ხაშურში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი აშენდება

   სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურში ზემო სერზე ისტორიული ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი აშენდება.

როგორც ჟურნალი ,,კარიბჭე“ აქვეყნებს მეუფე სვიმეონის განმარტებით, ისტორიული ტაძარი, რომელიც  საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო–კლარჯეთში მდებარეობს, აღდგება და დაუბრუნდება სურამ–ხაშურის ეპარქიასა და მთელ საქართველოს. ჩვენ ვგეგმავთ ხაშურის ერთ–ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას  აშენდეს და განახლდეს მისი იდენტური,  აღდგომის სახელობის ტაძარი, რომლის  მშენებლობაში ყველა ადამიანს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება.. 

 ეს იქნება სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც მრავალი შენობა გაერთიანდება, შესაძლებლობის ფარგლებში წარმოჩინდება კულტურული მემკვიდრეობა, ასევე გაიხსნება მცირე ზომის სამედიცინო კლინიკა, სადაც იმუშავებს სხვადასხვა პროფილის  სამედიცინო პერსონალი. აქვე იქნება ბიბლიოთეკა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა მრავალი. საჭიროა ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ უდიდესი სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ნავსაყუდელი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი ბედნიერი მომავლისა.

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKKაღნიშნულმა ფაქტმა საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ეს ისტორიული მოვლენაა. შეგახსენებთ, რომ ბანა იყო საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა ნაპირას. ამჟამად ის სოფელ ფენეკში მდებარეობს.

IX საუკუნის მეორე ნახევარში ბანა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ქართული სამთავროს, ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. XI საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანის სუმბატ დავითის ძის ცნობით: ადარნასემ, ქართველთა მეფის – დავით ბაგრატიონის ძემ ,,აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი – იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ“. წორედ ბანაში აკურთხეს მეფე ბაგრატ IV (1027-1072). 1032 წელს კი აქვე მან ჯვარი დაიწერა ბიზანტიის იმპერტორის – რომანოზ III არგიროსის  (1028-1034) ძმისწულზე ელენეზე.

XVI საუკუნის მეორე ნახევარში ბანა ტაო-კლარჯეთის სხვა მონასტერთა მსგავსად თურქ ხელისუფალთა ხელში მოექცა და ბოლო მოეღო გაცხოველებულ კულტურულ და ლიტერატურულ ცხოვრებას, ვინაიდან სწორედ აქ იყო ძველი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული და კულტურული ცენტრი. აქ მოღვაწეობდა თვალსაჩინო სწავლული ზაქარია ბანელი.

ბანას კათედრალის შესახებ პირველ ცნობები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, მან 1843 წელს ტაძარი დაუნგრეველი ნახა და აღფრთოვანებულმა აღნიშნა: ,,ჩემ მიერ ნანახთაგან ეს უეჭველად ულამაზესი და ყველაზე ამაღელვებელი მხატვრული ქმნილებაა მთელს აღმოსავლეთში, გარდა კონსტანტინოპოლისა“.

1877-1878  წლების რუსეთ-თურქეთის ომმა, ტაძარი საგრძნობლად დააზიანა. 1902 წელს როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა ეკლესია, იგი თითქმის სრულიად იყო დანგრეული.

და აი XXI საუკუნეში შესაძლებლობა გვეძლევა საქართველოში ავაშენოთ ჩვენი სულის და სამშობლოს ტაძარი.  ეს იქნება ბანა საქართველოს შუა გულში – ხაშურში, საიდანაც უნდა დაიწყოს ერის აღმშენებლობა და ახალი ეპოქა ქართული ეკლესიის სიწმიდეში და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.

ტაძრის ასაშენებლად შექმნილია შესაბამისი ანგარიში ,,საქართველოს ბანკში“ . ანგარიშის ნომერია: GE56BG0000000781425400

ერთად ავაშენოთ ტაძარი!

 

კომენტარები