ხაშურში ხატწერის სკოლა-სახელოსნო გაიხსნება

ხაშურში ხატწერის სკოლა-სახელოსნო გაიხსნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “თბილისი თაიმსთან” ინტერვიუში ხატმწერმა ირაკლი ლიჩელმა ისაუბრა. მისივე თქმით ხატწერის სკოლა-სახელოსნო წმიდა მარინეს დედათა მონასტერში ივნისიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხატწერის შესწავლა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ირაკლი ლიჩელი: საქართველოში უამრავი მსოფლიო დონის საეკლესიო მხატვრობის ნიმუში იქმნებოდა, შემსრულებლები კი რათქმაუნდა ბერები იყვნენ, რომლებიც სამონასტრო სახელოსნოებში იზრდებოდნენ,  როგორც ხატმწერები. დღეს კი სამწუხაროდ ხატწერამ მონასტრიდან ერში გადმოინაცვლა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე ვფიქრობ ხატწერა მონაზვნის საქმეა. ამიტომაც დიდი სურვილი მქონდა გამეკეთებინა სამონასტრო სახელოსნო სადაც მონაზვნები ჯერ შეისწავლიდნენ ხატწერას და შემდეგ სახელოსნოშივე დაიწყებდნენ მოღვაწეობას. ეს სურვილი რამდენიმე კვირის წინ გავუზიარე სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს, მეუფე სვიმეონს, რომელიც დიდი ინტერესით შეხვდა ჩემს წინადადებას და გადავწყვიტეთ ხაშურის წმ.მარინეს სახელობის დედათა მონასტერში დავაარსოთ ხატწერის სკოლა სახელოსნო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება შეისწავლოს ხატწერა. ასევე შეუკვეთოს ხატები. სახელოსნო ივნისის დასაწყისიდან გაიხსნება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მონასტრის წინამძღვარს დედა იულიანას, რომელიც ყველანაირად მეხმარება და გვერდში მიდგას.

ამჟამად სად არის დაბრძანებული შენი დაწერილი ხატები?

ხაშურის წმ.ნიკოლოზის ტაძარში, ხაშურის წმ მარინეს ტაძარში და სხვა ბევრ ტაძარში. ასევე ბევრი ხატი აქვთ კერძო პირებს, რამდენიმე ნამუშევარი კი საქართველოს ფარგლებს გარეთაცაა.

რა რჩევას მისცემ მათ ვისაც სურს დაეუფლოს ხატწერას?

 ვურჩევ რომ ნამდვილად პროფესიონალი პედაგოგი მოძებნონ და მაქსიმალური დრო დაუთმონ ამ საქმის შესწავლას.

20.05.14

კომენტარები