ხაშურის მერს 12 ნოემბერს აირჩევენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე განისაზღვრა, – არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ხაშურის მოქმედი გამგებელი,  პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი რამაზ ნოზაძე იბრძოლებენ.

კომენტარები