წმიდა დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა წმიდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისთავს. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტი და კულტურათაშორისი დიალოგის ასოციაცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი), ქართველი მეცნიერები, ხაშურის მუნიციპალიტეტის მუზეუმის და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები: თამაზ ლაცაბიძე, მურად მთვარელიძე, გივი გელაშვილი. აგრეთვე დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მან მოკლედ დაახასიათა დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი როგორც დიდი ეროვნული მოღვაწისა, როგორც ქართველობისა და საქართველოს გადარჩენისათვის მუხლჩაუხრელი მებრძოლისა, რომლის მოწამეობრივი ღვაწლი სწორად შეაფასა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის თავმჯდომარეობით 2007 წელს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი პატივს მიაგებს დიდ ქართველ მამულიშვილს და გამოხატავს უდიდეს მოკრძალებას და პატივისცემას მისი ღვაწლის მიმართ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა. მეუფემ ყურადღება გაამახვილა დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს წმიდანის ღვაწლს.

კონფერენციის მონაწილეებს მადლობა მოახსენა დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა ქალბატონმა თამარ მიქაძემ.

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა ხაშურის რაიონის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა ბატონმა თამაზ ლაცაბიძემ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დეკანოზმა მალხაზ ყიფიანმა, რომელიც თბილისში, სვანეთის უბნის ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აშენებს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარს.

კომენტარები