ხაშურის მუნიციპალიტეტი და მიკოლო ბაჟანი
ვინ არ ახსოვს ხაშურის მუნიციპალიტეტს ცნობილ მოღვაწეთაგან. განსაკუთრებით კი ქვიშხეთის უმშვენიერეს სოფელს, სადაც მწერლები და საზოგადო მოღვაწენი ატარებდნენ ზაფხულის ცხელ დღეებს დიმიტრი ყიფიანისეულ სახლში. 1920-იანი წლების ბოლო ხანებში ქართველ მწერლებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ხჩირად ჩამოდიოდა მიკოლა ბაჟანი – უკრაინელი პოეტი, პუბლიცისტი, კულტუროლოგი, ენციკლოპედისტი, მთარგმნელი. სწორედ მიკოლო ბაჟანმა თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი” უკრაინულ ენაზე.
ცისფერყანწელთა ძმობის ერთი ღირსეული წარმომადგენელი შალვა აფხაიძე კი ლექსად გაიხსენებს ქვიშხეთში ბაჟანთან გატარებულ დღეებს:
მიყუჩდა ქარი და დამშვიდდა ეს დღე ვეება,
ვხედავ ლაჟვარდში მარტოდ მქროლავ მხიარულ მერცხალს,
მთაწმინდის ალი ცეცხლმოდებულ ღრუბლებში წვება
და ბინდის ნამი ხეებს, ბალახს, ყვავილებს რეცხავს.
ვსვამ მთების ჰაერს, ვგრძნობ ფილტვები ჯანით მევსება,
ღამის დუმილში შეუმჩნევლად გადადის ჟამი,
მიწის გულს შლიან ახალ ნერგთა ნორჩი ფესვები,
იქ ოთახში კი შთაგონებას უხმობს ბაჟანი.


მომზადებულია მურად მთვარელიძის ,,ხაშურის მისტერიის” ჩანაწერების მიხედვით.