ხაშურში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების უახლესი ისტორია (მოკლე მიმოხილვა)

საქართველოში და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1998 წლის 15 ნოემბერს პირველად ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები. ამის შემდგომ იწყება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირება საქართველოში. 2002 წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები. საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაც. 2006 წლის 5 ოქტომბრს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან 44698 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოექცნენ. 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ამავე წლის 12 დეკემბერს ხაშურის გამგებელი რიონ მახარობლიძე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო გამგებლად გიორგი ბერაია დაინიშნა. ამ თანამდებობას იგი 2012-2014 წლებში იკავებდა. 2014 წლის მარტში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად მამუკა ხაჩიძე დაინიშნა. 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ამ წელს პირდაპირი წესით პირველად აირჩნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები. ხაშურის გამგებლობისთვის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ხმათა 51,39%-ით გამარჯვება კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გამგებლობის კანდიდატმა – გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი ვაჟა შუბითიძე გახდა. 2017 წლის 21 ოქტომბერს კიდევ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34%-მა. 2017 წლისათვის გამგებლის თანამდებობა მერის სახელწოდებით შეიცვალა. სულ მალე ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის თარიღს შემოგვთავაზებს,  სადაც გაირკვევა ვინ იქნება ხაშურის მერი 2017-2021 წლებში.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!