ხაშურის ბიბლიოთეკის უარი სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას

   როდესაც ქვეყანა მოიცვა უდიდესმა ტკივილმა და სევდამ, როდესაც ერი, თუ ბერი გაერთიანდა დიდი ტკივილის გადასალახად, ამ დროს გაჩნდა ახალგაზრდული იდეა და ამ იდეის სათავეშივე ჩაკვლის მცდელობა.

  ხაშურის ახალგაზრდულ თვითმმართველობას გაუჩნდა ინიციატივა დახმარებოდა თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაზარალებულებს და ამისთვის განცხადებაც გაკეთდა – ,,ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის და ხაშურელ მოხალისეთა კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით იწყება საქველმოქმედო აქცია თბილისში, მდინარე ვერეს უეცარი მოვარდნის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ დაზარალებულთა დახმარებაში.
საყოფაცხოვრებო ნივთები, პირველადი მოხმარების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ნივთები, ტანისამოსი და ა.შ. ნებისმიერი რამ, რასაც დაზარალებული ოჯახები გამოიყენებენ
შეგიძლიათ მოიტანოთ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ძნელაძის ქ. #10, პირველი სართული”

 როგორც აღმოჩნდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად უარი განუცხადა ახალგაზრდებს მათ შენობაში შეეგროვებინათ საჭირო პროდუქტი, თუ ნივთები. მიზეზი მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა ვინაიდან თავად ბიბლიოთეკის დირექტორმა შესთავაზა მათ ეს ადგილი.

 ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრი გიორგი ჩუბინიძე საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე წერს: ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ სამწუხაროდ უარი თქვა თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის იქ შეგვეგროვებინა პროდუქტები და ყოველგვარი საჭირო ინვენტარი. მიზეზები, უცნობია, რადგან მათგან იყო შემოთავაზება…

P.S. მადლობა ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილს, ნაწილს კი არც კი ვიცი რა ვუთხრა, სიტყვებს ვერ ვპოულობ… “-ნათქვამია განცხადებაში.

 იმ ფაქტზე, რომ ასეთ კრიტიკულ დროს მსგავსი კამათის დრო ნამდვილად არაა არავინ დაობს, მაგრამ უმიზეზო უარი ყველანაირად გაუმართლებელი უნდა იყოს.

 უკმაყოფილო პოსტებს შევხვდით ხაშურის გვერდებზეც, სადაც ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის” ,,ფეისბუქ” გვერდის და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ზურაბ ჩხიტუნიძის კომენტარებია, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხაშურის მუნიციპალიტეტი: ,,ვფიქრობთ, ახლა კონფლიქტის არც დრო და არც ადგილი არ არის. თუმცა, ბიბლიოთეკისგან არც თანხმობა მიუღია არავის და არც უარი, როგორც ზემოთ მოხმობილ პოსტში სრულიად დაუსაბუთებლად წერია. საერთოდაც, ბიბლიოთეკისთვის თანხმობისთვის არავის მიუმართავს. ჩვენ ამ თემას მეტად აღარ შევეხებით, რადგან მეტი კომენტარი უადგილოდ მიგვაჩნია. აქვე გაცნობებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა 14 ივნისის, სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების სპეციალური შტაბი, რომელიც შეაგროვებს პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს.
შტაბი მოქმედებს 15 ივნისს, 9 საათიდან.
დახმარების მსურველები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მუნიციპალიტეტში ტელეფონებზე: 558414441; 577951784; 599927145″

ზურა ჩხიტუნიძე: ,,ასეთ დროს იმაზე საუბარი, თითქოს ადგილი არ გვაქვს სირცხვილი ხომ არაა? ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაანონსა რომ შტაბი შექმნილია ჩვენთან . ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი თბილისის მერიასთან. არაა საჭირო სხვადასხვა ადგილზე შტაბების შექმნა, ამას ერთიანი კოორდინაცია უნდა და გამგეობას აქვს ამის შესაძლებლობა”.

ამ კომენტარების საპასუხოდ ვხვდებით ხაშურის ,,ფეისბუქ” გვერდის ადმინისტრაციის კომენტარს: ,,მუნიციპალიტეტის ადმინ და ბატონო ზურაბ, ასეთ დროს უარი შეიძლებოდა, როცა თავად შემოგვთავაზა ქალბატონმა მაკამ? და ახლა ამტკიცებთ, რომ არავის მიუმართავს? ჯერ კარგად გაარკვიეთ და დაფიქრდით რას წერთ”.

მიუხედავად ყველაფრისა ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა შეუერთდა სურამისა და ხაშურის ეპარქიის ანალოგიურს საქველმოქმედო აქციას და ხაშურის მკვიდრმა ნებისმიერმა მსურველმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის საჭირო ნივთები და პროდუქტი შეუძლია მიიტანოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში.

კომენტარები