ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა და შეშით მომარაგების საკითხები

6 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე მოწვეულები იყვნენ რეგიონული სატყეო სამმართველოს უფროსი დავით ჩალათაშვილი, ხაშურის სატყეო სამმართველოს უფროსი გელა კობალაძე, რომლებმაც საკრებულოს წევრებსა და მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის შეშით მომარაგების საკითხებზე. იმსჯელეს სოციალურ ჭრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, დარგის მძიმე მემკვიდრეობაზე, რომლის გამოსასწორებლად სამინისტრო ახალ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, იწყებს სანერგე მეურნეობების შერჩევას მათი განაშენიანება-მოვლის და, სამომავლოდ, ხე-ტყის დამზადების მიზნით. – საჭიროა დავიწყოთ ზრუნვა ალტერნატიულ საწვავზე და ინიციატივა წარვუდგინოთ ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს ხაშური საწვავის გარეშე აღმოჩნდება. – აღნიშნა გელა კობალაძემ.
საკრებულოს წევრებმა დასვეს საკითხი, რომ შეწყდეს სამერქნე შეშის გატანა მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, აიკრძალოს გაურკვეველ პირებზე ტყე-კაფების უკონტროლო გადაცემის და ხე-ტყით ხელის მოთბობის პრაქტიკა.
– ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის ზამთრის სეზონზე სერიოზული პრობლემაა გათბობა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, აქედანვე დავიჭიროთ თადარიგი, რომ მოსახლეობა არ დარჩეს საწვავის გარეშე. განსაკუთრებით შევუწყოთ ხელი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთრის გადატანაში. – აღნიშნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა.

წყარო: fb.com/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

კომენტარები