გადაუხურავად დატოვებული მუზეუმი – რა ხდება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ირგვლივ?

2017 წლის აგვისტოში,  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო.  უკვე რამდენიმე კვირაა მუზეუმის რესტავრაცია შეჩერებულია.  მუზეუმის სახურავი სარესტავრაციო სამუშაოების გამო გადახდილია და ასევეა მიტოვებული.  საზოგადოება ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს – რა ხდება მუზეუმის ირგვლივ?

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა: ,,დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხელშეკრულების პირობების და გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
დემონტაჟის და სარეკონსტუქციო სამუშაოების მსვლელობისას, საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაც ხორციელდება საპროექტო ორგანიზაციასთან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და საექსპერტო ბიუროსთან შეთანხმებით. აღნიშნული პროცესები უცხო არ არის სამშენებლო პროცესისთვის, მითუმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს ისეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, როგორიც დიმიტრი ყიფიანის სახ-მუზეუმია.
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა, მოწყობილია სახურავის კონსტრუქცია და უახლოეს ხანებში დაიწყება გადახურვის სამუშაოები.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანიისთვის თანხის ჩარიცხვას, შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, სადაც ნათლად და გარკვევით წერია, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება მას შემდეგ, რაც შემსყიდველს მიმწოდებლის მხრიდან წარედგინება შესაბამისი დოკუმენტაცია. (მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა#2) რომლის შემდგომაც შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფი შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში მოახდენს ანგარიშსწორებას.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა და მხოლოდ არსებულმა გუნდმა აიღო პასუხისმგებლობა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე.
მუნიციპალიტეტი მოუწოდებს ყველას, ამათუიმ თემით დაინტერესებისას მიმართონ შესაბამის სამსახურებს, რათა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას არაკომპეტენტური მოსაზრებების ტირაჟირება თავიდან იქნას აცილებული”.

აღნიშნული განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომენტარის სახით 4 ოქტომბერს დაწერა,  თუმცა ამ დრომდე საკითხი მოუგვარებელია.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!