ხაშურის კულტურის სასახლის დიდი ისტორია და უკეთესი მომავლის გაუთავებელი მოლოდინი

   ცოტა ხნის წინ ხაშურის კულტურის სასახლეში  ქართველი ვარსკვლავების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელიც ეთერ კაკულიას დასახმარებლად სხვადასხვა დროს, რამდენიმე ქალაქში მოეწყო.

მომღერლების უკმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაყინულ კულისებში, ნახევრად დანგრეულ ოთახებში შეშის ღუმელთან ახლოს მჯდომნი ელოდნენ თავიანთ რიგს ასევე გაუმართავ სცენაზე გასასვლელად. მოუწესრიგებელ გარემოს დამსწრე აუდიტორიის უსაქციელობა და გაუმართლებელი ქმედებებიც დაემატა, რაც პარტერში ხდებოდა. სიცივე, საზოგადოების ასეთი სამარცხვინო ქმედება და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი გარემო დიდ სირცხვილთან ერთად დიდ სევდასაც გვგვრის, ვინაიდან ხელისუფლებას, საზოგადოებას დაავიწყდათ ოდესღაც როგორი ზეიმით გაიხსნა ხაშურის კულტურის სასახლე და როგორი ადმაინები იდგნენ ამ სცენაზე. ყოველივეს კი ,,ხაშური ნიუსი” ქართველი მწერლის, მურად მთვარელიძის ჩანაწერებიდან შემოგთავაზებთ.

,,30-იანი წლების დასაწყისში ხაშურში აღინიშნა ღირსშესანიშნავი მოვლენა  –  აშენდა რკინიგზელთა კულტურის სასახლე. 1932 წლის 24 ივლისს სასახლე გაიხსნა კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. არსებული თეატრის გასტროლები დაიწყო კ. კალაძის ,,როგორით”.

მაყურებელთა დარბაზი ყოველთვის სავსე იყო ხალხით. კოტე მარჯანიშვილი იმ ხანებში ცუდად გრძნობდა თავს და გასტროლების გახსნას არ დასწრებია. ჩამოვიდა შემდეგ და დასახლდა კულტურის სასახლის გვერდით მდებარე სახლში.

ადგილობრივმა ხელმძრვანელობამ გიორგი კალმახელიძის სახით თავიდანვე ტონი მისცა საზოგადოებას და გასტროლების გახსნის დღეს, წარმოდგენა ,,როგორის” დასასრულს მოაწყვეს ბანკეტი. გათენებისას ვასო გოძიაშვილი ავიდა კალანიკებზე (სცენის თავზე) მეზურნეთა დასით და წვეულების მონაწილეებს სიმღერით აუწყა აისის დადგომა. ამ დროს სცენის მემანქანემ – ბაგრატ მჭედლიშვილმა ჩართო მბრუნავი წრის ჩამრაზი და მბრუნავი წრე ტრიალებდა ბანკეტის მონაწილეებთან, უხვად გაწყობილ მაგიდასთან ერთად. მეზურნეებმა ქვიშხეთელი გიორგი კიკნაძის ხელმძღვანელობით დაუკრა ,,დილის საარი”, რაც მაუწყებელი იყო წვეულების დასასრულის”.
მას შემდეგ რკინიგზის კულტურის სასახლეს ვისთვის არ უმასპინძლია, ერის რომელი რჩეული არ მდგარა ამ სცენაზე. აი, თუნდაც ერთი: 1948 წელს საქართველოში აღინიშნა ნატო ვაჩნაძის მოღვაწეობის 25 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით ლეგენდარული მსახიობი ხაშურში მიიწვიეს და რკინიგზის კულტურის სასახლეში დიდი საღამო გაუმართეს. ნატო მსახიობთა დიდი ამალით ჩამოვიდა. ეცვა თავისი ცნობილი იასამნისფერი კაბა. იყო მილოცვები, მისალმებები, ნატო სიყვარულს და სიკეთეს აფრქვევდა. და აი, სცენაზე ავარდა მაშინ V კლასის მოსწავლე მზია ნადირაძე და საოცრად შთამბეჭდავად მიესალმა დიდ მსახიობს, ხოლო ნონკო ჩიჩუამ იცეკვა “ლეკური”. საღამო დამთავრდა, მაგრამ ხალხი მაინც არ იშლებოდა.

კიდევ ერთი საინტერესო ცნობა: “1944 წელს რესპუბლიკის ხელოვნების სამმართველომ პეტრე გრუზინსკი ხაშურის ახლადჩამოყალიბებულ ახალგაზრდა თეატრში მოავლინა მხატვრულ ხელმძღვანელად. და მთავარ რეჟისორად, რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი და სულ მოკლე ხანში თეატრი ფეხზე დააყენა (“წიგნის სამყარო”, 1986 წ.).

თემურ ჩხეიძე: “ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი თეატრის ისტორია თქვენს ქალაქთან. თუნდაც ოცდაათიანი წლები ავიღოთ, როდესაც ორი წელი თეატრს (იგულისხმება კ. მარჯანიშვილის თეატრი) ხაშურში ჰქონდა ბინა დადებული.

თამაზ ლაცაბიძე: ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ხაშურის თეატრალურ ცხოვრებაში 1932 წელს თბილისის მე-2 სახელმწიფო თეატრის გასტროლები კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. მათი უშუალო მონაწილეობით გაიხსნა ახლადაგებული რკინიგზის კულტურის სასახლე, რომელშიც თეატრის მიერ ნაჩვენები იქნა ისეთი საეტაპო სპექტაკლები, როგორებიც თავის დროზე იყო ,,ურიელ აკოსტა”, ,,ყვარყვარე თუთაბერი”, ,,შიში”,
,,როგორ” და სხვა. სცენაზე გამოდიოდნენ უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და სხვები. კოტე მარჯანიშვილმა გასტროლების პერიოდში ხაშურელებს ორი ახალი სპექტაკლის პრემიერაც უჩვენა.”

კომენტარები