ხაშურელი მოხალისეები ალის ციხის ისტორიის გასაცოცხლებლად

   არაერთხელ დაგვიწერია ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამედროვეობის კრიტიკა, არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება ხაშურის ტურისტულ პოტენციალზე და მრავალჯერ წარმოგვიჩენია ნგრევის პირას მისული ხაშურის კულტურული მემკვიდრეობა.

   ამჯერად საზოგადოების ყურადღება მცხეთიჯვრის, იგივე ალის ციხეს უნდა მივაპყროთ, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას, ჭერათხევის ხეობაში მდებარეობს და უძველესი სამხედრო მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი იყო.

   ,,ალს ზეით არს, ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა“– წერს ვახუშტი ბაგრატიონი. მაშასადამე მცხეთიჯვრის ციხე ისტორიულ ლიტერატურაში ალის ციხედაა ცნობილი და ის ფეოდალური ხანის სამეფო ციხესიმაგრე გახლავთ. ციხე ჩრდილოეთიდან იცავდა ქალაქ ალს, რომელიც ამჟამად სოფელი ალია. ციხის გარშემო უძველესი ნასახლარების კვალია, აღმოჩენილია მარნები, სათონეები და სხვა.

   30 მაისს, ხაშურელმა მოხალისეებმა, ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან გადაწყვიტეს ალის ციხისადმი მეტი ყურადღების გამოსაჩენად საქართველოს დროშა აღემართად და ამით საფუძველი ჩაეყარათ ციხისადმი საყოველთაო ინტერესისთვის. გარდა ამისა ჭერათხევის ხეობის ისტორიული წარსულის შესწავლა, იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა უმნიშვნელოვანესი საკითხია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის. როგორც მოხალისეები აცხადებენ მათი მიზანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორიული წარსულის სრულიად საქართველოსთვის ჩვენება და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების გამახვილებაა.

   საქართველოს მოხალისეები ხაშურიდან გეგმავენ მოაწყონ დასუფთავების აქციაც და შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლონ, რომლებიც შეძლებენ გაწმინდონ ტერიტორია, ამოძირკვონ ციხეზე ამოსული ბუჩქნარი და შეძლებისდაგვარად მოხდეს ციხის რესტავრაცია და დროშაც უფრო მდგრადად და ამაყად იყოს აღმართული ჭერათხევის ხეობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში.

11358802_663961933739127_605176238_n 11329687_663959657072688_504037005_n 11297848_663959913739329_48660538_n

კომენტარები