ხაშურის ტენდერების კორუფციული წახნაგები

ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფცია” სოციალურ ქსელში საინტერესო კვლევას აქვეყნებს,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

,,ამჯერად ხაშურის მოსახლეობის ინფორმაციის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტმა მიიპყრო „შეაჩერე კორუფციის“ ყურადღება.
ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გადავაწყდით.
პირველ ეტაპზე გთავაზობთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის თემას.
1. 2015 წლის 24 ნოემბერს შპს „გურომ“ გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში და ხაშურის მუნიციპალიტეტთან დადო ხელშეკრულება დაბა სურამში მე-9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტზე. გამოყოფილი იყო 125, 399 ლარი.
უცნაური აქ თითქოს არაფრია, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, 2016 წლის 24 მაისს, შპს „იმგომ“ მიიღო იგივე პროექტი, ასევე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, შეფასებული 132, 749 ლარად.
შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ ამ კომპანიებმა სხვადასხვა ტიპის საქმიანობა აწარმოეს, მაგრამ დანართ ფოტობზე აღნიშნულია, როგორ მდგომარეობაში ჩაიბარეს კომპანიებმა „გურომ“ (1) და „იმგომ“ (2) სამუშაო.
გარწმუნებთ, რომ განსხვავებას ვერ აღმოაჩენთ.
მოგახსენებთ, რომ შპს „გუროს“ დირექტორი გახლავთ მალხაზ ფცქიალაძე, ხაშურის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის მეგობარი. ეს კომპანია ძალიან საინტერესოა, რადგან მას რვა ხელშეკრულება აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის წესით, აქედან ორი ერთ დღეში – 2015 წლის ნოემბრის სტიქიის შემდგომი რეაბილიტაციის პროექტებში.
2. 2015 წლის 17 ივლისს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შპს „კომფორტი XXI“-მა (დირექტორი დავით ღონღაძე) ხაშურის მუნიციპალიტეტთან დადო 81, 077 ლარის ხელშეკრულება ხაშურში, ხეთაგუროვის ქუჩაზე, #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის ივნისში, ბაღი #3 კვლავ დადგა დღის წესრიგში. ამჯერად ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „BREND STILE”-მა, გამოყოფილი იყო თანხა 209, 333 ლარი. საინტერესოა, რომ პირველი პროექტი ითვალისწინებდა ფასადის მოწესრიგებას, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ფოტოს, რომელიც დევს „BREND STILE”-ის სატენდერო მასალაში და თავად განსაზღვრეთ შენობის მდგომარეობა.
იხ. დანართი ფოტო (3)
3. 2015 წლის 17 ივლისს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შპს „კომფორტი XXI“-მა კიდევ ერთი ხელშეკრულება დადო ხაშურის მუნიციპალიტეტთან. ამჯერად თანხა შეადგენდა 305 000 ლარს. 2016 წლის ივნისში კი შპს „ამაგმა“ მიიღო 199,803 ლარის ღირებულების პროექტი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, იმავე სამუშაოების შესრულებაზე. ჩვენ, ასევე, გთავაზობთ ფოტოს, რომელიც დევს შპს „ამაგის“ სატენდერო მასალაში და ამჯერადაც თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ შენობის მდგომარეობა 305 000 ლარიანი რეაბილიტაციის შემდეგ.
იხ. დანართი ფოტო (4)
ასევე გთავაზობთ ექვსივე ხელშეკრულების ფოტოპირებს (დანართი ფოტოები: #5,6,7,8,9,10)
გაგრძელებას ხვალ შემოგთავაზებთ და ვისაუბრებთ სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების სარეაბილიტაციო პროექტების შესახებ, ასევე, იმის შესახებ, თუ გიორგი გურასპაშვილის რამდენი მეგობარი ბიზნესმენი აღმოჩნდა საარჩევნო სიაში”.

#1

#2

#3

#4

#5

 

 

 

წყარო:https://facebook.com/story.php?story_fbid=123058884976576&id=100906090525189

 

კომენტარები