მუდამ ცირკის მსახიობებს შორის ირჩევდა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ასეთი იყო ეკვილიბრისტი ევგენი მილიაევი და ასეთი იყო ბოშური წარმოშობის ბორის ბურიაცი.ამ უკანასკნელთან ერთად გალინამ მთელი რიგი ”საგმირო საქმეები” აკეთა. მწვერვალი კი ე.წ. ”ბალერინას საქმე” გახლდათ.
70-იანი წლების ბოლოს მაშინდელ ლენინგრადში სკანდალური ძარცვა მოხდა – მოიპარეს ცნობილი პრიმა-ბალერინას ბრილიანტების კოლექცია,როემლსაც სამუზეუმო დანიშნულება ჰქონდა.ძარცვამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია,რომ ძიებაში КГВ ჩაერთო.საქმე გაიხსნა და კვალი გალინა ბრეჟნევამდე მივიდა.სწორედ მისი დავალებით განახორციელა ბორის ბურიაცმა ეს ძარცვა. ბრილიანტები მფლობელს დაუბრუნდა. თუმცა არასრული სახით. კოლექციიდან გაქრა მისი მშვენება – შავი ბრილიანტი,რომლის საბაზრო ფასი რამდენჯერმე აღემატებოდა კოლექციის ფასს. საქმე მილიონებს ეხებოდა. მცირე რაკურსი:ბრილიანტი ალმასის, ნახშირბადის კუბრუი ალოტროპული ფორმის,დამუშავებული სახეა. მისი უმთავრესი თვისებ ალუმინ ესცენციაა – მზის სინათლის და განსაკუთრებით კათოდური შუქის ზემოქმედებით იგი გამოსხივების საოცარ ფეიერვერკებს აწყობს. საიუველირო ალმასების უმრავლესობა არის უფერო, ყვითელი და ყავისფერი. თუმცა,არც თუ იშვიათია წითელი,მწვანე და ცისფერი ალმასებიც. აი,შავიკი მართლაც მოვლენაა. ზემოხსენებული ბრილიანტი ზომით 40 კარატს უტოლდებოდა და კლასიკური 57 წახნაგით მარკიზას ფორმის იყო (მარკიზად იწოდება ბრილიანტი,რომელიც ოვალური ფორმისაა ორი წვეტიანი კუთხით).
ის შავი ბრილიანტი, სხვათაშორის, დღემდე არაა ნაპოვნი და მისიკვალი გაქრა. თუმცა 1993 წელს დიმა იაკოვლევმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოაქვეყნა კიდეც გაზეთში „არგუმენტი ი ფაქტი“, რომ ამ შავი ბრილიანტის კვალი 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, კერძოდ, კი სურამში გამოჩნდა. მართლაც საინტერესო ფაქტია. ჩვენი ერთ-ერთი ვერსიაც სწორედ ამიტომ უკავშირდება შავ ბრილიანტს. რატომ არ შეიძლება ამ ფაქტს ვერსიის უფლება ჰქონდეს? ანდა, რატომ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ შავიბრილიანტი სურამში შეიძლება მოხვედრილიყო? შესაძლოა სწორედ მარკიზას უკავშირდებოდა ის საიდუმლო ოპერაცია?
ვერსია მეორე
ამ ვერსიას თვითონ სურამში უფრო მეტი მომხრე ჰყავს და არ არის გამორიცხული, ეს უფრო ახლოს იყოს სინამდვილესთან.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოს „შავი ბაზარი“ (თუმცა, არც სსრკ-ს მსხვილი ქალაქები იყო გამონაკლისი) წალეკა იმპორტულმა საქონელმა, ე.წ. “შმოტკებმა”, რომელიც სრულებითაც არ იყო იმპორტული. გასაგები გახდა, რომ ფარულად მოქმედებდა იატაკქვეშა საამქროები, სადაც ძალზე მაღალი ხარისხისს ტანსაცმელი იკერებოდა და, რაც მთავარია, არავინ იცოდა,საიდან და რა გზით, უცხოეთიდან შემოსული ცნობილი ბრენდების იარლიყი ერტყმოდა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ასეთი საამქროები საქართველოში ახალციხეში, ქუთაისში და თბილისში არსებობდა. სსრკ-ს მასშტაბით კი ყველაზე დიდი – ოდესაში. ქსელი ისეთი მასშტაბური იყო, რომ КГВ-ს ინტერესის სფეროში მოექცა. სუკისათვის განსაკუთრებულ ინტერესს საზღვარგარეთთან კონტაქტი წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ დაიგეგმა ის საიდუმლო ოპერაცია.
გმირობის ტოლფასი სიკვდილი
საიდუმლო ოპერაცია სამ საათში დასრულდა. ყველას გასაკვირად,მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ”მამხილებელი” ფაქტი დაგროვდა, ოპერაციის შემოქმედებმა ისე დატოვეს სურამი, არავინ დაუკავებიათ. საბჭოთა რეჟიმში გამობრძმედილ ებრაელთა სათემოს კარგად ესმოდა, რომ ასე ”იოლად” საქმე არ დამთავრდებოდა და ეს ფაქტი ბევრს შეიწირავდა. სიტუაცია უბანში უკიდურესად იყო დაძაბული. ნებისმიერი საქმეში მონაწილის დაკავება და სუკის ჯურღმულებში ჩაგდება, თავისთავად ნიშნავდა, რომ რაოდენობა გაიზრდებოდა და შესაძლოა ათეულობით კაცი მოხვედრილიყო იმ ჯოჯოხეთში. ყველაფერი კი ერთმა კაცმა განმუხტა – ნამთალ გაგულაშვილმა,რომელმაც თავი მოიკლა და ამ სიკვდილით ბევრი თანამემამულე იხსნა. ეს იყო მართლაც გმირობის ტოლფასი სიკვდილი.ამ სიკვდილით განტევების ვაცი ნანახი იქნა და მთელი საქმეც ერთ კაცზე ”შეიკერა”. დღეს სურამში იმაზეც საუბრობენ, რომ ამ ტრაგედიის წინ კენჭისყრა მოხდა და განტევების ვაცის როლი ნამთალ გაგულაშვილს ერგო. თუმცა, ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ღირსეული პიროვნების საოცარ საქციელს. პირიქით, ეს მართლაც ჰოლივუდური სცენა უფრო ამაღლებს მასაც და ყველა კენჭისყრაში მონაწილესაც. წარმოგიდგენიათ, როგორი ვაჟკაცობაა, როდესაც ათ, ოც თუ ოცდაათ პიროვნებას შორის კენჭი იყრება და ერთი დანარჩენის სიცოცხლეს ეწირება.ამ ერთმაც უდრტვინველად მიიღო ეს ”განაჩენი”. სხვათაშორის, დღესაც, როდესაც იმ თაობის სურამელ ებრალეთა აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელშია, როგორც გვითხრეს, ფაქტობრივად, არ არსებობს სუფრა, სადაც ფეხზე ადგომით არ გაიხსენონ ამ კაცის დამსახურება და ღირსეული პატივი არ მიაგონ მის ხსოვნას.
პ.ს. ძვირფასო მკითხველო! აქ მოთხრობილ ამბავს არ აქვს ჟურნალისტური გამოძიების პრეტენზია, რადგან თითქმის შეუძლებელია 30 წლის წინ მომხდარი საქმის შესახებ დეტალური ფაქტების თუ მტკიცებულებების მოძიება. არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველა აქ მოთხრობილი ფაქტი აბსოლუტური სიზუსტით გადმოვეცით. რა თქმა უნდა, იქნება რაღაც ცდომილებები. ამიტომაც, თუ ვინმე დამატებით დეტალს გაიხსენებს, ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს.
ლადო გოგოლაძე